შესავალი ჰემალურგიული სამსჭვალები ადამიანს ფიზიკურ შესახედაობას უცვლის, გააჩნია, რომელ ძალას იღებს იგი, სად მდებარეობს სამსჭვალი და რამდენი სამსჭვალია სხეულში. მაგალითად, მსჯავრმდებლებს ძირეული ცვლილებები ემჩნევათ და ადამიანურობისა აღარაფერი სცხიათ. მათი გული გადაადგილებულია, ხოლო ტვინი თვალებში შეყვანილი შუბების შესათავსებლად ადგილმდებარეობას იცვლის. კოლოსები ფიზიკური გარდაქმნის კიდევ უფრო რადიკალურ პროცესს განიცდიან.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ კანდრები ყველაზე ნაკლებად ჰგვანან ადამიანებს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ კანდრა არა ადამიანისგან, არამედ ნისლანდისგან ყალიბდება. კანდრას სამსჭვალები მხოლოდ მცირედით უცვლის გარეგნობას, იგი საბოლოო ჯამში ნისლანდად რჩება, მხოლოდ გონებრივი შესაძლებლობები ემატება. ბედის ირონიით, კანდრას სამსჭვალები ადამიანობას ჰმატებს, მაშინ, როცა კოლოსს პირიქით – ადამიანობას უკარგავს.
41
– ხედავ, ბრიზ? – გატაცებით ამბობდა სეიზდი, – ამას ხილულობას, ესე იგი, ლეგენდის რეალურ ცხოვრებაში ხორცშესხმას ვუწოდებთ. ხალხს ჰათსინს გადარჩენილისა სწამდა, ამიტომ გაჭირვების ჟამს ახალი გადარჩენილი მოიგონეს.
ბრიზს თვალები ლამის შუბლზე აუვიდა. სამივენი ბაზრის მოედანზე შეკრებილი, მოქალაქის მომლოდინე ბრბოს უკანა რიგებში იდგნენ.
– საინტერესო ფენომენია, – ენთუზიაზმით განაგრძო სეიზდმა, – ვერასოდეს განვჭვრეტდი, რომ გადარჩენილის ლეგენდა ასე მოიკიდებდა ფეხს. შეიძლება ითქვას, კელსიერის გაღმერთება თავისთავად გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ რახან კელსიერი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მის თაყვანისმცემლებს სხვა ადამიანები აჰყავთ მაღალ სტატუსამდე.
ბრიზი უგულისყუროდ დაეთანხმა. ალრიანს ცხვირი ჩამოეშვა, რადგან იძულებული იყო, სკაას ულაზათო ტანსაცმელი ეტარებინა.
სეიზდმა წყვილის გულგრილობა არაფრად ჩააგდო.
– ნეტავ, ეს ყველაფერი რით დასრულდება? ვფიქრობ, აქაური ხალხისთვის გადარჩენილთა წყება იარსებებს, რამაც შესაძლოა, ჭეშმარიტად მტკიცე რელიგიას ჩაუყაროს საფუძველი, რომელიც საკუთარ თავს მორწმუნეთა საჭიროებების მიხედვით გარდაქმნის. რა თქმა უნდა, ახალ გადარჩენილებს ახალი, სხვადასხვანაირად მოაზროვნე ლიდერები მოჰყვება. მართლდიდების მოქადაგე მღვდლების უწყვეტი ჯაჭვი ადგილს გადარჩენილებს დაუთმობს; თითოეული მათგანი წინამორბედისგან განსხვავებული გზით დაიმკვიდრებს თავს. სავარაუდოდ, ეს მორწმუნეებს შორის პატარ-პატარა დაჯგუფებებსა და განხეთქილების კერებს წარმოშობს.
– სეიზდ, რა გჭირს, რელიგიების კოლექციას აგროვებ? – ჰკითხა ბრიზმა.
– არა, – ფიქრიანად მიუგო სეიზდმა, – უბრალოდ, თეორიას ვაყალიბებ.
ბრიზმა სკეპტიკურად ასწია წარბი.
– გარდა ამისა, ჩემი თეორია, დიდი ალბათობით, ახლანდელ მისიას უკავშირდება. თუ ახალი გადარჩენილი ნამდვილად არსებობს, შეიძლება, ქველიონის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმაროს.
