I
დილა
ძველი მემატიანენი არ დააყოვნებდნენ და შავ ხვედრს მეფისას, ბასტილიაში ჩაკეტილი სასოწარკვეთილი რომ აწყდებოდა კლიტეებსა და გისოსებს, თავიანთი ნიშნეული რიტორიკით შეუპირისპირდებოდნენ ბედს ფილიპისას, რომელიც მეფის სარეცელზე განისვენებდა ბალდახინის ქვეშ.
ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკა სულაც არ მიგვაჩნია მარადის ცუდ რაღაცად და იმათ ჯგუფს არ ვეკუთვნით, რომელნიც გამოთქვამენ რწმენას, თითქოს იგი ამაოდ მიმოაბნევს ყვავილებს ისტორიის შესალამაზებლად, მაინც გულმოდგინედ წავშლით კონტრასტს, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით მკითხველს, და დავხატავთ მეორე სურათს, რომელიც ფრიად საინტერესოდ გვესახება და გამიზნულია პირველის შესავსებად.
ახალგაზრდა პრინცი არამისის ოთახიდან მორფეუსის მოსასვენებელში იმავე მექანიზმის შემწეობით მოხვდა, რითიც მეფე იქაურობას განარიდეს. არამისმა ხელი დააჭირა რომელიღაც მოწყობილობას, რის შედეგადაც გუმბათი ნელ-ნელა დაეშვა ძირს და ფილიპი მეფის საწოლის წინ აღმოჩნდა, იმ საწოლის წინ, რომელმაც თავისი ტყვე მიწისქვეშეთის სიღრმეში დატოვა, ხოლო თვითონ კვლავ ადრინდელ ადგილას ამოვიდა.
როცა ფილიპი პირისპირ დარჩა ამ ფუფუნებასთან, ძალმოსილებასთან, რომლითაც აღჭურვილი იყო ამიერიდან იმ როლით, რომელიც თავად იკისრა, პირველად იგრძნო ათასი სულიერი განცდა, მეფის გული რომ აიძულეს აჩქროლებულიყო.
მაგრამ რაწამს ფილიპმა ძმის მიერ არეულ ცარიელ საწოლს შეხედა, სახეზე მკვდრისფერი დაედო.
მეფის საწოლი - ეს უტყვი მონაწილე სიავკაცისა - თავისი საქმის აღსრულების შემდეგ ადრინდელ ადგილზე დაბრუნდა. იდგა ახლა დანაშაულის კვალდაჩნეული და დანაშაულის ჩამდენს იმ გულახდილი და უხეში ენით ელაპარაკებოდა, რომლითაც თანამზრახველნი მოურიდებლად მიმართავენ ერთმანეთს. იგი სიმართლეს ამბობდა.
ფილიპი დაიხარა, რათა უკეთ შეეთვალიერებინა მეფის სარეცელი: ზედ უცებ ცხვირსახოცი შეამჩნია. ცხვირსახოცს ჯერ კიდევ შერჩენოდა ლუი მეთოთხმეტის შუბლიდან ჩამომდინარე ცივი ოფლის სისველე. ამ ოფლმა ისევე შეაძრწუნა ფილიპი, როგორც კაენი აბელის სისხლმა.
