I - ჰოფმანის ოჯახი რაინის ნაპირზე, კრიალოსნის მძივებივით აქა-იქ გაფანტულ თვალწარმტაც ქალაქებს შორის, რომელთათვისაც მდინარე შეიძლებოდა ძაფად მიგვეჩნია, არის მანჰაიმი, ბადენის დიდი საჰერცოგოს მეორე დედაქალაქი; მანჰაიმი - დიდი ჰერცოგის მეორე რეზიდენცია.
დღეს, როდესაც რაინზე აღმა-დაღმა მცურავი გემები მანჰაიმის ნავსადგურში შედიან; დღეს, როდესაც მანჰაიმში რკინიგზით შეიძლება ჩასვლა; დღეს, მას შემდეგ, რაც მანჰაიმმა - გახურებული სროლისას, თმაგაწეწილმა, სისხლით მოსვრილი პერანგის ამარამ - დიდი ჰერცოგის საწინააღმდეგო აჯანყების დროშა ააფრიალა, უკვე აღარ ვიცი, რა არის მანჰაიმი. მაგრამ იმ დროს, როდესაც ეს ამბავი დაიწყო, ანუ დაახლოებით ორმოცდათექვსმეტი წლის წინ, შემიძლია გითხრათ, რას წარმოადგენდა ის.
ეს იყო შესანიშნავი გერმანული ქალაქი, მშვიდი და იმავდროულად პოლიტიკურად აქტიური, ცოტათი მოწყენილი ან, შეიძლება ითქვას, ცოტათი მეოცნებე; ეს იყო ავგუსტ ლაფონტენისა და გოეთეს რომანების, ჰენრიეტა ბელმანისა და ვერტერის ლექსების ქალაქი.
და მართლაც, საკმარისია თვალი შეავლოთ მანჰაიმს - მის მიჯრით ჩამწკრივებულ სახლებს, მის ოთხ უბანს, მის ფართო და ლამაზ ქუჩებს, სადაც გაზონები იზრდება, მის მითოლოგიურ შადრევანს, აკაციების ორი რიგით დაჩრდილულ სასეირნო ადგილს - და მიხვდებით, რამდენად სასიამოვნო და ადვილი იქნებოდა ცხოვრება ასეთ მიწიერ სამოთხეში, სასიყვარულო ანდა პოლიტიკურ ვნებებს ვერტერისთვის ხელში პისტოლეტი, ხოლო ზანდისთვის ხანჯალი რომ არ მიეცა.
ქალაქში არის ერთი განსაკუთრებული ადგილი, მოედანი, სადაც გვერდიგვერდ აუგიათ ეკლესია და თეატრი.
ეკლესიაცა და თეატრიც ერთსა და იმავე დროს აშენდა, სავარაუდოდ, ორივე ნაგებობას ერთი არქიტექტორი ჰყავდა. როგორც ჩანს, იმ საუკუნის შუა წლებში აიგო, როდესაც ფავორიტი ქალის კაპრიზები ისეთ გავლენას ახდენდა ხელოვნებაზე, რომ ხელოვნების მთელ დარგს მისი სახელი ეწოდებოდა - ეკლესიიდან დაწყებული და უმნიშვნელო სახლით დასრულებული, ათი წყრთის სიდიდის ქანდაკებიდან საქსონური ფაიფურის ნაკეთობამდე.
მაშასადამე, მანჰაიმის ეკლესია და თეატრი პომპადურის სტილითაა აგებული.
ეკლესიის ფასადზე ორი ნიში მოჩანს: ერთში მინერვას, მეორეში კი ჰებეს ქანდაკება დგას.
თეატრის კარს ორი სფინქსი იცავს. ერთი სფინქსი კომედიას გამოხატავს, მეორე - ტრაგედიას. პირველ სფინქსს კლანჭებში ნიღაბი ჩაუბღუჯავს, მეორეს - ხანჯალი. ორივეს თითქოს პუდრმოყრილი შინიონი ადევს, რაც შესანიშნავად ეხამება მათ ეგვიპტურ ბუნებას.
