თავი პირველი
ჩემი სიყრმის წლებში, მეტისმეტად მგრძნობიარე გული რომ მქონდა, მამაჩემმა ერთი რჩევა მომცა, რომელსაც იმ დროიდან მოკიდებული დღემდე ვიხსენებ ხოლმე. „ვინმეს გაკრიტიკების სურვილი რომ მოგეძალება, - მითხრა მამამ, - არ დაგავიწყდეს, რომ ამ მზისქვეშეთში ყველას არ ხვდომია წილად ის უპირატესობა, რაც შენ გარგუნა გამჩენმა“. ამის მეტი აღარაფერი უთქვამს ამ თემაზე, - არც ისე ახასიათებდა სიტყვაუხვობა, - მაგრამ მივხვდი, რომ რაც მითხრა, ის უბრალოდ ნათქვამზე მეტი იყო, გაცილებით მეტი. შედეგად კი, მკაცრი განსჯა არ მჩვევია, რაც არაერთი რთული ბუნების მქონე ადამიანის პიროვნების ამოხსნაში დამხმარებია, - თუმცა ამ თვისების გამო არცთუ იშვიათად გავმხდარვარ მოსაწყენ ადამიანთა მიერ აღსარების მოსასმენად განწირული. პათოლოგიური გონების კაცს კი უჩვეულო უნარი აქვს, იოლად აღმოაჩინოს მსგავსი თვისება წესიერ ადამიანში და მყისვე ჩააფრინდეს. სწორედ ეს მიმაჩნია მიზეზად, რომ კოლეჯში სწავლისას დაუმსახურებლად მაბრალებდნენ ინტრიგანობას გულჩათხრობილ და უცნობ ადამიანთა გულისნადების გაგების გამო. ისე, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი გულის გადაშლა სულაც არ მართობდა, ხშირად თავსაც კი ვიმძინარებდი ან უნდობლად ვუცქერდი მოსაუბრეს, რადგან კარგად ვამჩნევდი, ჰორიზონტზე ვიღაცის მთრთოლარე კაეშნის უტყუარი ნიშნები იკვეთებოდა. ჭაბუკების მიერ გულისნადების გაზიარება, თუნდაც გაზიარების ფორმა, ჩვეულებრივ პლაგიატური - როგორც ჩანს, რომელიმე წიგნიდან ამოღებული - და აშკარა აკრძალვით შერყვნილი იყო. განსჯისას თავშეკავება კი მაინც მომავლის უსაზღვრო იმედის საქმეა. სულ ვშიშობ, რამე არ ამომივარდეს გონებიდან, რაც მამაჩემმა სნობურად მირჩია, ამიტომ თავადაც სნობურად ვიმეორებ მის დანაბარებს და კიდევ ერთხელ ვიხსენებ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაც მუცლიდან არავის დაჰყვება და არც მერე ებოძება ხოლმე სხვათა სწორად. რამდენიც უნდა ვიქო თავი და მოთმინებით ვიტრაბახო, ვხვდები, რომ ამ ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ჩემი აზრით, ყოფაქცევა შეიძლება მყარ ნიადაგს ან სველ ჭაობს ემყარებოდეს, მაგრამ კარგად თუ დავუკვირდები, სულაც არ მაღელვებს, რას ემყარება.
