წიგნი პირველი -
რომანტიკული ეგოისტი -
თავი 1 -
ემორი, ბეატრისის ვაჟი „სამოთხის ამ მხარეს დიდი ვერაფერი ბედენაა ჭკუა-გონება“
რუპერტ ბრუკი
„საკუთარ შეცდომებს ადამიანები გამოცდილებას უწოდებენ“
ოსკარ უალდი
ემორი ბლეინმა დედისაგან მემკვიდრეობით ყველაფერი მიიღო, გარდა რამდენიმე ძნელად შესამჩნევი თვისებისა, რომელთა წყალობით იგი რაღაც ფასეულს წარმოადგენდა. მამამისი, ბაირონის მოტრფიალე, ენაბრგვილი და უმაქნისი კაცი, მუდამდღე „ენციკლოპედია ბრიტანიკას“ ფურცლებზე თვლემდა. იგი, უფროსი ძმების, ჩიკაგოელი მაკლერების უდროო გარდაცვალების მეოხებით, 30 წლის ასაკში ანაზდად გამდიდრდა და თვალთ დაუბრმავდა, როდესაც აღმოაჩინა - სამყარო მის ფერხთით გაეგო. ბერ ჰარბორში სტუმრად მყოფმა ბეატრის ო’ჰარა გაიცნო. შედეგად, სტეფენ ბლეინმა თავის შთამომავალს ექვს ფუტზე ოდნავ ნაკლები სიმაღლე და საჭირო დროს გადაწყვეტილების ვერმიღების გასაოცარი „უნარი“ გადასცა, რაც ასე ძალუმად ახასიათებდა მის ვაჟს, ემორის. მრავალი წლის განმავლობაში სტეფენ ბლეინი ოჯახური ცხოვრების კულისებში იმალებოდა. ეს უნებისყოფო ადამიანი, რომელსაც სწორი, აბრეშუმისდარი თმა სახეს სანახევროდ უფარავდა, მუდმივად მეუღლისადმი „მზრუნველობაში“ ჩაფლულიყო - აკვიატებული აზრით შეპყრობილი, რომ მისი არ ესმოდა და ვერც ვერასდროს გაუგებდა.
ბეატრის ბლეინი! აი, ვინ იყო ნამდვილი ქალი! ადრეული სურათებიდან, რომლებიც მისი მშობლების მამულში - ლეიკ-ჯენევასა და რომში - წმინდა გულის მონასტერში ყოფნას ასახავდა, აშკარად კრთებოდა მხოლოდ ძალიან მდიდარი მშობლების ქალიშვილებისათვის დამახასიათებელი აღზრდის ბრწყინვალე დეტალები - ნაკვთების უზადო დახვეწილობა და გარდერობის სრულყოფილი სისადავე. რენესანსის დიდების სხივებქვეშ ბეატრისმა ბრწყინვალე აღზრდა მიიღო, მის გარშემო უძველესი რომაული ოჯახების უახლესი ჭორები ტრიალებდა; უმდიდრესი ამერიკელი გოგონა პირადად იცნობდა კარდინალ ვიტორისა და დედოფალ მარგარეტს, აღარაფერს ვიტყვით სხვებზე, ნაკლებად ცნობილ ადამიანებზე, რომელთა არსებობის შესახებ მხოლოდ კულტურულმა ელიტამ უწყოდა. ინგლისში ცხოვრებისას მან ღვინოს სოდიანი ვისკი ამჯობინა, ხოლო ვენაში გატარებული ზამთრის შემდეგ მისი ბავშვური ჟღურტული მრავალმნიშვნელოვან, თავისუფალ საუბრებად გადაიქცა. ერთი სიტყვით, ბეატრის ო’ჰარამ იმგვარი განათლება მიიღო, რომელზეც ჩვენს დროში ვერავინ იოცნებებს. განათლების ასეთი სისტემა წვრთნის მოწაფეს, რომ ზემოდან უცქიროს რაოდენობრივი თვალსაზრისით შეფასებულ მოვლენებსა თუ ადამიანებს და აღფრთოვანდეს მათით, ანაც აბუჩად აიგდოს. იგი ეზიარა კულტურას, რომელიც თავის თავში მოიცავს ხელოვნების ყველა დარგსა და ტრადიციას, მაგრამ არ გააჩნია არც ერთი ახალი იდეა. ეს ამბავი ხდებოდა იმ ეპოქის დასასრულს, როდესაც დიდი მებაღე ყველა სუსტ, უფურჭვნელ კოკორს აჭრიდა ვარდის ბუჩქს, რათა ერთადერთი, უნაკლო ყვავილი გამოეყვანა.