მოედანზე, ამ ორი შენობის გარშემო, ყველაფერი იმავე სტილშია: სახლები, ტოტებჩახლართული ხეები, გირლანდებიანი გალავნები და, საერთოდ, მთელი არქიტექტურული ანსამბლი თვალს ახარებს.
მაშ, ასე! ახლა მკითხველი უნდა წავიყვანოთ იმ სახლის მეორე სართულის ერთ-ერთი ოთახის ფანჯრისკენ, რომელიც იეზუიტების ეკლესიას უყურებს და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ორმოცდაათიოდე წლით გავახალგაზრდავდეთ, რადგან მოქმედება, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, 1793 წელს იწყება, მაისის 10-ში, კვირა დღეს. გარშემო ყველაფერი ყვავის: წყალმცენარეები მდინარის ნაპირზე, ზიზილები მინდვრებში, კუნელი ღობეებს მიღმა, ვარდი ბაღებში, სიყვარული გულებში.
ესეც დავამატოთ: გული, რომელიც ყველაზე ძალუმად ფეთქავდა ქალაქ მანჰაიმსა და მის შემოგარენში, იმ ვაჟისა იყო, ზემოთ ნახსენებ პატარა ოთახში რომ ცხოვრობდა; საცხოვრებლის ფანჯრები კი იეზუიტების ეკლესიის ჭიშკარს უყურებდა.
ცალ-ცალკე აღწერას იმსახურებს როგორც ოთახი, ისე მისი ბინადარი.
ოთახი თვალწარმტაციც იყო და კაპრიზის აღსრულების კვალიც ემჩნეოდა, რადგან ერთდროულად მიაგავდა სახელოსნოს, მუსიკალურ მაღაზიასა და სამუშაო კაბინეტს.
აქ იყო პალიტრა, ფუნჯები, მოლბერტი, მოლბერტზე კი დაწყებული ესკიზი მოჩანდა.
ასევე დაინახავდით გიტარას, ვიოლასა და პიანინოს, ხოლო პიუპიტრზე - სონატის გადაშლილ ნოტებს.
გარდა ამისა, მაგიდაზე იდო კალამი, სამელნე და ფურცელი, რომელზეც ბალადის დასაწყისი ეწერა.
კედლის გაყოლებაზე ჩაემწკრივებინათ მშვილდები, ისრები, XV საუკუნის არბალეტები, XVII საუკუნის მუსიკალური ინსტრუმენტები, ყველა დროის ზანდუკები, სხვადასხვა ფორმის სასმისები, ყველა სახეობის დოქი, და კიდევ: მინის ყელსაბამები, ბუმბულის მარაოები, გამოშიგნული ხვლიკები, გამხმარი ყვავილები, მოკლედ, უამრავი რამ. მაგრამ ეს ყველაფერი, სინამდვილეში, ხუთი ტალერიც კი არ ღირდა.
ამ ოთახის ბინადარი მხატვარი იყო, მუსიკოსი თუ პოეტი? არ ვიცით.
მაგრამ იგი ნამდვილად ეწეოდა - ყველაზე საპატიო, გამოსაჩენ და ხელის გასაწვდენ ადგილზე, ძველი კანაპეს თავზე, გამოეფინათ ჩიბუხების კოლექცია.
თუმცა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ოთახის ბინადარი - პოეტი, მუსიკოსი თუ მწეველი - იმწუთას ის არ ეწეოდა, არ ხატავდა, არ წერდა, არ თხზავდა.
არა, ის უყურებდა.
უყურებდა უძრავი, ფეხზე მდგარი, კედელს აკრული, სუნთქვაშეკრული; ღია ფანჯარაში იყურებოდა, თუმცა თავად ფარდას ეფარებოდა; უყურებდა ისე, როგორც მხოლოდ მაშინ იყურებიან, როდესაც თვალები გულის სათვალედაა ქცეული!
რას უყურებდა?
მოცემული წუთისთვის სრულიად უკაცურ ადგილს - იეზუიტების ეკლესიის ჭიშკარს.
ჭიშკართან არავინ მოჩანდა, რადგან იმ დროს ყველა ეკლესიაში იყო.
ახლა კი როგორ გამოიყურებოდა ის, ვინც ამ ოთახში ცხოვრობდა, ფარდის მიღმა გულაძგერებული იდგა და ფანჯრიდან