– ანდა, – ჩაურთო ალრიანმა, – ქველიონის ჩამოგდების შემდეგ ქალაქის ლიდერობაში შეგვეცილოს.
– მართალი ხარ, – აღიარა სეიზდმა, – სხვა თუ არაფერი, ვერ ვხვდები, რა გაწუწუნებს, ბრიზ. შენ არ მითხარი, რელიგიებით ხელახლა დაინტერესდიო?
– ეგ მანამ გითხარი, სანამ მეცოდინებოდა, რომ მთელი საღამო, მეორე დილის ჩათვლით, რელიგიებზე ენას არ გააჩერებდი. ჰო, მართლა, ქველიონი სად დაიკარგა? ვაი, მაგის ბრალი, თუ სიკვდილით დასჯამ სადილი გამომატოვებინა.
სიკვდილით დასჯა. ახალი რელიგიის პერსპექტივაზე მსჯელობით გართულ სეიზდს ლამის დაავიწყდა, რისთვის მოვიდნენ ბაზრის მოედანზე. ენთუზიაზმი დაუცხრა და მიხვდა, რატომ იყო ბრიზი ყურებჩამოყრილი. ქველიონის დასჯილ უდანაშაულო ხალხზე დარდი უფრო კაცის მშფოთვარე მზერაში გამოიხატა, ვიდრე სიტყვებში.
– აგერ, – ალრიანმა მოედნის ბოლოსკენ გაიშვირა თითი.
ბრბოს მღელვარე ტალღამ გადაუარა, რადგან გამოჩნდა მოქალაქე, ღია ცისფერი უნიფორმით. ეს ახლახან „მოწონებული“ ფერი იყო, რომლის ტარების უფლება მხოლოდ მას ჰქონდა. ქველიონის მრჩევლებს კვლავ წითელი ეცვათ.
– ძლივს, – თქვა ბრიზმა და მოქალაქის გარშემო შეკრებილ ხალხს მიჰყვა.
სეიზდი ოდნავ ჩამორჩა, ფეხები უკან ეწეოდა. გულში ინატრა, მოსახდენის თავიდან ასაცილებლად ჯარი მყავდესო, მაგრამ ძალისმიერი ჩარევა უგუნური აზრი იყო. მოვლენებში ჩარევა ქალაქის ხსნის შესაძლებლობებს შეამცირებდა. სეიზდმა ამოიოხრა და ბრიზს, ალრიანსა და დანარჩენებს აუწყო ფეხი. მკვლელობის საკუთარი თვალით ხილვამ აიძულა, თეოლოგიური კვლევა დროებით თავიდან ამოეგდო და ურტოში გადაუდებელ საქმეზე გადართულიყო.
– უნდა მოკლა, – თქვა კელსიერმა.
სახვევჩამოფხატული სპუკი ურტოს მდიდრული კვარტალის ერთ-ერთი ნაგებობის სახურავზე იჯდა. ქვევით მოქალაქის პროცესია ახლოვდებოდა. სპუკმა სიკვდილით დასჯის ადგილის წინასწარ გაგებას ლუთადელიდან წამოღებული ბოლო მონეტები შეალია სათანადო პოზიციის დასაკავებლად.
უბედური დამნაშავეები კარგად ჩანდნენ. მათ უმეტესობას ფრენსონის დასავით დიდგვაროვნული ნათესაობა გამოუქექეს, ხოლო სხვები მხოლოდ კეთილშობილურ სისხლის მქონეთა მეუღლეები იყვნენ. სპუკმა იცოდა, რომ დამნაშავე ხელოსანმა ქველიონი მეტისმეტად ხმამაღლა გააკრიტიკა, თანაც მისი დიდგვაროვნობასთან კავშირი ნათელი იყო; თავის დროზე იგი კეთილშობილ კლიენტებს ემსახურებოდა.
– ვიცი, არ გეხალისება, – უთხრა კელსიერმა, – მაგრამ პანიკის დრო არაა.
სპუკი თავს მხნედ გრძნობდა. კალტყვიამ აქამდე წარმოუდგენელი უძლეველობის განცდა აჩუქა. ექვსი დღის უძილობას ოდნავადაც არ უმოქმედია. კაცის წონასწორობისა ნებისმიერ კატას შეშურდებოდა და არც არავის ჰქონდა მასზე მძლავრი კუნთები.
და მაინც,