თავი 1
1860 წელს ჯერ კიდევ მიაჩნდათ, რომ ახალშობილი ქვეყნიერებას მშობლიურ სახლში უნდა მოვლინებოდა. ეს, ახლა ღაღადებენ მედიცინის ქურუმები, რომ ახალშობილმა პირველი ხმა სამშობიარო დაწესებულებაში, სტერილურ ატმოსფეროში უნდა გაიღოს და რომ სასურველია, ეს დაწესებულება ფეშენებელური იყოს. სწორედ ამიტომ, როდესაც 1860 წლის ერთ მშვენიერ დღეს ქალბატონმა და ბატონმა როჯერ ბატონებმა გადაწყვიტეს, მათი პირველი შვილი სწორედ სამშობიაროში დაბადებულიყო, მათ მთელი ორმოცდაათი წლით გაუსწრეს დროს. იყო თუ არა ეს ანაქრონიზმი დაკავშირებული იმ გასაოცარ ამბავთან, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, სამწუხაროდ, ვერასოდეს გავიგებთ.
მოგიყვებით, როგორ მოხდა ყოველივე, დანარჩენი კი თავად განსაჯეთ. ომამდე როჯერ ბატონების ოჯახს ბალტიმორში შესაშური მდგომარეობა ეკავა. გარკვეულ ოჯახებთან ნათესაური კავშირი სამხრეთის არისტოკრატიულ წრეებთან აახლოებდათ, ოჯახებთან, რომლებიც, ფაქტობრივად, კონფედერაციის მოსახლეობის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენდნენ.
მათ პირველად უნდა განეცადათ ბავშვის გაჩენით გამოწვეული სიხარული და, შესაბამისად, სულაც არ იყო უცნაური ის მღელვარება, რასაც ბატონი როჯერ ბატონი განიცდიდა. ზედმეტად ნერვიულობდა, თუმცა იმედოვნებდა, რომ უეჭველად ვაჟი ეყოლებოდა, რომელსაც შემდგომში სასწავლებლად, რა თქმა უნდა, კონექტიკუტში, იელის უნივერსიტეტში გაგზავნიდა, სადაც ოთხი წლის განმავლობაში თავადაც სწავლობდა და ცნობილი იყო არაორაზროვანი მეტსახელით – „ღილი“.
სექტემბრის იმ დილას, როცა ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა უნდა მომხდარიყო, ის ლოგინიდან ექვს საათზე წამოხტა, ჩაიცვა, ისედაც უზადოდ მორგებული ჰალსტუხი შეისწორა, გარეთ გამოვიდა და აჩქარებით გაუყვა ბალტიმორის ქუჩას საავადმყოფოსკენ, რათა დროულად გაეგო, მოევლინა თუ არა ქვეყანას მისი პირმშო.
ასიოდე იარდი რჩებოდა შენობამდე, რომელსაც აბრა „მერილენდის კერძო ჰოსპიტალი ბატონებისა და ქალბატონებისთვის“ ამშვენებდა, როცა თავისი ოჯახის ექიმი, დოქტორი კინი დაინახა. იგი სწორედ იმ დროს ხელების ფშვნეტით კიბეზე ჩამოდიოდა, გეგონებოდა, იბანსო, როგორც ამას ექიმისგან პროფესიული ეთიკა მოითხოვს.
საბითუმო-სავაჭრო კომპანია „როჯერ ბატონი და კო.“-ს პრეზიდენტმა, როჯერ ბატონმა, ყოველგვარი თავდაჭერილობის უგულებელყოფით, აქოშინებულმა მიირბინა ექიმთან, რაც მაშინდელი სამხრეთელი ჯენტლმენისთვის საკმაოდ მოულოდნელი და უცნაური საქციელი იყო.
– დოქტორო კინი! – დაიყვირა მან. – ჰეი, დოქტორო კინი!
დოქტორი შეჩერდა და შემობრუნდა, მკაცრი სახე უნებურად შეეცვალა და უცნაური გამომეტყველება მიიღო.