- აი, პირისპირ ვარ ჩემს ბედთან, - თქვა ფილიპმა. სახე განაცრისფრებოდა, თვალებში ცეცხლი ენთო, - იმაზე საშინელი იქნება თუ არა იგი, ვიდრე ჩემი პატიმრობა იყო? საკუთარი ფიქრებით მოცული ყოველთვის გულისყურით მოვეკიდები თუ არა სინდისის ქენჯნას?.. ჰო, მეფე ამ საწოლზე იწვა: ეს მისმა თავმა დაბუბნა ბალიში, მისმა ცრემლმა დაალბო ცხვირსახოცი და ვერ გავბედავ, დავწვე საწოლზე, რომელზეც ლუი იწვა, ვერ გავბედავ, შევეხო ცხვირსახოცს, რომელზეც ლუის ვენზელი და გერბია ამოქარგული!.. არა, საჭიროა გავბედო, მივბაძავთ ბატონ დ’ერბლეს, ვისაც სურს, ქმედება ყოველთვის ერთი საფეხურით მაღლა იდგეს აზრზე, მაგალითად, დავისახავთ ბატონ დ’ერბლეს, ვინც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და წესიერი კაცის სახელი აქვს, ვინაიდან ცუდი არავისთვის გაუკეთებია თავისი მტრების გარდა, და არავინ გაუცია მათ გარდა. ეს საწოლი ჩემი იქნებოდა, რომ ლუი მეთოთხმეტეს იგი დედაჩვენის დანაშაულის შედეგად ჩემთვის არ წაერთმია. ცხვირსახოცი, რომელზეც საფრანგეთის გერბია ამოქარგული, ჩემი იქნებოდა და არათუ სხვა ვინმე, თვითონ მოვიხმარდი, ჩემი ადგილი რომ ჩემთვის დაეტოვებინათ, როგორც ბრძანა ბატონმა დ’ერბლემ, საფრანგეთის მეფეთა აკვანში. ფილიპ, შვილო საფრანგეთისავ, ჩაწექი შენს საწოლში! ფილიპ, ერთადერთო მეფევ საფრანგეთისა, დაიბრუნე შენთვის წართმეული გერბი! ფილიპ! ლუი მეცამეტის, შენი მამის ერთადერთო კანონიერო მემკვიდრევ, არ დაინდო უზურპატორი, რომელიც ამ წუთშიც კი არ ნანობს, რომ ამდენი ტანჯვა გარგუნა!
ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ფილიპმა, მიუხედავად ინსტინქტური ზიზღისა, მიუხედავად კანკალისა და ძრწოლისა, სხეულის კუნთებსა და ნებისყოფას რომ უბოჭავდა, აიძულა თავი, ლუი მეთოთხმეტის ჯერ კიდევ თბილ ლოგინში ჩაწოლილიყო და შუბლზე მიეკრა მისი ჯერ კიდევ სველი ცხვირსახოცი.
როცა ფილიპმა თავი ბუმბულის რბილ ბალიშში ჩაფლო, თვალი შეავლო საფრანგეთის სამეფოს გვირგვინს, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ოქროსფრთებიან ანგელოზს ეჭირა. დაე, მკითხველმა ახლა თვითონ წარმოიდგინოს ეს თვითმარქვია, პირქუშად რომ იმზირებოდა და სხეული ციებცხელებიანივით ეწვოდა. ის იმ ვეფხვს ჰგავდა, რომელმაც მთელი ავდრიანი ღამე იხეტიალა, ლელიანი და მისთვის უცნობი ღარტაფი გამოიარა და ლომის მიერ მიტოვებული გამოქვაბულის წინ გაჩერდა, რათა იქ დაბინავებულიყო. გამოქვაბულში ლომის სუნმა და ნაცხოვრები სადგომის ნოტიო ანაორთქლმა მოიზიდა. შიგ ხმელი ბალახის საგებელსა და შემოხრულ ძვლებს პოულობს. შედის გამოქვაბულში, წყვდიადს აშტერდება, გამომცდელად ჩხრეკს ანთებული, გამჭრიახი თვალებით. ტანს იბერტყავს და სხეულიდან წყლის ნაკადი ჩამოსდის. ბოლოს წვება, ფართო დრუნჩს ვეება ტორებზე დებს. ერთიანად დაძაბულია, მზადაა შესარკინებლად. დაღლილობისგან მოძალებულ ძილ-ღვიძილს დროდადრო არიდებს გარეთ გამკრთალი და გამოქვაბულის ნაპრალებში შემოჭრილი ელვა, ქარის ქროლვაზე ერთმანეთს მიხეთქებული ტოტების ხმაური, ჩამოცვენილი ქვების გრიალი.
შეიძლება იამაყო, რომ ლომის ბუნაგში გძინავს, მაგრამ უგუნურებაა იმის იმედი იქონიო, რომ იქ მშვიდად ძილს მოახერხებ.
ფილიპი ყოველ ბგერას აყურადებდა. გონებაში ათასნაირი საშინელება ელანდებოდა და გული ეკუმშებოდა, მაგრამ სჯეროდა