ეკატერინე ტოგონიძე რამაზი. ლამაზი კი არა, რრრამაზი.
ქარიშხალი. ქარრრიშხალი და არა ქალიშხალი.
სახლის სუნი, ნაცნობი და მონატრებული: ხე, ნესტი, მტვერი, ბალახი, გამზეურებული ლოგინი, გახამებული თეთრეული, სანთელი... დარჩენის და გაქცევის სურვილი ერთდროულად. კედელზე ხისჩარჩოიან სარკეში გამოვჩნდი. ეს პაპას სარკე იყო, მის სიმაღლეზე დაკიდებული. ცალ მხარეს ობი გასჩენოდა გვამური ლაქებივით. სახე ჩარჩოში მოვაქციე. სარკის მუქმა ნაწილმა მთლიანად დამიფარა მარჯვენა ლოყა, ნიშანი ყვრიმალთან. მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ალბათ ასცდებოდა, მაგრამ ესპადრილები მეცვა და სახე რომც მემოძრავებინა, ლაქა მაინც არ ჩანდა – ეს ჩემი კი არა, სარკის ხარვეზი იყო. ნიშნის გარეშე თავი მეუცხოვა და უცხო თვალით შევძელი დათვალიერება. ამბობენ, რომ ლამაზი ვარ, რის დაჯერებაც ამ მოყავისფრო ზოლის გარეშე უფრო იოლია. კანი ფერმკრთალი, ცხვირი თხელი, თვალები დიდი, ნამტირალევი, შუბლიც დიდი. თმა წაბლისფერი, ისეთი გრძელი, რომ მის ასარეკლად მთლიანი სარკეა საჭირო. უცებ ჰოპ, ყველაფერი გაქრა! ისე გათეთრდა, თითქოს მყისიერად გადამაფარეს ქათქათა სუდარა. მხრები შემიტოკდა, მეზობლის ქალი მკლავზე შემეხო. ცალი ხელით ჩემი პატარაობის დროინდელი ზეწარი ეჭირა. იდუმალი სახით მითხრა, არ შეიძლებაო, და სარკეზე ნაჭერი გულმოდგინედ გაასწორა.
ეს ეპიზოდი ზოგჯერ საკრალურად მეჩვენება. წარსულის უამრავ დეტალში შეიძლება ნიშნის ძებნა, გაშიფვრა და შიგ მომავლის ამოცნობა. თუ ღმერთი არსებობს, ის არ დუმს. ღმერთი სწორედ ამ ნიშნებით გველაპარაკება.
დიდ ოთახში გავედი. შემოსასვლელის სარკეც ზეწრით შეებურათ. პაპას ცხედარი მშვიდად ესვენა, წყენა არ ეტყობოდა. მე მაინც მრცხვენოდა, რომ ვერ ჩამოვუსწარი და იმისიც, რომ სინამდვილეში მას არ ვტიროდი.
"ახლად შესვენებული მონა ღვთისა... სახელი?" – საკმევლით გაჟღენთილ ოთახში მღვდელი მიდი-მოდიოდა. გადმომხედა, "გარდაცვლილის სახელი?". ვდუმდი. "გიორგი!" – სიტყვა შეაშველა ოთახში შემოსულმა დედამ და თავსაფარი წამოიხურა.
