I - ჰოფმანის ოჯახი რაინის ნაპირზე, კრიალოსნის მძივებივით აქა-იქ გაფანტულ თვალწარმტაც ქალაქებს შორის, რომელთათვისაც მდინარე შეიძლებოდა ძაფად მიგვეჩნია, არის მანჰაიმი, ბადენის დიდი საჰერცოგოს(ბადენის დიდი საჰერცოგო – მრავალრიცხოვანი მცირე გერმანული სახელმწიფოებიდან ერთ-ერთი, რომელიც გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის საზღვრებში შედიოდა. 1871 წლიდან სანახევროდ ავტონომიური სახელმწიფო გერმანიის იმპერიის ფარგლებში მოექცა. 1806-1918 წლებში კი დიდი საჰერცოგოს სახით არსებობდა.) მეორე დედაქალაქი; მანჰაიმი – დიდი ჰერცოგის მეორე რეზიდენცია.
დღეს, როდესაც რაინზე აღმა-დაღმა მცურავი გემები მანჰაიმის ნავსადგურში შედიან; დღეს, როდესაც მანჰაიმში რკინიგზით შეიძლება ჩასვლა; დღეს, მას შემდეგ, რაც მანჰაიმმა – გახურებული სროლისას, თმაგაწეწილმა, სისხლით მოსვრილი პერანგის ამარამ – დიდი ჰერცოგის საწინააღმდეგო აჯანყების(1848 წლის აპრილსა და ოქტომბერში ბადენში აჯანყება მოხდა, რაც მთავრობის ჯარებმა ჩაახშეს. 1849 წლის მაისში ბადენი მონაწილეობდა გერმანიის ერთიანობის დასაცავად წამოწყებულ აჯანყებაში, რომელსაც პრუსიის, ვიურტემბერგისა და ბავარიის არმიები გაუსწორდნენ.) დროშა ააფრიალა, უკვე აღარ ვიცი, რა არის მანჰაიმი. მაგრამ იმ დროს, როდესაც ეს ამბავი დაიწყო, ანუ დაახლოებით ორმოცდათექვსმეტი წლის წინ, შემიძლია გითხრათ, რას წარმოადგენდა ის.
ეს იყო შესანიშნავი გერმანული ქალაქი, მშვიდი და იმავდროულად პოლიტიკურად აქტიური, ცოტათი მოწყენილი ან, შეიძლება ითქვას, ცოტათი მეოცნებე; ეს იყო ავგუსტ ლაფონტენისა(ავგუსტ ჰაინრიხ იულიუს ლაფონტენი (1758-1831) – გერმანელი მწერალი, 200-ზე მეტი რომანისა და ნოველის ავტორი, სენტიმენტალური „ოჯახური რომანების“ ჟანრის ფუძემდებელი.) და გოეთეს(იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749-1832) – გერმანელი პოეტი, მოაზროვნე, განმანათლებლობის ეპოქის წარმომადგენელი გერმანიაში; ახალი გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.) რომანების, ჰენრიეტა ბელმანისა(ბელმანი – ავგუსტ ლაფონტენის ამავე სახელწოდების რომანის პერსონაჟი. ) და ვერტერის(ვერტერი – გოეთეს რომანის – „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“ (დაიბეჭდა 1774 წელს) – პერსონაჟი. ) ლექსების ქალაქი.
და მართლაც, საკმარისია თვალი შეავლოთ მანჰაიმს – მის მიჯრით ჩამწკრივებულ სახლებს, მის ოთხ უბანს, მის ფართო და ლამაზ ქუჩებს, სადაც გაზონები იზრდება, მის მითოლოგიურ შადრევანს, აკაციების ორი რიგით დაჩრდილულ სასეირნო ადგილს – და მიხვდებით, რამდენად სასიამოვნო და ადვილი იქნებოდა ცხოვრება ასეთ მიწიერ სამოთხეში, სასიყვარულო ანდა პოლიტიკურ ვნებებს ვერტერისთვის ხელში პისტოლეტი, ხოლო ზანდისთვის(კარლ ლუდვიგ ზანდი (1795-1820) – იენის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც 1819 წელს მანჰაიმში სიცოცხლეს გამოასალმა რეაქციონერი მწერალი ავგუსტ ფრიდრიხ ფერდინანდ კოცებუ (1761-1819), რისთვისაც სიკვდილით დასაჯეს.) ხანჯალი რომ არ მიეცა.