თავგადასავლების შემდეგ ბეატრისი ამერიკაში დაბრუნდა, გაიცნო სტეფენ ბლეინი და ცოლადაც გაჰყვა. ქორწინებას იმიტომ დასთანხმდა, რომ ოდნავ გადაღლილიყო... შესაძლოა, მოწყენილობამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. თავისი ერთადერთი შვილი, მომაბეზრებელი შემოდგომისა და კიდევ უფრო მომაბეზრებელი ზამთრის გადატანის შემდეგ, 1896 წლის გაზაფხულზე გააჩინა.
ემორი ჯერ კიდევ ხუთი წლისა გახლდათ, მაგრამ დედისათვის შეუცვლელ კომპანიონად და მეგობრად ქცეულიყო. ბიჭს ოქროსფერი თმა ამშვენებდა და დიდი, ასაკისთვის შეუფერებლად ლამაზი თვალები; ცოცხალი გონების პატრონს წარმოსახვაც მშვენიერი ჰქონდა, რასაც გემოვნებიანი სამოსის ტარებასაც უხამებდა. სამიდან ცხრა წლამდე მამის კუთვნილი ვაგონ-სალონით დედასთან ერთად მთელი ქვეყანა შემოიარა - კორონადოდან დაწყებული, სადაც დედა მოწყენილობისაგან ისე იტანჯებოდა, რომ ფეშენებელურ სასტუმროში ნერვული აშლილობაც დაემართა, მექსიკო-სიტიმდე, სადაც ბეატრისი ჭლექით დაავადდა. უნდა ითქვას, რომ თავს დატეხილმა ავადმყოფობამ ქალს მშვენიერი სამსახური გაუწია, მით უფრო, როდესაც რამდენიმე სირჩის გადაკვრის შემდეგ, მისი მდგომარეობა გარემომცველი სივრცის კონტროლისათვის აუცილებელ ატრიბუტად იქცეოდა.
ამგვარად, მაშინ, როდესაც ნაკლებიღბლიანი მდიდარი ბიჭუნები ნიუპორტში ძიძებს ებრძოდნენ, იტანდნენ დასჯასა და გაწკეპვლას, ყოველდღიურად ისმენდნენ შეგონებებს აუცილებელი ტერმინის - „გაბედე და გააკეთეს“ ხშირი ჩართვით, ან მოსაბეზრებელ რომანს „ფრენკი მისისიპიზე“, ემორი სასტუმრო „უოლდორფის“ ნორჩ, შეშინებულ მიმტანებს კბენდა, ცდილობდა, კამერული და სიმფონიური მუსიკისადმი ზიზღი დაეძლია და მთლიანად ჩაძირულიყო დედის მიერ განსაზღვრული, არჩევითი აღზრდის გარემოში.
- ემორიკ!
- გისმენ, ბეატრის (ქალმა თვითონ მოინდომა, რომ შვილს ასე უცნაურად, სახელით მიემართა მისთვის).
- ძვირფასო, არც იფიქრო საწოლიდან ადგომა. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე ადგომა ნერვებს აფუჭებს. კლოტილდამ უკვე გასცა განკარგულება, რომ საუზმე ოთახში ამოგიტანონ.
- კარგი.
- დღეს საშინლად დაბერებულად ვგრძნობ თავს, ემორი, - ამოიოხრებდა იგი და კამეასავით მშვენიერი სახის ტანჯული გამომეტყველება სადღაც სივრცეში გაშეშდებოდა. ხმას ხელოვნურად, პათეტიკურად უწევდა, ხელებს კი სწორედ რომ სარა ბერნარივით შლიდა, - ნერვები საერთოდ აღარ მივარგა. ხვალვე წავალთ ამ საშინელი ქალაქიდან და სადმე მზეს მოვძებნით.
ემორის მწვანე თვალები აწეწილი თმის მიღმიდან გამჭოლი მზერით შეჰყურებდა დედას. მცირე ასაკის მიუხედავად, მის მიმართ არანაირი ილუზია აღარ ჰქონდა.
- ემორი.
- გისმენ.