* * * ბატონ ***-ს.
ძვირფასო მეგობარო, ჩემთვის ხშირად გითქვამთ, - იმ უკვე იშვიათი საღამოების განმავლობაში, როდესაც უქმე დროს უბრალოდ ლაქლაქში კლავენ ან გულის ოცნებაზე ან გონების ახირებაზე საუბრობენ, ანდა მოგონებების საგანძურის გაფლანგვა განუზრახავთ, - რომ შეჰერაზადასა და ნოდიეს (შარლ ნოდიე (1780-1824) - ფრანგი მწერალი, რომანტიკული მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორეტიკოსი იყო; იგი ბევრი ფანტასტიკური ნოველის ავტორია, სადაც რეალური და ფანტასტიკური ერთმანეთთან არის შერეული (აქ და შემდგომ შენიშვნები მთარგმნელისაა.). შემდეგ, მე ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მთხრობელი ვარ, ვისთვისაც აქამდე მოგისმენიათ.
დღეს მწერთ, რომ ჩემი გრძელი რომანის მოლოდინში, - იმ უსასრულო რომანებს შორის ერთ-ერთის, როგორსაც ზოგადად ვქმნი და სადაც მთელი საუკუნე მაქვს მოქცეული - ისურვებდით რამდენიმე ზღაპარის წაკითხვას, - სულ რაღაც ორი, ოთხი ან ექვსი ამბავი გეყოფოდათ, ჩემს ბაღში დაკრეფილი საცოდავი ყვავილები, რომელთაც პოლიტიკური საქმიანობების შუალედში მიმოფანტავდით, მაგალითად, ბურჟის პროცესისა და მაისის არჩევნებს შორის.
ეჰ! მეგობარო, ნაღვლიანი ეპოქა დადგა და უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩემი ამბებიც არ იქნება მხიარული. თქვენი ნებართვით, ყოველდღიური რეალობით დაღლილი, ჩემს არაკებს წარმოსახვით სამყაროში მოვიძიებ. ეჰ! მეშინია, რომ ყველანაირი სული, ოდნავ ამაღლებული, ოდნავ პოლიტიკური, ოდნავ მეოცნებე, ყველა იქ არ იყოს, სადაც ახლა ჩემი სულია, ესე იგი იდეალის ძიებაში, იმ ერთადერთ თავშესაფარში, რომელიც ღმერთმა დაგვიტოვა რეალობისგან გასაქცევად.
აი, წინ გადაშლილი მაქვს ორმოცდაათი ტომი, რეგენტობის ეპოქაზე დაწერილ ამბავთან დაკავშირებით, რომელიც ეს-ეს არის დავასრულე, და გთხოვთ, თუ კეთილგონიერება გაგაჩნიათ, მოუწოდეთ დედებს, თავიანთ ქალიშვილებს არ დაანებონ მისი წაკითხვა. მაშ კარგი! აქ ვარ და თქვენ გწერთ, თუმცა ჩემს ყურადღებას იქცევს მარკიზ დ’არჟანსონის (მარკიზ დ’არჟანსონი (1694-1757) - სახელმწიფო და კულტურის მოღვაწე ლუი XV-ის მეფობისას. )მოგონებები, სადაც შემდეგი სიტყვების ქვევით: ძველი საუბრისა და ახალი საუბრის შესახებ ვკითხულობ:
„დარწმუნებული ვარ, იმ ეპოქაში, როდესაც რამბუიეს სასტუმრო (პარიზში ცნობილი სასტუმრო თავისი ლიტერატურული სალონით) დახვეწილ საზოგადოებას ტონს აძლევდა, უკეთესი მოსმენისა და მსჯელობის უნარი ჰქონდათ. ადამიანები თავიანთ გემოვნებასა და გონებას ხვეწდნენ; მსგავსი საუბრებისთვის მხოლოდ ხანდაზმულებს შორის თუ მომიკრავს ყური. მათ ყოველთვის შესაბამისი სიტყვები ჰქონდათ შერჩეული, ენერგია, სინატიფე, საპირისპირო მოსაზრებები გააჩნდათ, მაგრამ მათ მიერ გამოყენებული ეპითეტები წონას მატებდა აზრს პედანტურობის გარეშე და ანიჭებდა ხალისს ყოველგვარი ღვარძლის გარეშე.“
ასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარკიზ დ’არჟანსონმა ეს სიტყვები დაწერა, მე კი მისი წიგნიდან გადმოვწერე. - იმ პერიოდში ალბათ იმდენივე წლის იქნებოდა, რამდენისაც დღეს ჩვენ ვართ და მასავით ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ ვიცნობდით ხანდაზმულებს, რომლებიც სამწუხაროდ წარსულს ჩაბარდნენ! ისინი, რომელთა მსგავსი ჩვენ ვეღარ ვიქნებით, ანუ კარგად აღზრდილი ადამიანები.
