პირველი ნაწილი „მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია.“
პავლე მოციქული
როსტომს ფოსტალიონი კართან დახვდა, ზარს რეკავდა.
– მოხვედით? წასვლას ვაპირებდი, – უთხრა ლიფტიდან გამოსულს, კონვერტი გადასცა, ხელი მოაწერინა და კიბეს ფეხით ჩაუყვა.
წერილი საავადმყოფოდან იყო: „გთხოვთ, დაფაროთ თქვენი შვილების...“ – კითხვა შეწყვიტა. შვილები არ ჰყავდა. ფურცელი გადაატრიალ-გადმოატრიალა. ბოლო წინადადებას დახედა „ვიზიარებთ მწუხარებას“.
– რა ჯანდაბაა?! – ჩაილაპარაკა და მოაჯირიდან გადაიხედა. ფოსტალიონი აღარსად ჩანდა.
მტვრიან და არეულ სახლში სკამებზე ტანსაცმელი ეფინა. ხის თაროები გაყვითლებული წიგნებით იყო გამოტენილი. კედელზე დედის შავ-თეთრი, გადიდებული სურათი ეკიდა. ძველ სამზარეულოში ცუდად გარეცხილი, ყურებმომტვრეული ჭიქები და კიდეებშემოცვეთილი თეფშები ერთმანეთზე ეწყო. როსტომმა წერილი ჯერ თაროზე შეაგდო, მერე აიღო, მოჭმუჭნა და ნაგვის ყუთში გადაუძახა. ტელევიზორი ჩართო. წინა დღით შემწვარ კარტოფილს გაზი შეუნთო. საინფორმაციოში ცირკის დახურვის ამბავს აცხადებდნენ.
როსტომმა მაცივრიდან საწებელი გამოიღო და პატარა ჭიქაში არაყი ჩამოისხა. „თქვენი შვილების დაკრძალვის თანხა“, – გაახსენდა წერილი. სურათს ახედა, თავი გააქნია. დედა სევდიანი თვალებით დაჰყურებდა... ან როსტომს ეჩვენებოდა ასე. სახლის გაყიდვაზე როცა ფიქრობდა, მაშინ სურათს თვალს არიდებდა. ჩამოხსნას ვერ ბედავდა. იმისიც რცხვენოდა, რომ ასეთი აზრი დაებადა.
დიანას დღიური
6 მარტი
ვერ ვიტან ლინას ამ თვისებას. აავსებს ტაშტს, ჩაყოფს თავს და არის ასე. ამბობს, რომ ისვენებს. ვისვენებო თუ ვფიქრობო – აღარ მახსოვს... ერთობა, რა... ცოტა ხანში ბუშტებს უშვებს. მეც მასველებს! მერე თავს ამოყოფს, ჩაისუნთქავს და ისევ თავიდან... ერთხელ ვიფიქრე, ვცდი-მეთქი. ჰოროსკოპით ხომ ერთნი ვართ და იქნებ ერთნაირი რაღაცებიც მოგვწონს... მაგრამ – არა. რა სისულელეა... თან არ მინდა, ნახოს, როგორ ვბაძავ... ისედაც სულ თვალი უჭირავს ჩემს დღიურზე. მგონია, რომ მალე თვითონაც დაიწყებს წერას. დაიწყოს, მე რა?!.. არც არაფერი, უბრალოდ, ხომ ვიცი, მალე დაიწყებს...
წყალში სახეს რომ ყოფს, თავიც უსველდება. ვეუბნები, თმას მაინც ნუ ისველებ-მეთქი და არ ესმის! მერე გაშრობას უნდება ერთი საათი...
მე უბრალოდ ვწერ, არავის ვუშლი. სურათების გამოჭრით რომ ერთობა, მაგაზე ხომ ხმას არ ვიღებ?! თუ უნდა, ყველა ჟურნალი დაჭრას... მე რა?
