I
კოლბერის პირველი გამოჩენა
ღამე ტანჯვა-წამებით გაატარა მომაკვდავმაც და მეფემაც: მომაკვდავი ხსნას ელოდა, მეფე - თავისუფლებას.
ლუი მეთოთხმეტე არ წვებოდა. კარდინალის საწოლი ოთახის დატოვებიდან ერთი საათის შემდეგ შეიტყო, რომ მომაკვდავმა თავი უკეთ იგრძნო და ბრძანა, ჩაეცვათ, ფერ-უმარილი წაესვათ და დაევარცხნათ, თან ელჩების მიღებაც ისურვა.
კარდინალს ავგუსტუსის მსგავსად ქვეყანა ვეება თეატრად წარმოედგინა და განზრახული ჰქონდა, ჯეროვნად ეთამაშა თავისი კომედიის ბოლო მოქმედება.
ანა ავსტრიელი მეტად აღარ გამოჩენილა კარდინალთან. მასთან აღარაფერი ესაქმებოდა. სხვათა შორის, არც კარდინალს მოუკითხავს, რადგან კარგად ახსოვდა, რა რჩევაც მისცა დედოფალმა შვილს.
მაზარინის დაახლოებით შუაღამისას, როცა ღაწვებიდან ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადასული ფერ-უმარილი, სულთმობრძაობა დაეწყო. ახლა კვლავ წაიკითხა ანდერძი, რომელიც მთლიანად გამოხატავდა მის სურვილებს. იმის შიშით, რომ ვინმეს არ დაეძალებინა, რაიმე შეეცვალა ანდერძში, კარდინალმა კოლბერს, რომელიც მომაკვდავის საწოლი ოთახის წინ დერეფანში მიმოდიოდა, უბრძანა, მასთან არავინ შეეშვა.
თავის ოთახში ჩაკეტილი მეფე გამდელს ყოველ საათს გზავნიდა მაზარინის განსასვენებელში, რათა ზუსტი ცნობები მოეტანა მისი მდგომარეობის შესახებ. როცა გაიგო, მაზარინიმ ჩაცმა, დავარცხნა, გამოწყობა და ელჩების მიღება ინებაო, მიხვდა, რომ მისთვის სულთაბრძოლის ლოცვა დაიწყო.
შუაღამისას, პირველ საათზე, გენომ უკანასკნელი საშუალება, როგორც ამბობდნენ, ძლიერმოქმედი წამალი იხმარა. იმხანად ფიქრობდნენ, თითქოს სიკვდილის საწინააღმდეგო რაღაც შინაური წამლები არსებობდა.
მაზარინი გენოს წამლის მიღების შემდეგ ათი წუთით დამშვიდდა. მაშინვე გასცა განკარგულება, ხმა გაევრცელებინათ, თითქოს ავადმყოფობის მსვლელობაში ბედნიერი გარდატეხა მოხდა. როცა მეფემ ეს გაიგო, შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა. მან უკვე იხილა თავისუფლების განთიადი და მონობა ახლა უფრო აუტანლად ეჩვენა, მაგრამ შემდგომმა ცნობამ სრულიად შეცვალა სურათი: კარდინალი თურმე სულს ძლივს ითქვამდა და ისე უსმენდა ლოცვებს, რომელთაც წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის აბატი უკითხავდა.
ძლიერ აღელვებული მეფე სიარულს მოჰყვა ოთახში, თან ზარდახშიდან ამოღებულ ქაღალდებს ათვალიერებდა. ამ ზარდახშის გასაღები მხოლოდ მას ჰქონდა.
გამდელი მესამეჯერ დაბრუნდა ავადმყოფისგან და მეფეს აცნობა, მაზარინიმ ზმა თქვა და ბრძანა, მისი კუთვნილი ტიციანის „ფლორა“ ლაქით დაეფარათო.
ღამის ორ საათზე მეფეს დაღლილობა მოერია: მას ორი დღე-ღამე არ ეძინა. ძილმა, სიყმაწვილეში რომ ვერაფერს აკლებდა, ახლა კისერი მოტეხა, მაგრამ ლოგინში არ ჩაწოლილა, სავარძელში დაიძინა. ოთხ საათზე კი გამდელი შემოვიდა და გააღვიძა.
