I პერიოდი. პრომეთედან ქრისტიანობამდე შევეცდებით, მოკლედ მოგითხროთ კავკასიაზე. კავკასიის ქედი მდებარეობს გრძედის 35 და 47 გრადუსებს შორის, აზოვის ზღვიდან კასპიის ზღვამდე, ანუ ანაპიდან ბაქომდე. აქ ყველაზე მაღალი მწვერვალებია იალბუზი, სიმაღლით 16700 ფუტი, ყაზბეგი, ანუ მყინვარი, სიმაღლით 14400 ფუტი და შატ-იალბუზი- 12000 ფუტი.
იალბუზზე ფეხი ჯერ არავის შეუდგამს. მთიელები ამბობენ, რომ ამისთვის ღვთის ნებართვაა საჭირო. ბიბლიური გადმოცემით, წარღვნის შემდეგ სწორედ მის მწვერვალზე დამჯდარა მტრედი. მყინვარზე გადმოცემით, პრომეთე ყოფილა მიჯაჭვული. მის ძირში სოფელი სტეფანწმინდაა, რომელიც ძველთაგანვე თავად ყაზბეგთა რეზიდენციას წარმოადგენს. რაც შეეხება შატ-იალბუზს, იგი დაღესტნის საზღვარზეა აღმართული. გრანიტის ეს დიდებული ციხესიმაგრე, რომელსაც მუდმივთოვლიანი ქონგურები ამშვენებს, ჩრდილოეთის მხრიდან ქვიშას ეყრდნობა; ეს ქვიშა ოდესღაც ვეებერთელა ზღვით ყოფილა დაფარული, სადაც კავკასია, ტავრისი, დემავენდი და თავრიდა თურმე კუნძულებად მოჩანდა. ოდესღაც კასპიის ზღვაც ამ დიდებული ზღვის მხოლოდ ერთი ნაწილი ყოფილა. სავარაუდოდ, ჩრდილოეთის მიმართულებით თეთრ და ბალტიის ზღვებთან ერთად იგი ერთ მთლიან ზღვას ქმნიდა.
რთულია დავადგინოთ, რომელ ეპოქაში მოხდა ის დიდი სტიქიური უბედურება, რომელმაც ევქსინის პონტი, არალის ზღვა, ერევნის, ურმიისა და ვანის ტბები ერთმანეთს დააშორა ან რომელ ეპოქაში წარმოიქმნა ენიკოლის, დარდანელის, მესინის და გიბრალტარის სრუტეები? არსებობს უტყუარი ფაქტი, რომ კასპიის ზღვა მიწისქვეშა არხებით ახლაც უკავშირდება სხვა ზღვებს. ურალიდან, ვოლგიდან, თერგიდან და მტკვრიდან შემოსული წყლები სწორედ ამ არხებით გაედინება ზღვებში. ამბობენ, რომ კასპიის ზღვის სიღრმე ცვალებადია. წყლის კლებისას ზოგი ადგილი შიშვლდება. კასპიის ზღვის მიწისქვეშა არხებით სხვა ზღვებთან კავშირს ისიც ადასტურებს, რომ ყოველწლიურად, ზამთრის დამდეგს, სპარსეთის ყურესთან გამოჩნდება ხოლმე მცენარეულობა, რომელიც მხოლოდ კასპიის დიდი ტბის ნაპირებსა და სიღრმეებს ახასიათებს.
კავკასიონი ქედების ორი პარალელური მწკრივია. მათგან უფრო მაღალი სამხრეთით მიიმართება, დაბალი - ჩრდილოეთით. პირველ ჯაჭვს შეიძლება თეთრი, ხოლო მეორეს შავი მთები ეწოდოს. მეორე ჯაჭვის ცნობილი მწვერვალებია: მელოტი მთა, ქურდების მთა, ქარიშხლის მთა, ბნელი ტყე და ხანჯალი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქ ორი გასასვლელი გაჩნდა: დარიალისა და დარუბანდის ხეობა, რომელსაც, ტრადიციით, ალექსანდრეს კარს უწოდებენ. თოვლიანი მთები ბაზალტის, პორფირის, გრანიტისა და სიენიტისგან შედგება, ხოლო შავი - კირქვის, მერგელიანი ქვიშაქვისა და ფიქალისგან.
