I
წერილი
1660 წლის შუა მაისში, დილის ცხრა საათზე, როცა მზემ უკვე დაცხუნება დაიწყო და ბლუას ციხე-დარბაზის ლევკოიონებზე ცვარი შეაშრო, სამი აზნაურისა და ორი პაჟისგან შემდგარმა კავალკადამ (ცხენოსანთა ჯგუფი) ქალაქის ხიდზე გაიარა, მაგრამ სანაპიროზე მოსეირნე ადამიანებზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ისინი ხელით მხოლოდ თავიანთ ქუდს შეეხნენ ამ სიტყვებით:
- მისი უმაღლესობა ნადირობიდან ბრუნდება.
ეგ იყო და ეგ.
ვიდრე ცხენები მდინარიდან ციხე-დარბაზისკენ ამომავალ ციცაბო აღმართზე მიიწევდნენ, რამდენიმე ნოქარი ბოლო ცხენს მიუახლოვდა, რომლის უნაგირზეც ნანადირევი ფრინველები ჩამოეკიდათ.
ცნობისმოყვარეებმა ნამდვილი სოფლური გულახდილობით არაფრად ჩაგდეს ასეთი მწირი ნადავლი, თქვეს, თუ რა უსარგებლოა აფრენილ ფრინველზე ნადირობა და თავიანთ საქმეებს მიუბრუნდნენ.
მხოლოდ ერთმა ცნობისმოყვარემ - ახოვანმა, ლოყაწითელმა მხიარულმა ჭაბუკმა იკითხა, მისი უმაღლესობა რატომ სჯერდება ესოდენ უბადრუკ გართობას, როცა უზარმაზარი შემოსავლის წყალობით შეუძლია კარგი დრო ატაროსო.
- განა არ იცი, რომ მისი უმაღლესობის მთავარი გართობა მოწყენილობაა? - მიუგეს ჭაბუკს.
ჭაბუკმა ისე აიჩეჩა მხრები, აშკარად ამბობდა: ჰოდა, აბა, მე უფლისწულობას მედუქნეობა მირჩევნიაო.
ეგ იყო და ყველა თავის სამუშაოს მიუბრუნდა.
მისი უმაღლესობა კი გზას ისეთი დაფიქრებული და შთამბეჭდავი იერსახით განაგრძობდა, მაყურებლები (მართლა რომ ყოფილიყვნენ) ალბათ გაკვირვებულნი დარჩებოდნენ.
ბლუას მცხოვრებლებს ვერაფრით ეპატიებინათ ჰერცოგისთვის, რომ მან ეს მხიარული ქალაქი მოსაწყენად აირჩია. მოწყენილი უფლისწულის დანახვაზე ჩვეულებისამებრ პირს იბრუნებდნენ მთქნარებით, ან ფანჯრებს სცილდებოდნენ და ოთახის სიღრმეში გადიოდნენ, თითქოს უნდოდათ, ამ ფერმკრთალი სახის, ნამძინარევი თვალებისა და უსიცოცხლო სიარულის ძილის მომგვრელ ზეგავლენას გარიდებოდნენ. ამრიგად, ღირსეულ პრინცს შეეძლო თითქმის დარწმუნებული ყოფილიყო, რომ თუ გასეირნებას ისურვებდა, ქუჩებში ვერავინ დაინახავდა.
ბლუას მცხოვრებთა მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება, რასაკვირველია, დანაშაულებრივი უპატივცემულობა გახლდათ: მისი უმაღლესობა ხომ მეფის შემდეგ, შესაძლოა მეფის ჩათვლითაც, პირველ დიდებულად მიაჩნდათ საფრანგეთში. თუ მაშინდელ მეფეს, ლუი მეთოთხმეტეს, ბედნიერება ჰქონდა, ლუი მეცამეტის შვილად მოვლენოდა ქვეყანას, სამაგიეროდ მის უმაღლესობას ბედნიერება ჰქონდა, ჰენრი მეოთხის შვილად დაბადებულიყო. მაშასადამე, ბლუელებს უნდა ეამაყათ იმ უპირატესობით, რაც ჰერცოგმა გასტონ ორლეანელმა მათ ქალაქს მიანიჭა, ესე იგი, ბლუას ძველ ციხე-დარბაზში თავისი სამეფო კარით დასახლდა.