არ მინდოდა, ჩემს ქმარს გიორგი რქმეოდა ან რომელიმე ისეთი სახელი, რომელშიც რ ურევია. საკუთარიც მყოფნიდა – მარგო. მა-რრ-გო. მა-რრრრ-გო. განა არ მესმის, რომ რ-ს ვერ ვამბობ? რ-ს თქმა მხოლოდ გუნებაში შემიძლია. რ. რრრ. სრულიად გარკვევით ვიბრირებს ბგერა, მაგრამ ტვინიდან ენამდე წყდება ენის წვერზე დამაგრებული უხილავი ძაფი, რომელმაც ის სასაზე კბილების უკან წამის მეათედით უნდა მიაბჯინოს და ჰაერის ნაკადი ამ ჟღერადობით გამოისროლოს გარეთ. სიმღერის დროსაც ასე ვარ, სმენა მაქვს, თუმცა აბსოლუტური სიზუსტით აჟღერებული ნოტები პირის გაღებისთანავე ირღვევა. ჩემებს ამაზე ბავშვობიდან უნდა ეზრუნათ. ვერ მოისაზრეს, დაიგვიანეს. ალბათ დიდხანს ეღიმებოდათ ჩემ მიერ გამოთქმულ სიტყვებზე: ლატომ, ლოგოლ, ოლი, ლამე, დლო, პული, ღმელთი, მატალებელი, გიოლგი, მიყვალხალ, ქალი, ქალიშხალი... და ბოლოს მალგო – ჩემი საკუთარი სახელი, ჩემი სამუდამო განაჩენი. პატარაობისას – ღიმილის, მოზარდობისას – დაუნდობელი დაცინვის, ზრდასრულობისას კი – უხერხული, თავშეკავებული პაუზის მიზეზი.
საკუთარ თავს ორი დიდი მინუსი დავუსვი: პირველი – ვერნათქვამი რ-ს გამო, რომელიც გაცნობის, თავის წარდგენის, საკუთარი არსებობის სახელდების პირველივე წამიდან მამცირებს და მაპატარავებს; მეორე კი ლოყაზე ლაქის გამო, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ორსულმა დედამ ახალდაკლული ძროხის ელენთაზე დაწობილი თითით დამასვა. ეს ნიშანი მუცელზე, ნეკნის ქვეშ უნდა დაედო, მაგრამ უნებლიეთ სახიდან თმა გადაიწია და ყვრიმალზე წამცხო. მეც ამ მოყავისფრო ზოლით დავიბადე, დაღდასმული. ვერ ვიგებ, ან ტანზე რად მინდოდა ნიშანი, სად დავიკარგებოდი, ვინ გამიტაცებდა? პაპა მიხსნიდა, ჩვენში ასეთ რამეებს ლეკიანობის დროინდელი ან ხალხის ხსოვნაში შემონახული სხვა დრომოჭმული შიშით აკეთებენო. მე ასეთების თითქმის არ მჯერა, მაგრამ სოფლის წეს-ჩვეულებები და ცრურწმენები ზოგჯერ ადამიანებზე ძლიერია. იჯერებენ, აცოცხლებენ, აძლიერებენ, გადასცემენ თაობებს და ჩემი დაღიც სწორედ ასეთი რწმენა-წარმოდგენების შედეგია. მარტო დაღი კი არა, მთელი ჩემი ცხოვრება სხვათა სურვილების, გადაწყვეტილებებისა და განაჩენის ნაყოფია.
თბილისში პაპას ნეგატივები წამოვიღე. კარგ ფოტოებს იღებდა, შავ-თეთრს, მაგრამ ფერადზე უფრო სავსესა და მრავალფეროვანს. ამ უფერო ფირებზეც კი იკითხებოდა განწყობა. კადრში შავ სახეზე თეთრ თმას ქარი მიფრიალებდა და ლოყაზე აკრული ღერები ზუსტად იმეორებდა ჩემს დიაგონალურ ნიშანს. დაღი თმას ჩრდილად გასდევდა და ლაქად აღარ აღიქმებოდა. ფირების გამჟღავნებას არ ვაპირებდი, არც კი ვიცი, რატომ ჩავყარე ჩანთაში. სოციალურ ქსელში სულ რამდენიმე ფოტო მაქვს, სადაც პროფილში ვარ, ჩიხტიკოპი მახურავს ან შორიდან ვჩანვარ.
ზოგჯერ მომწონს ჩემი თავი, ჩემი წვრილი წელი, აპრეხილი მკერდი, მყარი ხერხემალი და მაღალთაღიანი ტერფები. ხანდახან ვცდილობ, ეს ყველაფერი სხვისი თვალით დავინახო. ვიცი, რომ ამ შირმის – ტანსაცმლის, სულელურად წარმოთქმული სახელისა და სახეზე ლაქის – მიღმა ბევრად საინტერესო ვარ. უბრალოდ იქამდე მისასვლელად ეს ბარიერებია გადასალახი. სიმწიფის ასაკიდან