I
აქ ცხადი ხდება, რომ თუ ერთთან არ ხერხდება
მორიგება, შეიძლება მოურიგდე მეორეს
არამისმა ჰერცოგინიას ჩანაფიქრი გამოიცნო: სასტუმროდან ბოდუაიეს მოედანზე გამოსულმა დე შევრეზმა შინ წაყვანა ბრძანა.
ჰერცოგინიას უთუოდ ეშინოდა, რომ უთვალთვალებდნენ და უნდოდა, შინ დაბრუნებით აერიდებინა თავი მდევრისთვის. ხოლო როცა დაბრუნდა და დარწმუნდა, თვალს არავინ ადევნებდა, ბრძანა, შესახვევის მიმდებარე ბაღის კუტიკარი გაეღოთ და კრუა-დე-პტი-შანის ქუჩისკენ გაემართა, სადაც კოლბერი ცხოვრობდა.
ჩვენ ვთქვით, რომ საღამო, უფრო სწორად, უკვე ღამე იყო, თანაც უკუნი ღამე. მიწყნარებული პარიზი კეთილმოწყალე წყვდიადში ხვევდა დიდგვაროვან ჰერცოგინიასაც, პოლიტიკური ინტრიგების ქსელს რომ აბამდა და უცნობ ქალსაც, რომელსაც ნავახშმევს ქალაქში შეგვიანებოდა, საყვარლისთვის ხელკავი გაეყარა და გრძელი გზით ბრუნდებოდა თავის ცოლქმრულ საცხოვრისში.
ქალბატონი დე შევრეზი შეჩვეული იყო „ღამის პოლიტიკას“ და მშვენივრად იცოდა, რომ მინისტრები თავიანთი სახლის კარსაც კი არ უხშობდნენ ახალგაზრდა და ლამაზ ქალიშვილებს, რომელთაც სამსახურის კანცელარიული მტვრის ეშინოდათ, ასევე ხნიერ და ფრიად გამოცდილ ქალბატონებს, რომელთაც სამინისტროების საჩოთირო ამბები ჰგვრიდათ შიშს.
სადარბაზო შესასვლელთან ჰერცოგინიას ლაქია შეხვდა, მაგრამ მართალი უნდა ითქვას, საკმაოდ ცუდად შეხვდა.
ლაქიამ სტუმარი შეათვალიერა და თავის თავს იმის უფლებაც კი მისცა, შეენიშნა, ასეთ დროს და ასეთ ასაკში ბატონი კოლბერი არ შეიძლება მოწყვიტო სამუშაოს, რასაც იგი ძილის წინ ასრულებსო.
ჰერცოგინია დე შევრეზს განრისხება არ გამოუხატავს, უბის წიგნაკიდან ამოხეულ ქაღალდზე ისე დაწერა თავისი სახელი, გახმაურებული სახელი, რომელიც არაერთხელ უსიამოვნოდ მოხვედრია ყურში ლუი მეცამეტეს და დიდ კარდინალს.
ჰერცოგინიამ სახელი მსხვილი ასოებით და მაშინდელი დროის წარჩინებულთათვის ჩვულებრივი დაუდევრობით დაწერა, ქაღალდი მხოლოდ მისთვის ჩვეული წესით დაკეცა, სიტყვის უთქმელად, მაგრამ მეტად შთამბეჭდავი იერით მისცა ლაქიას. ლაქიამაც მასში წარჩინებული ქალბატონი შეიცნო, თავი დახარა და კოლბერთან გაიქცა ამბის მოსახსენებლად.
მინისტრს ბარათის გახსნაზე ხმადაბალი შეძახილი აღმოხდა. ეს შეძახილი ლაქიისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რათა მიმხვდარიყო, რა სერიოზულად უნდა მოჰქცეოდა საიდუმლო სტუმარს და ჰერცოგინიას სირბილით მოაშურა.
დე შევრეზს, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა ინტენდანტის ახალი სახლის მეორე სართულზე ასვლა, წამით შეჩერდა ბაქანზე, რომ სული მოეთქვა და კოლბერთან შევიდა. კოლბერმა მას თავად გაუღო კარი.
