თავი 1 ეკრანზე არასოდეს გამოვჩენილვარ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ფილმებზე გავიზარდე. ხუთი წლის რომ გავხდი, დაბადების დღეზე რუდოლფ ვალენტინოც კი მწვევია - ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეუბნებოდნენ. ამით მინდა ვთქვა, რომ იმ დროსაც კი, როცა ჭკუა დიდად არ მომეკითხებოდა, კინემატოგრაფიასთან დაახლოებული ვიყავი.
ერთ დროს „პროდიუსერის ქალიშვილის მემუარების“ დაწერაზე ვფიქრობდი, მაგრამ თვრამეტი წლის ასაკში ასეთი რამისთვის თავის მობმა არც ისე ადვილია. ჩემი ნაწერი ისეთივე მშრალი და არაფრისმთქმელი იქნებოდა, როგორც ძველი საგაზეთო სტატია ლოლი პერსონსის შესახებ. მამაჩემი კინოს ბიზნესში ისევე აკეთებდა ფულს, როგორც სხვისი მამები - ბამბის ან ფოლადის წარმოებაში, რაც დიდად არ მაღელვებდა. ჩემთვის ჰოლივუდი მდუმარე მოჩვენებათა სამყოფელი იყო, სადაც მეც მიწევდა ცხოვრება. ვიცოდი, რომ კინობიზნესით ბევრი ადამიანი იყო აღშფოთებული, თუმცა ჩემში ეს გრძნობა არა და არ იღვიძებდა.
თქმა ადვილია, ხალხისთვის გაგებინება კი - ძნელი. ბენინგტონში სწავლისას, ლიტერატურის ზოგიერთი მასწავლებელი სრულ გულგრილობას იჩენდა ჰოლივუდისა და მისი პროდუქციის მიმართ, თუმცა სინამდვილეში ძალიან სძულდათ, რადგან ფიქრობდნენ, ჩვენი არსებობისთვის საფრთხეს წარმოადგენსო. უფრო ადრეც, როდესაც მონასტერში ვსწავლობდი, ერთი პატარა ტანის, საყვარელი მონაზონი მომიახლოვდა და მთხოვა, ფილმის სცენარის - ტექსტი მიმეცა, რათა თავისი კლასისთვის ესწავლებინა, როგორ იწერება კინოსცენარი. ესეისა და თხზულების წერაზე უკვე ჩატარებული ჰქონდა გაკვეთილები. თხოვნა შევუსრულე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თავი დიდხანს იმტვრია, თუმცა კლასში სიტყვაც არ დასცდენია სცენარის შესახებ, ბოლოს კი დამიბრუნა, გულისწყრომით ამოიოხრა და არც კომენტარი გაუკეთებია. სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში მოველოდი კიდეც ამას.
შეგიძლიათ, ჰოლივუდისადმი ჩემნაირად განეწყოთ, ან კიდევ იმ სიძულვილით შეიძულოთ, რომელიც, ჩვეულებრივ, იმ დროს გვეუფლება, როცა რაღაც არ გვესმის და ვერ ვაცნობიერებთ; გაგება კი მხოლოდ ზედაპირულად თუ შეიძლება. ძნელად მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც კინოხელოვნების საიდუმლოს თავიდან ბოლომდე გაისიგრძეგანებს, ხოლო ჩემი, როგორც ამ სფეროსთან დაახლოებული ქალის მხრიდან, ამ ყველაფრის გაგება უფრო ადვილია.
მე ვიცოდი, როგორია თვითმფრინავიდან დანახული სამყარო. კოლეჯიდან და სკოლიდან მამას ყოველთვის ასე მივყავდით სახლში. ჩემი უფროსი დის გარდაცვალების შემდეგ მარტო მიწევდა წინ და უკან სიარული, მგზავრობისას კი დაზე ფიქრი მთრგუნავდა და სიხარულს მიკლავდა. ხანდახან ბორტზე კინობიზნესში ჩართულ ნაცნობებს, შიგადაშიგ კი კოლეჯის სიმპათიურ სტუდენტს ვხედავდი, თუმცა დიდი დეპრესიის პერიოდში ეს იშვიათად ხდებოდა. მგზავრობისას იშვიათად თუ ჩამეძინებოდა, ფიქრები დაიკო ელეონორაზე და სანაპიროდან სანაპირომდე საჰაერო ორმოებში ჩავარდნის მკვეთრი შეგრძნება იქამდე მაინც აუცილებლად გრძელდებოდა, ვიდრე ტენესის პატარა აეროპორტებს გავცდებოდით.