ჩვენ მათ შევხვედრივართ, თუმცა ჩვენი შვილები მათ ვეღარ ნახავენ. ჩვენი მომავალი თაობა ჩვენზე უკეთესი, ღირსეული ვერ იქნება.
მართალია, ყოველდღე თითო ნაბიჯით მივიწევთ თავისუფლებისკენ, თანასწორობისკენ, ძმობისკენ; 93 წლის რევოლუციამ - დიდებულმა ქალბატონმა - ეს სამი ჩინებული სიტყვა თანამედროვე საზოგადოებაში დაამკვიდრა ისევე, როგორც ცხვრის ტყავში გამოხვეული ვეფხვი, ლომი და დათვი; ჩვენს საზოგადოებრივ ძეგლებზე ტყვიებით ამოტვიფრული ეს ლიტონი სიტყვები, საუბედუროდ, ივნისის კვამლში ძლივს იკითხება.
მე, ისევე, როგორც სხვები, წინ მივიწევ; თავად მოქმედება ვარ. ღმერთმა დამიფაროს ვინმეს უძრაობისკენ მოუწოდო! - უძრაობა სიკვდილია. - მაგრამ სწორედ იმ ადამიანებივით ვმოქმედებ, ვისზეც დანტე ამბობს, რომ წინსვლის მიუხედავად, თავი მაინც უკან აქვთო მოქცეული.
რასაც ვეძებ, უპირველესად, რასაც ვნანობ, რასაც უკან მიმართული ჩემი მზერა წარსულში ეძებს, ეს არის საზოგადოება, რომელიც წავიდა, გაუჩინარდა იმ მოჩვენებებივით, რომელთა შესახებაც მსურს გიამბოთ.
საზოგადოება, რომელიც დახვეწილ, კულტურულ ცხოვრებას ეწეოდა, არსებობის უფლებას იმსახურებდა (ბარბარიზმისთვის ბოდიშს მოვითხოვ, ვინაიდან აკადემიის წარმომადგენელი არ ვარ, შემიძლია თავს ამის უფლება მივცე), ამ საზოგადოებამ თავად შეწყვიტა არსებობა, ან ჩვენ ხომ არ გავანადგურეთ ის?
მახსოვს, სულ ბავშვი ვიყავი, როდესაც მამამ ქალბატონ მონტესონთან წამიყვანა. ეს იყო დიდებული ქალბატონი, გასული საუკუნის ნამდვილი წარმომადგენელი. თითქმის სამოცი წლის განმავლობაში ჰერცოგ ორლეანელის, ლუი-ფილიპის წინაპრის, მეუღლე გახლდათ; მაშინ ასე, ოთხმოცდაათი წლის იქნებოდა. შოსე-ანტენის დიდებულ სასახლეში ცხოვრობდა. ნაპოლეონი ასი ათასი ეკიუს რენტას უხდიდა.
- იცით, ლუი XVI-ის მემკვიდრის წითელ წიგნში შეტანილი ეს რენტა რა ტიტულს ეფუძნება? - არა. - მაშ კარგი, ქალბატონი მონტესონი იღებდა იმპერატორის რენტას ასი ათასი ეკიუს ოდენობით, თავის სალონში ლუი XIV-ისა და ლუი XV-ის მაღალი საზოგადოების ტრადიციების შენარჩუნებისთვის.
- ეს სწორედ იმის ნახევარია, რასაც ამჟამად