ქალაქში არის ერთი განსაკუთრებული ადგილი, მოედანი, სადაც გვერდიგვერდ აუგიათ ეკლესია და თეატრი.
ეკლესიაცა და თეატრიც ერთსა და იმავე დროს აშენდა, სავარაუდოდ, ორივე ნაგებობას ერთი არქიტექტორი ჰყავდა. როგორც ჩანს, იმ საუკუნის შუა წლებში აიგო, როდესაც ფავორიტი ქალის კაპრიზები ისეთ გავლენას ახდენდა ხელოვნებაზე, რომ ხელოვნების მთელ დარგს მისი სახელი ეწოდებოდა – ეკლესიიდან დაწყებული და უმნიშვნელო სახლით დასრულებული, ათი წყრთის სიდიდის ქანდაკებიდან საქსონური ფაიფურის ნაკეთობამდე.
მაშასადამე, მანჰაიმის ეკლესია და თეატრი პომპადურის სტილითაა(ჟან ანტუანეტ პუასონი მარკიზა დე პომპადური, იგივე მადამ დე პომპადური (1721-1764) – მეფე ლუი XV-ის ფავორიტი ქალი, რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა XVIII საუკუნის შუა წლებში ევროპულ ხელოვნებაში დამკვიდრებულ როკოკოს სტილზე, რასაც მეტისმეტი ფუფუნება გამოარჩევდა.) აგებული.
ეკლესიის ფასადზე ორი ნიში მოჩანს: ერთში მინერვას(მინერვა – რომაულ მითოლოგიაში ხელოსნების, მხატვრების, მოქანდაკეების, მასწავლებლების, პოეტების, მუსიკოსების მფარველი. ) ქანდაკება დგას, მეორეში კი – ჰებეს(ჰებე – ბერძნულ მითოლოგიაში მარადიული სიჭაბუკის ქალღმერთი, რომელიც ღმერთებს ახალგაზრდობის შემანარჩუნებელ ნექტარსა და ამბროზიას აწვდის. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ის ცოლად შერთეს ცად ამაღლებულ ჰერაკლეს. ტრადიციულად, მონა, რომელიც მდევარს ჰებეს სახელზე აგებულ ტაძარში შეასწრებდა, თავისუფლებას იღებდა.) ქანდაკება.
თეატრის კარს ორი სფინქსი იცავს. ერთი სფინქსი კომედიას გამოხატავს, მეორე – ტრაგედიას. პირველ სფინქსს კლანჭებში ნიღაბი ჩაუბღუჯავს, მეორეს – ხანჯალი. ორივეს თითქოს პუდრმოყრილი შინიონი(შინიონი – ქალის ვარცხნილობა: კეფაზე დაწყობილი ნაწნავები, კულულები. ხშირად შინიონი სხვისი თმისგანაა დამზადებული.) ადევს, რაც შესანიშნავად ეხამება მათ ეგვიპტურ ბუნებას.
მოედანზე, ამ ორი შენობის გარშემო, ყველაფერი იმავე სტილშია: სახლები, ტოტებჩახლართული ხეები, გირლანდებიანი გალავნები და, საერთოდ, მთელი არქიტექტურული ანსამბლი თვალს ახარებს.
მაშ, ასე! ახლა მკითხველი უნდა წავიყვანოთ იმ სახლის მეორე სართულის ერთ-ერთი ოთახის ფანჯრისკენ, რომელიც იეზუიტების(იეზუიტები – იგნატიუს ლოიოლას მიერ ჩამოყალიბებული „იესოს საზოგადოების“ სახელით ცნობილი კათოლიკური ეკლესიის ყველაზე რეაქციული ორდენი. პაპისგან კურთხევა მიიღო 1540 წელს.) ეკლესიას უყურებს და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ორმოცდაათიოდე წლით გავახალგაზრდავდეთ, რადგან მოქმედება, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, 1793 წელს იწყება, მაისის 10 რიცხვში, კვირა დღეს. გარშემო ყველაფერი ყვავის: წყალმცენარეები მდინარის ნაპირზე, ზიზილები მინდვრებში, კუნელი