პროლოგი მარში თავის მოკვლას ცდილობდა.
აკანკალებული ხელით ჯახირობდა, რათა საკმარისი ძალა მოეკრიბა, ზურგში გაყრილი შუბი გამოეძრო და კოშმარული სიცოცხლე დაესრულებინა. თავის გათავისუფლებაზე ხელი აეღო. სამი წელი. მსჯავრმდებლობის სამი წელი. სამი წელი ფიქრების ტყვეობაში. ამ სამ წელს დაემტკიცებინა, რომ გასაქცევი არსად ჰქონდა. ახლაც კი გონებაზე ბინდი გადაჰკვროდა.
შემდეგ კი, უცებ, მან აიღო მართვის სადავე. თითქოს ირგვლივ სამყარომ რყევა დაიწყო; უეცრად გონება გაუნათდა. რისთვის წვალობდა? რისთვის ღელავდა? ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.
ნაბიჯი წინ წადგა. მართალია, ჩვეულებრივი ადამიანივით ვეღარ ხედავდა – ბოლოს და ბოლოს, თვალებში ხომ წვეტებით ჰქონდა გაყრილი შუბები – თუმცა, ირგვლივ ოთახს სხვანაირად გრძნობდა. შუბები კეფაზე გამოსჩროდა: თუ ხელს მოიკიდებდა, მათ წვეტებს გრძნობდა. სისხლი არსად იყო.
შუბები იყო მისი ძალა. გარშემო ყველაფერს ალომანტური ლურჯი ხაზები მოვლებოდა, რაც მარშის სამყაროს ფორმას აძლევდა. მოკრძალებული ზომის ოთახში ირგვლივ ეხვია რამდენიმე კომპანიონი, რომლებიც ასევე ლურჯი ხაზებით იკვეთებოდნენ. ალომანტური ხაზები თვით მათ სისხლში შერეულ ლითონსაც კი უჩვენებდა. ისინი მარშთან ერთად იდგნენ. ყოველ მათგანს თვალებში შუბები ჰქონდა გარჭობილი.
– გევედრებით, – წაიჩურჩულა აკანკალებულმა ტყვემ. საშინელი აღსასრულის პირისპირ ტერისელი მხლებელიც კი გატყდებოდა. კაცი სუსტად ეწინააღმდეგებოდათ. მეტისმეტად მოუხერხებელი პოზა ჰქონდა: მაგიდაზე, მეორე ადამიანის თავზე იყო დაბმული. მაგიდა სწორედ ასეთი რამისთვის შეექმნათ: ჩაღრმავებებით, რომ ქვემოთ მეორე სხეულის ადგილი დარჩენილიყო.
– რა გინდათ? – იკითხა ტერისელმა, – სინოდზე მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია!
მარშმა თითით მოსინჯა ბრინჯაოს შუბის წვერი: საქმეს უნდა შესდგომოდა, მაგრამ შედგა, კაცის ხმაში აღბეჭდილი ტკივილითა და სასოწარკვეთით რომ დამტკბარიყო. შედგა, რათა შესძლებოდა...
მარშმა თავისი გონების კონტროლის სადავეები ჩაბღუჯა. ოთახში დამდგარმა სუნმა სიტკბო დაკარგა და, ამის მაგივრად, კაცს სისხლისა და სიკვდილის მყრალი სუნი ეცა. სიხარული ძრწოლად ექცა. მისი ტყვე ტერისელი დამცველი გახლდათ – კაცი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება სხვათა სიკეთისთვის გაეწირა. მისი მოკვლა მხოლოდ დანაშაული კი არა, ტრაგედიაც იქნებოდა. მარშმა საკუთარ თავზე გავლენის მოპოვება სცადა, შეეცადა, ხელი ეიძულებინა, ზურგის მიმართულებით წასულიყო და შუბის ჭილიბისთვის მოექაჩა – მისი გამოძრობა მარშის სიცოცხლეს დაასრულებდა.
და მაინც, ის მეტისმეტად ძლიერი იყო. ეს ძალა. როგორღაც, მას მარშის კონტროლი შეეძლო – მას სჭირდებოდა, მარში და სხვა მსჯავრმდებლები მის ხელებად ქცეულიყვნენ. ის თავისუფალი იყო: მარში ამის გამო მის ზეიმს გრძნობდა – თუმცა, სამყაროზე ზეგავლენის ბოლომდე გავრცელებაში რაღაც უშლიდა ხელს. ეწინააღმდეგებოდა. რაღაც ძალა, რომელიც ფარივით გადაჰფარებოდა მიწას.
ის ჯერ მზად არ იყო. მეტი სჭირდებოდა. რაღაც სხვა... რაღაც ფარული. და მარში ამ რაღაცას იპოვიდა და თავის ბატონს მოუტანდა. იმ ბატონს, ვინმა რომ გაათავისუფლა. იმ არსებას, აღზევების წყაროში რომ იყო დატყვევებული.
ის საკუთარ თავს ნგრევას უწოდებდა.
მარშმა ტყვის ტირილზე გაიღიმა, ნაბიჯი წინ წადგა, შუბი ასწია და აკანკალებულ კაცს მკერდზე მიაბჯინა. შუბს კაცის სხეული უნდა გაეხვრიტა, გულში გაევლო და მერე მის ქვეშ მოქცეულ მსჯავრმდებელს ჩარჭობოდა სხეულში. ჰემალურგია ბინძური ხელოვნება გახლდათ.
სწორედ ამიტომ, ის კარგი გასართობი იყო. მარშმა ფილთაქვა მოიმარჯვა და ნაყვას შეუდგა.
ჯორდან სანდერსონს,
რომელსაც შეუძლია, ნებისმიერს აუხსნას, როგორია ისეთი ძმის ყოლა, რომელიც მთელ დროს ოცნებაში ატარებს. (მადლობა, რომ მიტან)