პროლოგი მე ვიხილე ფოლადის გულის სისხლი.
ეს მოხდა ათი წლის წინ. მაშინ რვა წლის გახლდით, მე და მამა ადამს-სტრიტზე პირველ საკავშირო ბანკში ვიმყოფებოდით. მაშინ, ანექსიამდე, ქუჩებს ჯერ კიდევ ძველი დასახელებებით მოვიხსენიებდით.
ბანკის შენობა წარმოუდგენლად დიდი იყო: უზარმაზარი დარბაზი თეთრი კოლონებით და მოზაიკური ფილებით მოპირკეთებული იატაკითა და ფართო კარით უკანა მხარეს, საიდანაც გზა შენობის სიღრმეში ეშვებოდა. ქუჩაში ორი დიდრონი მბრუნავი კარი გადიოდა, რომელთა ორივე მხარესაც სტანდარტული კარები ჩაედგათ. ბანკში კაცები და ქალები ფართო ნაკადად შედიოდნენ და გამოდიოდნენ. ეს შენობა წააგავდა უშველებელი მხეცის გულს, რომელიც სისხლის ნაცვლად ადამიანებისა და ფულის მოძრაობას უზრუნველყოფდა.
მუხლებით შევდექი სკამზე, რომელიც ჩემთვის ზედმეტად დიდი იყო და ხალხის ნაკადს დავაკვირდი. მიყვარდა მათზე დაკვირვება: განსხვავებული სახეები, ვარცხნილობები, ტანსაცმელი და გამომეტყველება. მაშინ ყველანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები მეჩვენებოდნენ და ეს აღმაფრთოვანებდა.
– დევიდ, თუ შეიძლება შემობრუნდი, – მითხრა მამამ მშვიდი ხმით. მუდამ ასე ლაპარაკობდა. გამონაკლისი დედას გასვენება იყო. მამაჩემის იმდროინდელი აგონიის გახსენებაზე ტანში მუდამ ჟრუანტელი მივლიდა.
დაღვრემილი შემოვბრუნდი. ვისხედით ბანკის მთავარი დარბაზის კედლის გაყოლებაზე მდებარე ერთ-ერთ კვადრატული ფორმის კაბინეტში, რომელიც შუშის კედლების გამო კიდევ უფრო დიდი მეჩვენებოდა. აქ საკრედიტო ოფიცრები მუშაობდნენ. ვხედავდი კედელზე დაკიდებულ ხისჩარჩოიან სამ ფოტოს, რომლებზეც ბანკის თანამშრომლის ოჯახის წევრები იყვნენ გამოსახული. ჩემ წინ, მერხზე, იაფფასიანი ტკბილეულით სავსე შუშის ჯამი იდგა, დოკუმენტების კარადის თავზე კი ლარნაკი – პლასტმასის ყვავილებით.
იქმნებოდა სიმყუდროვის იმიტაცია. ჩვენ წინ მჯდომ კაცსაც სახეზე იმიტირებული ღიმილი დასთამაშებდა.
– მეტი ქონების დატვირთვა რომ შეგძლებოდათ... – თქვა საკრედიტო ოფიცერმა და კბილები გამოაჩინა.
– რაც გამაჩნია ყველაფერი აქ არის, – უთხრა მამაჩემმა და ჩვენ წინ მერხზე დაწყობილ ფურცლებზე მიანიშნა. ხელები ბებერებით ჰქონდა დაფარული, კანი კი მზის გულზე ხანგრძლივად მუშაობის შედეგად გარუჯოდა. დედა ნამდვილად გაგიჟდებოდა, რომ ენახა, თუ როგორი ჩაცმული იჯდა მამა ასეთ დიდებულ დაწესებულებაში – ჯინსის სამუშაო შარვლითა და ძველი, უბრალო მაისურით, რომელზეც რომელიღაც კომიქსის პერსონაჟი იყო გამოსახული.
კიდევ კარგი, შეთხელებული თმა მაინც დაევარცხნა. თმის ცვენა დიდად არ აწუხებდა. ყოველ შემთხვევაში, ისე, როგორც სხვა კაცებს.
