ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი (1896-1940)
ეგრეთ წოდებული „დაკარგული თაობის“ ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ამერიკელი მწერალი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი მინესოტის შტატის ქალაქ სენტ-პოლში, ძველი ირლანდიური გვარის შთამომავლის, ედუარდ ფიცჯერალდის ოჯახში დაიბადა. თუმცა, თავად ედუარდს ბევრი არაფერი ებადა და ამის გამო, მომავალი ცოლის, მოლი მაკუილანის შეძლებული ოჯახი სიძედ იწუნებდა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდების დაოჯახების შემდეგ მაკუილანები ქალიშვილის ოჯახს ჰპატრონობდნენ, ხოლო მომავალ მწერალს პრესტიჟულ სასწავლებლებში განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცა.
პრინსტონის უნივერსიტეტში სწავლისას ფრენსის სკოტი საფეხბურთო გუნდში ასპარეზობდა, მოთხრობებსა და პიესებს წერდა და ხშირად იმარჯვებდა სასწავლებელში მოწყობილ კონკურსებში. 1917 წელს, გამოსაშვებ გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე ფიცჯერალდი ჯარში მოხალისედ ჩაეწერა, ორი წელი იმსახურა და ერთ-ერთი ბრიგადის მეთაურის, გენერალ რაიანის ადიუტანტის ჩინით, 1919 წელს დაასრულა სამხედრო კარიერა.
ამის შემდეგ გარკვეულ ხანს ნიუ-იორკში რეკლამის აგენტად მუშაობდა. ჯერ კიდევ ჯარში სამსახურის დროს გაიცნო ზელდა სეირი, რომელიც სილამაზისა და მდიდარი ოჯახისშვილობის გამო, ალაბამის შტატის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საპატარძლოდ ითვლებოდა.
სეირთან ფიცჯერალდის პირველი ნიშნობა ჩაიშალა, რადგან ქალიშვილის ოჯახი მათ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა: იმ დროს ფრენსის სკოტს მუდმივი სამსახური და სტაბილური შემოსავალი არ ჰქონდა. გულის სწორთან შეუღლების ყველაზე დიდ შანსს შემოქმედებითი წარმატების მიღწევა უქადდა. ფიცჯერალდი ნიუ-იორკში გაემგზავრა და სარეკლამო სააგენტოში ლიტერატურულ აგენტად მუშაობა დაიწყო. წერდა მოთხრობებს, პიესებს, ლექსებს, მაგრამ - ამაოდ: გამომცემლობები თხზულებებს უკან უბრუნებდნენ. გამწარებულმა ფრენსისმა მუშაობას თავი დაანება, სმას მიჰყო ხელი და ბოლოს იძულებული გახდა, მშობლებთან დაბრუნებულიყო. იქ კი ადრე დაწყებული რომანის - „რომანტიკული ეგოისტის“ ხელნაწერზე მუშაობა გააგრძელა, რომლის გამოცემაზეც უარი ჰქონდა მიღებული.
ეს რომანი 1920 წლის 26 მარტს სახელწოდებით - „სამოთხის ამ მხარეს“ გამოქვეყნდა და ახალგაზრდა მწერალს პირველი დიდი წარმატება მოუტანა. 3 აპრილს კი ფრენსის სკოტი და ზელდა სეირი დაქორწინდნენ.
ფიცჯერალდისთვის დიდი ლიტერატურის კარი გაიღო, მის რომანებს სიხარულით იღებდნენ პრესტიჟული ჟურნალები, ხოლო თავად ცოლ-ქმარი პრესისა და საზოგადოების საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. ისინიც ექსცენტრიკული ქცევით გამოირჩეოდნენ, ლამაზი ცხოვრებით ტკბებოდნენ, წვეულებებს აწყობდნენ და მოდურ ევროპულ კურორტებზე დადიოდნენ. ამასთანავე, სკოტი ე.წ. პრიალა ჟურნალებისთვის წერასაც ახერხებდა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტორიც იყო.
1922 წელ ფიცჯერალდმა მეორე რომანი - „ლამაზები და დაწყევლილები“ გამოსცა. 1924-ში ევროპაში გაემგზავრა და, პარიზში ყოფნისას, ერნესტ ჰემინგუეი გაიცნო. პარიზშივე დაასრულა მუშაობა რომანზე „დიდი გეტსბი“, რომელსაც ბევრი კრიტიკოსი და თავად ავტორიც იმ პერიოდის ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრად და ე.წ. „ჯაზის ეპოქის“ სიმბოლოდ მიიჩნევს. ამავე პერიოდში მწერალმა არაერთი მოთხრობაც დაწერა.
20-იანი წლების დამლევისთვის ფიცჯერალდის ცხოვრება მეტისმეტად დამძიმდა. ხელგაშლილად ცხოვრებას მატერიალური პრობლემის გამწვავება მოჰყვა, ზელდამ კი რამდენიმე მძიმე ფსიქიკური შეტევა გადაიტანა და საბოლოოდ, შიზოფრენიით დასნეულდა.
1934 წელს ფიცჯერალდმა გამოუშვა რომანი „ნაზია ღამე“, რომელიც ბევრი თვალსაზრისით ავტობიოგრაფიულია - მასში აღწერს საკუთარ ტკივილს, ოჯახის შენარჩუნებისთვის ბრძოლას, წყვილის ლამაზი ცხოვრების დაფარულ მხარეებს.
1937 წლიდან ფიცჯერალდი ჰოლივუდში, ახალგაზრდა მწერლების ჯგუფთან ერთად, სცენარისტად მუშაობდა. ორი წლის შემდეგ, ამერიკული კინოს სამყაროს ამსახველი რომანის - „უკანასკნელი მაგნატის“ წერა დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა. 1940 წლის 21 დეკემბერს, გულის შეტევით, ჰოლივუდში გარდაიცვალა.