– აბა? რა ხდება? როგორ არის? ბიჭია? არა? – ქოშინით მიაყარა კითხვები როჯერ ბატონმა.
– თუ შეიძლება, გარკვევით ისაუბრეთ, – გააწყვეტინა ექიმმა და გაბრაზებით შეხედა.
– მითხარით, ბავშვი დაიბადა? – როჯერ ბატონს ხმაში მუდარა გაერია.
დოქტორ კინის სახე შეეჭმუხნა.
– როგორ გითხრათ?.. კი, გარკვეულწილად, შეიძლება ასეც ითქვას... – წარმოთქვა და კვლავ უცნაური მზერა მიაპყრო როჯერ ბატონს.
– ჩემი მეუღლე კარგადაა?
– დიახ.
– ბიჭია თუ გოგო?
– იცით, რას გეტყვით?!. – წამოიძახა ექიმმა აშკარა გაღიზიანებით. – თქვენ თვითონ ნახეთ! აღმაშფოთებელია! – ბოლო სიტყვა დამარცვლით წარმოთქვა და შემდეგ უკვე შებრუნებულმა წაიბურტყუნა: – ნეტავ გამაგებინა, რა გავლენას მოახდენს ეს ამბავი ჩემს რეპუტაციაზე... კიდევ ერთი მსგავსი რამ და დაღუპული ვარ!
– კი მაგრამ, რა მოხდა? – იკითხა გაოცებულმა როჯერ ბატონმა. – ტყუპი?
– არა, ტყუპი არა! – შეაწყვეტინა ექიმმა. – როგორ გითხრათ,… ჯობს, თვითონ ნახოთ. და კიდევ – მოძებნეთ სხვა პირადი ექიმი, გეთაყვა. ყმაწვილო, მე მოვალოგინე დედათქვენი, როდესაც ამ ქვეყანაზე გაჩნდით. აი, უკვე ორმოცი წელია, თქვენი ოჯახის ექიმი ვარ, მაგრამ ახლა ხელები დამიბანია – მსურს, აღარასოდეს გნახოთ, არც თქვენ და არც სხვა ვინმე თქვენი ოჯახიდან! მშვიდობით!
ამ სიტყვებით ექიმი სწრაფად ჩაჯდა ტროტუართან მდგომ ფაეტონში და ისე წავიდა, უკან არც მოუხედავს.
განცვიფრებული და თავზარდაცემული როჯერ ბატონი ერთხანს გაშეშებული იდგა ტროტუარზე. „რა უბედურებაა ჩემს თავს?“ – გაუელვა და ჟრუანტელმა დაუარა. ჯერ დააპირა, საერთოდ გასცლოდა იქაურობას, რადგან კლინიკაში შესვლის ყოველგვარი სურვილი დაეკარგა, მაგრამ მერე, დიდი შინაგანი ძალისხმევით, თავი აიძულა, კიბეზე ასულიყო და შენობაში შევიდა.
სუსტად განათებულ დერეფანში, მაგიდასთან ექთანი იჯდა. როჯერ ბატონი მისკენ წავიდა.
– დილა მშვიდობის! – მიესალმა ექთანი ღიმილით.
– დილა მშვიდობის... მე...… ჩემი გვარია ბატონი.
გვარის გაგონებისთანავე ექთანს სახე შეეცვალა და შეშფოთებული, ფეხზე წამოიჭრა. ეტყობოდა, რაღაც აკავებდა, თორემ ერთი სული ჰქონდა, გაქცეულიყო.
– მაჩვენეთ ჩემი შვილი.
ექთანი შეიშმუშნა.
– დიახ, რა თქმა უნდა, – წამოიძახა ბოლოს, – ზევით, ზევით აბრძანდით!
როჯერ ბატონს ცივი ოფლი ასხამდა, ძალისძალად შებრუნდა და კიბეს აუყვა. მესამე სართულის დერეფანში შეამჩნია სხვა ექთანი, რომელსაც სამედიცინო ინსტრუმენტებიანი თასი მოჰქონდა.
– მომხედეთ, მემ, ჩემი გვარია ბატონი... – მიმართა მან