ამჯერად მგზავრობა ისეთი არაკომფორტული აღმოჩნდა, რომ მგზავრების ნაწილმა თავიდანვე დაძინება გადაწყვიტა. ფხიზლად მყოფთაგან ორი ჩემ გასწვრივ იჯდა. მათი საუბრის ფრაგმენტებით დავრწმუნდი, რომ ჰოლივუდიდან იყვნენ - პირველი მათგანი, შუახნის ებრაელი, ჰოლივუდურად გამოიყურებოდა, დროდადრო ნერვიულად, აღტაცებით ლაპარაკობდა და ისე იყო დაძაგრული, იფიქრებდით, ცოტაც და წამოხტებაო. მეორე ფერმკრთალი, შეუხედავი, არაფრით გამორჩეული, დაახლოებით ოცდაათიოდე წლის ჩასკვნილი მამაკაცი ნამდვილად სადღაც მყავდა ნანახი. თუმცა ეს აუცილებლად ჩემს ბავშვობაში უნდა მომხდარიყო და ამიტომ, ახლა თუ ვერ მიცნობდა, არ იყო საწყენი.
მაღალი, ლამაზი და შავგვრემანი სტიუარდესა, ზუსტად ისეთი, ახლა აქტიურად რომ ითხოვენ ავიაკომპანიები, მომიახლოვდა და მკითხა:
- ძვირფასო, საზურგეს ხომ არ გადაწევდით და დაიძინებდით? იქნებ ასპირინიც გნებავთ? - თან ჩემს სავარძელზე დაყრდნობილი ივნისის ციკლონივით იგრიხებოდა, - ან ნემბუტალი ხომ არ გირჩევნიათ?
- არ მინდა.
- ისეთი დაკავებული ვიყავი, რომ თქვენთვის ვერ მოვიცალე, - გვერდით მომიჯდა და უსაფრთხოების ღვედი ერთდროულად შევიკარით. - საღეჭი რეზინი გნებავთ?
ვუთხარი, საღეჭი რეზინი ისე მომბეზრდა, რომ გაზეთში გავახვიე და სანაგვეში ჩავაგდე-მეთქი.
- სულ ვამბობ, რომ ის, ვინც საღეჭ რეზინს გადაგდებამდე ქაღალდში ახვევს, ძალიან კარგი ადამიანია, - მოწონებით მითხრა მან.
ასე ვისხედით ნახევრად განათებულ თვითმფრინავში, რომელიც ირწეოდა და ძვირიან რესტორანს მოგაგონებდათ მწუხრის ჟამს. ყველანი ვირწეოდით. ამ საყოველთაო მდუმარებაში, მგონი ბორტგამცილებელს თავისი დანიშნულება გადაავიწყდა.
მან ერთ ჩემს ნაცნობ ახალგაზრდა მსახიობზე დამიწყო ლაპარაკი, რომელსაც ამ თვითმფრინავით ორიოდ წლის წინ ემგზავრა. მაშინ დიდი დეპრესიის ყველაზე მძიმე პერიოდი იდგა და ის ახალგაზრდა ქალბატონი თურმე ისე დაჟინებით იყურებოდა ფანჯრიდან, თითქოს გადახტომას გეგმავსო. თუმცა ბოლოს გაუმხელია, რომ სიღატაკეზე მეტად რევოლუცია აშინებდა.
- მე და დედაჩემს ასეთი გეგმა გვაქვს, - უთქვამს სტიუარდესისთვის, - იელოუსტოუნში გადავალთ და იქ ვიცხოვრებთ, ვიდრე ეს ყველაფერი არ დასრულდება. შემდეგ დავბრუნდებით. მსახიობებს არ ხოცავენ, იცით?
გავმხიარულდი. თვალწინ დამიდგა მომხიბლავი ქალი დედასთან ერთად,