ჰერცოგინია ზღურბლზე შეჩერდა, რათა უკეთ შეეთვალიერებინა ის, ვისთანაც საქმე უნდა დაეჭირა. მასპინძლის მძიმე, მსხვილი თავი, ხშირი წარბები, უცხვირპირო სახე, რომელიც თითქოსდა ჩაჭყლეტილი იყო მღვდლების არახჩინის მაგვარი არახჩინით, - ეს ყველაფერი დე შევრეზს ერთი შეხედვით უნერგავდა იმ აზრს, რომ მოლაპარაკება ადვილად ჩაივლიდა, ამასთანავე, კამათი ამა თუ იმ წვრილმანზე ყოვლად უინტერესო იქნებოდა, ვინაიდან კოლბერისთანა უხეში ბუნების კაცი, ეტყობა, ნაკლებმგრძნობიარედ ეკიდება საგულისხმო შურისძიებასა და დაუოკებელ პატივმოყვარეობას.
ისე, როცა ჰერცოგინიამ უფრო დაკვირვებით მიაშტერა მზერა ინტენდანტის შავ, პატარა, გამჭოლ თვალებს, მკაცრ, გამობურცულ შუბლზე დაჩნეულ სიგრძივ ნაოჭებს, ტუჩების ოდნავ შესამჩნევ მოძრაობას, ტუჩებისა, რომლებიც მხოლოდ უაღრესად ზერელე დამკვირვებლებს უქმნიდა გულკეთილობის შთაბეჭდილებას, აზრი შეიცვალა და გაიფიქრა: „აი, ის, ვისაც ვეძებდი“.
- რას უნდა ვუმადლოდე, რომ პატივი დამდეთ და მეწვიეთ, ქალბატონო? - ჰკითხა სტუმარს ფინანსთა ინტენდანტმა.
- ყველაფრის მიზეზი ის გახლავთ, რომ მე თქვენ მჭირდებით, თქვენ კი მე გჭირდებით, ბატონო.
- ქალბატონო, ბედნიერი ვარ თქვენი წინადადების პირველი ნაწილის მოსმენით, ხოლო მისი მეორე ნაწილი...
ქალბატონი დე შევრეზი კოლბერის მიერ მოწეულ სავარძელში ჩაჯდა.
- ბატონო კოლბერ, თქვენ ხომ ფინანსთა ინტენდანტი ბრძანდებით?
- დიახ, ქალბატონო.
- და გსურდათ, სუპერინტენდანტი გამხდარიყავით, ხომ მართალია?
- ქალბატონო!
- ნუ უარყოფთ. უარყოფა ჩვენს საუბარს გააჭიანურებს და სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს. ეს უაზრობაა.
- კი მაგრამ, ქალბატონო, მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად მსურს, სიამოვნება მოგანიჭოთ, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული ვარ, თქვენი მდგომარეობის ქალბატონის მიმართ თავაზიანობა გამოვიჩინო, ვერაფერი მაიძულებს, ვაღიარო, თითქოს ვცდილობ, ჩემი უფროსის სკამზე დავჯდე.
- ბატონო, მე სულაც არ მითქვამს, თითქოს გსურთ, თქვენი „უფროსის სკამი დაიკავოთ“. განა უნებლიეთ წარმოვთქვი ეს სიტყვები. სხვათა შორის, არ მგონია. სიტყვა „შეცვლა“ უფრო ნაკლებ მკაცრად ჟღერს და გრამატიკულადაც მართებულია აქ, როგორც ამბობდა ბატონი ვუატიური. ამრიგად, ვამტკიცებ, რომ თქვენ გნებავდათ, ბატონი ფუკე შეგეცვალათ.
- ჰო, მაგრამ ბატონი ფუკეს ბედი, ქალბატონო, ნებისმიერ გამოცდას გაუძლებს. სუპერინტენდანტი ჩვენი საუკუნის როდოსის კოლოსი გახლავთ: ხომალდები მის ფეხებქვეშ დაცურავენ, მაგრამ არც კი ეხებიან.
- მეც სიამოვნებით ვისარგებლებდი ამ შედარებით. დიახ, ბატონი ფუკე როდოსის კოლოსის როლს ასრულებს, მაგრამ მახსოვს, გამიგონია, როგორ ჰყვებოდა ბატონი კონრარი... მგონი, აკადემიკოსია... რომ, როცა როდოსის კოლოსი ჩამოიქცა, ვაჭარმა, ვინც იგი წააქცია... უბრალო ვაჭარმა, ბატონო კოლბერ... მისი ნამსხვრევებით