ეს ბლოკნოტი ბებიაჩემის კარადაში ვიპოვე. რომ ვწერ, მგონია, უფრო ვარსებობ. ცხოვრებაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჯერ რა დავწერე, რო? ერთი გვერდი... მაგრამ გონებაში უფრო მეტი დავწერე... თანდათან ყველაფერს გადმოვიტან ფურცელზე. სადმე ხომ უნდა ჩანდეს, რომ არსებობ, ხარ, ნამდვილად ხარ. გავა დრო და ისე გავქრებით, ვერც ვერავინ გაიგებს. სურათიც კი არ გვაქვს, არც ერთი. მგონი ყველას აქვს ფოტო ჩვენ გარდა. არავინ გვიტირებს ალბათ. თუმცა, ტირილი რა შუაშია? რა ბებიასავით ვლაპარაკობ?! იმან იცის ეგრე... გარეთ ეგეთი წესებია, გაუგებარი წესები. როდის უნდა იტირო, როდის – იცინო... თუმცა, სინამდვილეში ჩვენ რა ვიცით, რა არის გარეთ? ტელევიზორია ჩვენი „გარეთ“. ზაზაც. ისიც იქიდან მოდის, გარედან.
...თორემ ტირილი რა შუაშია? სატირელი იქნებ ისაა, ცოცხლები რომ ვართ. მგონი, ისევ ბებიაჩემივით ვლაპარაკობ...
9 მარტი
ვწერ, რომ ვიყო. ეს ხომ უკვე ვთქვი? რატომ უნდა ვიყო, არ ვიცი. გარდაუვალია და იმიტომ. ვარ, ანუ ვართ. იქნებ ეს „თ“ არის ყველაფრის მიზეზი. ეს ასო წურბელასავით მომეკრო ენაზე და ვეღარ ვიცილებ. არ მაძლევს უფლებას მხოლობითში ვილაპარაკო, არ მაცლის საკუთარ თავთან დარჩენას, ცხოვრებას არ მაცლის...
ზოგჯერ ისეთი უაზროა ყველაფერი.
ხანდახან ლინაზე ადრე მეღვიძება და რაღაცნაირად მიხარია ის რამდენიმე წუთი. ასე მგონია, იმ წუთებშია ჩემი ცხოვრება... და ამ დღიურში.
როსტომი სამსახურში, როგორც ყოველთვის, პირველი მივიდა. დერეფანში დამლაგებელი ფაციფუცობდა. ოთახში ფანჯარა იყო ღია. ნიავი მაგიდაზე წინა დღის გაზეთს აშრიალებდა. „21-ე საუკუნის მონსტრები თუ მონები? – ცირკის დირექტორი ადამიანთა ექსპლუატაციისთვის იძებნება“, – როსტომმა გაზეთი უინტერესოდ გადაფურცლა.
ლექციების მერე თანამშრომლებმა სასურსათო მაღაზიიდან ძეხვი, პური და არაყი ამოიტანეს, კათედრაზე შეიკეტნენ და სადღეგრძელოები გააჩაღეს. თან იცინოდნენ, დალევა უმაღლესში ვიცით ჩვენო. კიდევ ერთი კოლეგა შეუერთდათ უნივერსიტეტიდან; იქ დალევაცა და მოწევაც სასტიკად აეკრძალათ.
როსტომი შინ დაცლილი და გაბრუებული დაბრუნდა. სანამ დაწვებოდა, მეორე დღისთვის მამიდასთან წასაღები სარეცხი მოაგროვა. ამ დროს მეზობელმა დაუკაკუნა, ფოსტალიონმა შეტყობინება დაგიტოვაო.
– რაო? – გაღიზიანდა როსტომი. კონვერტი იცნო და გამორთმევა აღარ მოუნდა – შეცდომაა რაღაც.
– ჰო, რა ვიცი... – მხრები აიჩეჩა ქალმა, წერილი ხელში ჩაუდო და გაბრუნდა.