სტრაბონი გვიამბობს კოლხეთის ოქროს საბადოებზე, საიდანაც წვიმის წყალს ღელეებში ოქრო ჩაჰქონდა, რომელსაც კოლხები ცხვრისბეწვიანი ტყავით აგროვებდნენ და მდიდრდებოდნენ.
სწორედ აქედან იღებს სათავეს ლეგენდა ოქროს საწმისზე.
ნუზალის ეკლესიაში დღესაც შემონახულია ქართული წარწერა, რომელიც გვაუწყებს, რომ ოდესღაც ამ ქვეყანაში იმდენი კეთილშობილი ლითონი მოიპოვებოდა, რამდენიც დღეს მტვერია. ასეთი სიმდიდრე შეიძლება საეჭვოდ მიგვეჩნია, მაგრამ ვიცით, რომ იქ ნამდვილად არსებობს ნაკლებ ძვირფასი, მაგრამ უფრო იშვიათი ბუნებრივი პროდუქტი - ნავთობი, რომელსაც კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე უხვად იღებენ.
კავკასიის საზღვრებს ჩრდილოეთით მდინარე ყუბანი და თერგი, სამხრეთით კი - კირუსი და არაქსი ქმნის. კირუსი დღევანდელი მტკვარია, ხოლო არაქსი სკვითების იელისია. ზოგჯერ არაქსი დონთან, ასევე ფაზისთან ანუ დღევანდელ რიონთან ერეოდათ. არაქსი და რიონი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მიედინებიან. არაქსი გველებით განთქმული მუღანის ველის ზემოთ მტკვარს ერთვის, ხოლო რიონი ფოთსა და რედუტ-კალეს შორის შავ ზღვაში ჩაედინება. რაც შეეხება ყუბანს, იალბუზიდან გამოედინება, აფხაზეთს ჰკვეთს, გარს ეკვრის მთელ ჩერქეზეთს და ტამანს ქვემოთ, შავ ზღვას ერთვის. ამ მდინარეს ჰეროდოტე და სტრაბონი ჰი პანისს უწოდებენ, პტოლემე კი - ვარდანესს. XIX საუკუნეში, როცა თათრებმა სკვითია დაიკავეს, ეს მდინარე ყუმანად და ყუბანად მონათლეს. რუსებმა ეს უკანასკნელი სახელი გაითავისეს. ამ მდინარის მარჯვენა ნაპირზე კაზაკთა კოლონიები იყო.
იგივეს ვერ ვიტყვით კავკასიაზე, რომლის სახელწოდებაც უძველესი ღმერთის მიერ ჩადენილ პირველ მკვლელობას უკავშირდება. როცა სატურნმა თავისი მამა დაასახიჩრა, იგი თავის შვილს, იუპიტერსაც შეებრძოლა. სატურნმა უკან დაიხია. ამ დროს გზაზე შემოხვდა მწყემსი კავკაზოსი, რომელიც ნიფატიზე (არმენიისა და სირიის გამყოფი მთა) ცხვრის ფარას მწყემსავდა. კავკაზოსმა გაქცეულს გზა მოუჭრა. სატურნმა იგი ცელის ერთი მოქნევით აკაფა. იუპიტერმა ამ მკვლელობის უკვდავსაყოფად მსხვერპლის სახელი კავკასიის მთებს დაარქვა. არმენიის, მცირე აზიის, ყირიმისა და სპარსეთის მთები სინამდვილეში კავკასიის მთათა ჯაჭვის დანაწევრებას წარმოადგენს.
ამის შემდეგ კავკასიის ერთ-ერთი მწვერვალი, ყაზბეგი, სასჯელის ადგილად იქცა. სკვითების ფრომ-თეუტი, იგივე ბერძნების პრომეთე, ვულკანმა ამ მთაზე ჯაჭვით მიაბა. მას ციური ცეცხლი შთაბერა, რომელიც ცას მოსტაცა და ლერწმის ფუღუროში დამალა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ფრომ-თეუტი სკვითურად „ქველ ღვთაებას“ ნიშნავს, ხოლო პრომეთე ბერძნულად - „წინასწარმეტყველ ღმერთს“. ეჭვგარეშეა, მისი მხრიდან წინდახედულობა იყო, - ამბობს მითიური წყარო, -