შარშან, შემოდგომით, აღმოსავლეთიდან რომ დავბრუნდი, რატომღაც ერთი სურვილი ამეკვიატა: მინდოდა, მთელი მსოფლიო სამხედრო ფორმაში მენახა, რომელსაც მხოლოდ ერთი მორალური პრინციპი ექნებოდა. აღარ მინდოდა ადამიანთა ბნელ გულებში ჭვრეტა და მათი სატკივრის გაცნობა. გამონაკლისი მხოლოდ გეტსბი იყო, - სწორედ მისგან იღებს ჩვენი წიგნი სახელს, - გეტსბი, რომელიც იმ ყველაფრის განსახიერება გახლდათ, რაც ასე მძაგს ცხოვრებაში და ვერასოდეს აზრს ვერ შევიცვლი. მისი პიროვნების აღსაწერად მოგახსენებთ, რომ გეტსბის, მისივე ქცევებიდან გამომდინარე, ერთგვარი გარეგნული ბრწყინვალების შარავანდედი ამშვენებდა, მაგრამ მეტისმეტად მგრძნობიარე იყო ცხოვრებისეული პერსპექტივებისადმი. ისეთი მგრძნობიარე, თითქოს ეპიცენტრიდან ათასი მილით დაშორებული მიწისქვეშა ბიძგების აღმნუსხავი სეისმოგრაფის თვისებები გააჩნდა. ამგვარ მგრძნობიარობას არაფერი ჰქონდა საერთო იმ დუნე შთამბეჭდაობასთან, „შემოქმედებით ტემპერამენტს“ რომ უწოდებენ. ეს იყო იმედოვნების უჩვეულო ძღვენი, რომანტიკული მზადყოფნა, რაც სხვა ვინმესთვის არასდროს შემიმჩნევია და მეეჭვება, ოდესმე წავაწყდე კიდევ. არა - გეტსბის ამბავი ბოლოსკენ უკვე გასაგები გახდა. თავიდან კი, რაღაც მოსვენებას არ აძლევდა, თითქოს უსიამო მტვრად დასდებოდა მის ოცნებებს. ამან დროებით ისევ შემინელა ინტერესი ადამიანთა მწუხარებისა და უცაბედი სიხარულისადმი და სულ სხვა თვალითაც შემახედა მათთვის.
ჩემი ოჯახი, ქარაუეიების მესამე თაობა საკმაოდ ცნობილი იყო შუა დასავლეთის ამ ქალაქში, რადგან ჩემი წინაპრების სამივე თაობა მუხლჩაუხრელად იღვწოდა როგორც ქვეყნის, ისე პირადი კეთილდღეობისთვის. გვარი აქ ოჯახური კლანივით იყო და ტრადიციის თანახმად, მიიჩნევდა, რომ ჩვენი დიდი წინაპარი ჰერცოგი ბაქლიუ ბრძანდებოდა. არადა, ჩვენი შტოს რეალური დამამკვიდრებელი ამ მხარეში პაპაჩემის ძმა იყო, რომელიც 1851 წელს მოსულიყო და სამოქალაქო ომშიც მოხალისედ თავის მაგივრად სხვა გაეგზავნა. ამის მერე კი კავეულით ვაჭრობის საქმე წამოეწყო, რომელსაც მამაჩემი დღემდე უძღვება. მისი ხილვა არ მღირსებია, მაგრამ როგორც ამბობენ, ძალიან უნდა ვგავდე. ჩვენს მსგავსებასაც მამაჩემის კაბინეტში დაკიდებული დიდი წინაპრის მრუმე პორტრეტის საშუალებით ამყარებენ. 1915 წელს დავასრულე იელის უნივერსიტეტი ნიუ-ჰეივენში, მამაჩემის შემდეგ ზუსტად ოცდახუთი წლის თავზე და ოდნავ მოგვიანებით ტევტონური მიგრაციის შესაჩერებლად დიდ ომში ჩავერთე. იმდენად გულთან მოვიდა კონტრშეტევები, რომ ფრონტიდან დაბრუნებულიც ვეღარ ვპოულობდი მოსვენებას. იმის მაგივრად, შუა დასავლეთი ქვეყნის თბილი ცენტრი ყოფილიყო, ახლა სამყაროს დაკონკილ კიდეს მოაგონებდა მნახველს - ამიტომაც გადავწყვიტე, აღმოსავლეთით ამეღო გეზი და საფინანსო საქმიანობა შემესწავლა. ყველა, ვისაც კი ვიცნობდი, საკრედიტო ბიზნესში იყო ჩართული, მეც იმედი მომეცა. ეს საქმიანობა ერთ კაცსაც აიტანდა როგორმე.
ერთ დღესაც მთელი ჩემი ასაკოვანი ოჯახობა - ბიძა-ბიცოლები და დეიდა-მამიდები - შეიკრიბა და ჩემს მომავალზე დაიწყო მსჯელობა. შესაფერისი დაწესებულებების განხილვის შემდეგ, ბოლოს, როგორც