- აბა, როგორაა საქმე? - ჰკითხა მეფემ.
გამდელმა თანაგრძნობის ნიშნად გულზე ხელები დაიკრიფა და წაიჩურჩულა:
- თქვენო უდიდებულესობავ, ის გარდაიცვალა!
მეფე ზეზე წამოვარდა, თითქოს ფოლადის ზამბარამ წამოაგდოო.
- მართლა?
- დიახ.
- ვინ გითხრათ?
- ბატონმა კოლბერმა.
- დანამდვილებით იცის?
- საწოლი ოთახიდან გამოვიდა და თქვა, კარდინალს ტუჩებზე თვითონ დავადე სარკეო.
- აჰა, კარგი! - აღმოხდა მეფეს, - თვითონ კოლბერი სადღაა?
- ეს-ესაა ავადმყოფის საძინებლიდან გამოვიდა.
- მერედა, სად წავიდა?
- მე გამომყვა.
- მაშ, ის...
- აქაა, თქვენო უდიდებულესობავ, თქვენს კართან იცდის, თუ ინებებთ მის მიღებას.
ლუიმ კართან მიირბინა, გააღო და დერეფანში უძრავად მდგარი კოლბერი დაინახა. შავებში ჩაცმული ამ ქანდაკების ხილვაზე მეფე შეკრთა, შემდეგ ანიშნა, მომყევიო.
- რის სათქმელად მოხვედით, ბატონო? - ჰკითხა კოლბერს შემცბარმა ლუიმ, რომ იდუმალ აზრებს მიუხვდნენ, რომელთა დაფარვა მას არ შეეძლო.
- ბატონი კარდინალი გარდაიცვალა, თქვენო უდიდებულესობავ, საუკუნოდ გამოგვეთხოვა.
მეფე დაფიქრდა. ყურადღებით უცქერდა კოლბერს და კარდინალის სიტყვებს იხსენებდა.
- თქვენ ერთგული მსახური ბრძანდებოდით მისი მაღალუსამღვდელოებისა, რაზეც თავად მეუბნებოდა.
- დიახ, თქვენო უდიდებულესობავ.
- მისი ზოგიერთი საიდუმლო იცოდით, არა?
- ყველა საიდუმლო.
- მე მეძვირფასება გარდაცვლილი კარდინალის მეგობრები და მსახურები, ვიზრუნებ, რომ თქვენ ჩემს სამსახურში მიგიღონ.
კოლბერმა თავი დაუკრა.
- მგონი, ფინანსისტი ბრძანდებით, არა?
- დიახ, თქვენო უდიდებულესობავ.
- ვგონებ, უშუალოდ ჩემი გვარეულობისათვის არასდროს გიმსახურიათ.
- უკაცრავად, თქვენო უდიდებულესობავ, ბედნიერება მქონდა, ბატონი კარდინალისთვის მიმეწოდებინა აზრი ეკონომიის შესახებ, რომელიც თქვენი უდიდებულესობის ხაზინას ყოველწლიურად სამასი ათას ფრანკს შემატებს.
- რა ეკონომიაა ეს, ბატონო? - ჰკითხა ლუი მეთოთხმეტემ კოლბერს.
კოლბერმა მიუგო:
- თქვენს უდიდებულესობას მოეხსენება, რომ შვეიცარიელების ასეულს ლენტის ბოლოში ვერცხლის მაქმანი უკეთია?
- ვიცი.
- კარდინალს შევთავაზე, ლენტებისთვის ყალბი ვერცხლის მაქმანი მიეკერებინათ. ამას ვერავინ შეამჩნევს, ასი ათასი ეკიუთი კი შეიძლება ექვსი თვე გამოკვებო პოლკი და ათი ათასი კარგი მუშკეტერი იყიდო, ანდა ათზარბაზნიანი ხომალდი ააგო.
- მართალია, - შენიშნა ლუი მეთოთხმეტემ, რომელიც კიდევ უფრო მეტი ყურადღებით აკვირდებოდა კოლბერს, - ჩემი აზრით, ეკონომია ერთობ დროულია. სასაცილოა