– ეგ არაფერი, დეივ. სამაგიეროდ, თმის შეჭრა უფრო იშვიათად მომიწევს, – მითხრა ერთხელ და თხელ თმაზე ხელი გადაისვა. თუმცა, თმის შეჭრა მაინც იმავე სიხშირით მოუწევდა, როგორც მანამდე – იქამდე მაინც, სანამ თმა ბოლომდე არ გასცვივდებოდა.
– უბრალოდ, არა მგონია, რამე გამოვიდეს, – უთხრა საკრედიტო ოფიცერმა, – გაფრთხილებულიც იყავით.
– იმ კაცმა კი მითხრა, რომ მოხერხდებოდა, – მიუგო მამამ და მაგიდაზე დიდრონი ხელები დაალაგა. ძალიან, ძალიან შეშფოთებული ჩანდა.
საკრედიტო ოფიცერი კვლავ იღიმოდა და მერხზე საბუთების დასტას ასწორებდა.
– ახლა მსოფლიო ბევრად უფრო სახიფათო ადგილია, მისტერ ჩარლსტონ. ბანკმა გადაწყვიტა, რომ გარისკვა არ ღირს.
– სახიფათო? – ჰკითხა მამამ.
– ნუ, ხომ იცით... ეპიკები...
– ისინი სახიფათონი არ არიან, – ენთუზიაზმით შესძახა მამამ. – ეპიკები აქ ჩვენ დასახმარებლად არიან.
ოღონდ ხელახლა არ დაიწყო, – გავიფიქრე.
საკრედიტო ოფიცრის ღიმილი ნელ-ნელა გაუფერულდა. თითქოს მამაჩემის ტონს დაეფრთხო.
– განა ვერ ხედავთ? – თქვა მამამ და წინ გადაიხარა. – ეს სახიფათო დრო სულაც არ არის. ჩვენ დიდებულ ეპოქაში ვცხოვრობთ!
საკრედიტო ოფიცერმა თავი გადახარა.
– თქვენი წინა სახლი ეპიკმა არ გაანადგურა?
– იქ, სადაც არსებობენ ბოროტმოქმედები, აუცილებლად გამოჩნდებიან გმირებიც, – უპასუხა მამამ. – უბრალოდ, დაიცადეთ. ისინი აუცილებლად მოვლენ.
მე მჯეროდა მისი. მაშინ ბევრი ადამიანი ფიქრობდა ასე. ცაზე განსაცდელი ორი წლის წინ გამოჩნდა. ერთი წლის შემდეგ კი ჩვეულებრივი ადამიანები ნელ-ნელა გარდაისახნენ და ეპიკებად – ზღაპრული სუპერგმირების მსგავს არსებებად – გადაიქცნენ.
მაშინ ჯერ ისევ იმედიანები ვიყავით. იმედიანები და უმეცრები.
– ნუ, – თქვა საკრედიტო ოფიცერმა და ხელები დააწყო ჩარჩოში ჩასმული ფოტოს წინ, რომელზეც მოღიმარი ბავშვები იყვნენ გამოსახულნი. – სამწუხაროდ, ჩვენმა შემფასებლებმა თქვენი მოსაზრებები არ გაიზიარეს. ახლა თქვენ უნდა...
საუბარს განაგრძობდნენ, მაგრამ მე მათ აღარ ვუსმენდი. სკამზე მუხლებით შევდექი და კვლავ ბრბოს თვალიერება დავიწყე. მამა იმდენად იყო ბანკის თანამშრომელთან კამათით გართული, რომ შენიშვნის მოცემისთვის აღარ ეცალა.
სწორედ ამ მომენტში შევნიშნე ეპიკი, რომელიც ბანკში შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, როგორც ყოველთვის, ის დანარჩენი ადამიანებისგან ახლაც გამოვარჩიე. ირწმუნებოდნენ, რომ გარეგნულად, სანამ საკუთარ ძალებს არ