I
უსარგებლო ძალისხმევა
დე გიშთან რაულს დე ვარდი და მანიკანი დახვდნენ.
დუელის შემდეგ დე ვარდი თავს ისე იჭერდა, თითქოს რაულს არ იცნობდა.
გიში წამოდგა და რაულს შემოეგება. როცა გრაფი მეგობარს გულმხურვალედ ართმევდა ხელს, რაულმა სწრაფად შეავლო თვალი მის სტუმრებს და სცადა გაეგო, რატომ იყვნენ შეწუხებულნი.
დე ვარდი ცივი და გულჩათხრობილი ჩანდა. მანიკანი თითქოს ოთახის მორთულობის ცქერით იყო გართული. დე გიშმა რაული გვერდითა ოთახში გაიყვანა და სკამზე დასვა.
- ყოჩაღად გამოიყურები! - უთხრა მას.
- უცნაური კია, - მიუგო რაულმა, - ძალიან ცუდ გუნებაზე ვარ.
- ისევე, როგორც მე. რაულ, სამიჯნურო საქმეები ვერა მაქვს კარგად.
- მით უკეთესი, გრაფო. მეტად გულნატკენი დავრჩებოდი, რომ კარგად გქონოდათ.
- ჰოდა, გაიხარე. ფრიად უბედური ვარ, ირგვლივ კი მხოლოდ ბედნიერ ხალხს ვხედავ.
- ვერაფერი გამიგია, ჩემო მეგობარო, ამიხსენი ერთი, გეთაყვა, რა გჭირს, - მიუგო რაულმა.
- ახლავე გეტყვი ყველაფერს... მე უშედეგოდ ვებრძოდი ჩემს გრძნობას. იგი ძლიერდებოდა და თანდათან ერთიანად დამეუფლა. გავიხსენე შენი რჩევა. მთელ ძალისხმევას ვუხმე შემწედ. კარგად მესმის, რასაც ჩავდივარ. ვიცი, ეს ამბავი გადამიყოლებს, მაგრამ ვერაფერს ვხდები! უკან არაფრით დავიხევ.
- უგუნური ხარ! შენ ხომ პირველივე ნაბიჯი დაგღუპავს.
- დაე, მოხდეს მოსახდენი!
- იმედი გაქვს, წარმატებას მიაღწევ, გგონია, პრინცესა შეგიყვარებს!
- დარწმუნებული არ ვარ, რაულ, მაგრამ იმედი კი მაქვს, ვინაიდან უიმედოდ ცხოვრება შეუძლებელია.
- ვთქვათ, წარმატებას მიაღწიე. მერედა, ხომ უთუოდ დაიღუპები?
- რაულ, გევედრები, ნუ მეკამათები. სულერთია, ვერ გადამარწმუნებ. ისე დიდხანს ვიღვწოდი ჩემი მიზნისთვის, უკან დახევა უკვე აღარ შემიძლია, ისე ძლიერ ვიტანჯებოდი, სიკვდილი შეიძლება სიკეთედ მეჩვენოს. პრინცესა არა მარტო გაგიჟებით მიყვარს, რაულ, არამედ ამასთანავე დაუოკებელი ეჭვი მაწამებს.
რაულმა ხელები მომუშტა. მისი შემხედვარე იფიქრებდით, მრისხანებამ შეიპყროო.
- ო, კარგი ამბავია! - უთხრა გრაფს.
- კარგია თუ ცუდი, ჩემთვის სულერთია. აი, რა მინდა შენგან, ჩემი მეგობრისგან, ჩემი ძმისგან. ბოლო სამი დღე პრინცესა აღტაცებულია და ამის გამო ნიადაგ თავბრუ აქვს დახვეული. პირველ დღეს ვერ ვბედავდი, შემეხედა. მძულდა იმისთვის, რომ ჩემსავით არ იტანჯებოდა. მეორე დღეს თვალს ვერ ვაცილებდი და ის, მე ეს შევამჩნიე... რაულ, ის თუ თანაგრძნობით არა, ერთგვარი კეთილგანწყობით მაინც მიცქერდა. სამწუხაროდ, ჩვენ შორის მესამე პირი ჩადგა. ვიღაცის ღიმილს პრინცესა ღიმილითვე პასუხობს. მისი ცხენის გვერდით ყოველთვის მინავარდობს სხვისი ცხენი. მის ყურთან მუდამ ისმის სხვისი ალერსიანი ხმა. რაულ, მთელი ეს სამი დღე თავი მიხურს, ძარღვებში ცეცხლი მივლის. მე უნდა გავაძევო ეს აჩრდილი, გავაქრო ეს ღიმილი, ჩავახშო ეს ხმა!
- პრინცის მოკვლას აპირებ? - შესძახა გრაფს რაულმა.
- არა, არა! პრინცზე არ ვეჭვიანობ. მე ქმარზე კი არა, საყვარელზე ვეჭვიანობ.
- საყვარელზე?
- დიახ... განა ვერაფერს ამჩნევ? გზაში უფრო გამჭრიახი ჩანდი.
- ჰერცოგ ბუკინგამზე ეჭვიანობ?
- ეჭვი სულს მხდის!
- ისევ?
- ოჰ, ამჯერად საქმის ადვილად მოგვარება შეიძლება. მას უკვე წერილი გავუგზავნე.
- მაშ, შენ მისწერე ბუკინგამს წერილი?
- საიდან იცი?
- თავად მაცნობა. აჰა, დახედე.
ამის თქმაზე რაულმა დე გიშს ბუკინგამის წერილი გაუწოდა, რომელიც თითქმის დე გიშის წერილთან ერთად მიიღო. დე გიშმა წერილი სულმოუთქმელად წაიკითხა და შენიშნა:
- წერილი კეთილშობილი და, რაც მთავარია, თავაზიანი კაცის დაწერილია.
- რასაკვირველია. ჰერცოგი ზრდილობიანი კაცია. ვიმედოვნებ, შენი წერილიც ასევე თავაზიანია.
- გაჩვენებ მას, თუ ბუკინგამთან ჩემი სახელით მიხვალ.
- ეს ხომ თითქმის შეუძლებელია.
- რატომ?
- ჰერცოგი ისევე მთხოვს რჩევას, როგორც შენ.
- ჰო, მაგრამ იმედი მაქვს, უპირატესობას მე მომანიჭებ. მისმინე, აი, რა მინდა გთხოვო. ჰერცოგს უთხრა... ეს ძნელი საქმე არაა... უახლოეს დღეებში - დღეს, ხვალ თუ ზეგ, ერთი სიტყვით, როცა მოისურვებს, თხოვო, რომ მისი ნახვა მინდა ვენსენის ტყეში.
- ჰერცოგი უცხოელია. თანაც თავისი განსაკუთრებული მდგომარეობა უფლებას არ აძლევს, შენს წინადადებას დათანხმდეს... გაიხსენე, რომ ვენსენის ტყე სულაც არაა ბასტილიისგან შორს.
- შედეგები კი მხოლოდ მე შემეხება.
- შეხვედრის მიზეზი რა უნდა იყოს... საბაბი?
- არხეინად იყავი. ამის შესახებ არაფერს შეგეკითხება... მე ისევე ვაღიზიანებ ჰერცოგს, როგორც ის მე. გთხოვ, წახვიდე მასთან და...
- ეს სულაც არაა საჭირო. ჰერცოგმა გამაფრთხილა, რომ შენთან მოლაპარაკება სურს. ის ახლა მეფესთან ბანქოს სათამაშოდაა მიწვეული... ჰოდა, წავიდეთ იქ. მე დერეფანში გამოვიხმობ.