მაგრამ რას იზამ, ამგვარი ბედი დაჰყვა მაღალშობილ პრინცს: იგი არასდროს იქცევდა ბრბოს ყურადღებას, არც მის გაკვირვებას იწვევდა. დროთა განმავლობაში მიეჩვია კიდეც ასეთ დამოკიდებულებას და იქნებ სწორედ ამიტომ ჰქონდა გულგრილი და მოწყენილი იერი.
წინათ პრინცი ძალიან მოუცლელი იყო, რადგან თორმეტი საუკეთესო მეგობრის დასჯამ ბევრი სადავიდარაბო საქმე გაუჩინა. სამინისტროში კარდინალ მაზარინის მოსვლის შემდეგ კი სიკვდილით დასჯა შეწყდა და იგი სრულიად უსაქმოდ დარჩა, რაც დაეტყო კიდეც მის გუნება-განწყობილებას.
საბრალო პრინცის ცხოვრება მეტად მოსაწყენად მიედინებოდა. დილაობით ბევრონის ნაპირებზე ან შავერნის წარაფში ნადირობდა ხოლმე, შემდეგ ლუარაზე გადადიოდა, შამბორში საუზმობდა მადიანად ან უმადოდ და ბლუას მცხოვრებნი მომდევნო ნადირობამდე ვერაფერს იგებდნენ თავიანთ მბრძანებელსა და ბატონზე.
აი, როგორ იყო მოწყენილი პრინცი extra muros. რაც შეეხება მის მოწყენას ქალაქის კედლებს შიგნით, მკითხველს გავაგებინებთ, თუ გაირჯება და კავალკადას ჩვენთან ერთად მიჰყვება უკან ბლუას ციხე-დარბაზის საზეიმო შესასვლელისკენ.
მისი უდიდებულესობა დაბალ ქურანზე იჯდა. ცხენს ფლანდრიული წითელი ხავერდის დიდი უნაგირი ედგა და ესპანური ფეხსაცმლის მაგვარი უზანგები ჰქონდა. პრინცის მეწამული ხავერდის კამზოლი, ასეთივე ფერის ლაბადის შიგნით რომ ემოსა, უნაგირს ეხამებოდა და ამ წითელი ფერის გამო ყველასგან გამოირჩეოდა. თანამგზავრთაგან ერთს, შტალმაისტერს, ლილისფერი სამოსი ეცვა, მეორეს - ობერ-ეგერმაისტერს - მწვანე. შტალმაისტერი ჰერცოგს ხელმარცხნივ მიჰყვებოდა, ეგერმაისტერი - ხელმარჯვნივ.
ერთ პაჟს ლატანზე ორი შავარდენი შემოესვა. მეორეს ხელში სანადირო ბუკი ეჭირა. ციხე-დარბაზიდან ოც ნაბიჯზე მან ზანტად დაუკრა ბუკი. ზანტი პრინცის გარშემო მყოფნი ასევე ზანტად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. ბუკის ხმაზე კვადრატულ ეზოში მზეზე მოსეირნე რვა გუშაგმა ხელი სტაცა თავ-თავის გრძელტარიან იარაღს (ჩუგლუგი) და მისმა უმაღლესობამ საზეიმოდ შეაბიჯა ციხე-დარბაზში.
როცა ჰერცოგი ეზოში შევიდა, ბიჭები, რომლებიც კავალკადას უკან მისდევდნენ და ერთიმეორეს ნანადირევ ფრინველებზე უთითებდნენ, აქეთ-იქით მიმოიფანტნენ, გზადაგზა ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. მალე ქუჩა, მოედანი და ეზო დაცარიელდა.
მისი უმაღლესობა მდუმარედ ჩამოხტა ცხენიდან, თავისი განსასვენებლისკენ გაემართა, სადაც მსახურმა გამოსაცვლელი სამოსი მიართვა, ხოლო ვინაიდან ჰერცოგინიამ ჯერჯერობით მსახური არ გამოუგზავნა და არ აუწყა, სასაუზმოდ ვსხდებითო, სავარძელში ჩაეშვა და ღრმად ჩაეძინა.
გუშაგები, რაკი იცოდნენ, დაღამებამდე საქმე არ ექნებოდათ, მზეზე, ქვის მერხებზე გაიშხლართნენ. მეჯინიბეები ცხენებთან ერთად საჯინიბოში თვალს მიეფარნენ. ციხე-დარბაზში ყველამ დაიძინა მისი უმაღლესობის მსგავსად, მხოლოდ რამდენიმე ჩიტი მხიარულად