წინათქმა სიტყვა თავისუფლება ყოველი ადამიანისთვის, სულერთია, რომელ სახელმწიფოში და როგორ საზოგადოებაშიც უნდა ცხოვრობდეს იგი, თანამედროვე ურთიერთდაპირისპირებული სამყაროს რომელ მხარესაც არ უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ადგილი ჰეგემონური პოლიტიკური ძალებისაგან, მაინც ამაღლებულ გრძნობას წარმოშობს და გარკვეულ მორალურ-ღირებულებითი და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია. ამას ხაზს ვუსვამთ იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა წინასწარგანსაზღვრული საზომით განსაზღვრავენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი ადამიანების, საზოგადოებების, სახელმწიფოების არსებობის ნირს: დემოკრატიულად, გონებრივად, ავტორიტარულად თუ ტერორისტულად.
ყოველდღიურ მეტყველებაში თითქოს ყველასთვის ცხადია რა არის თავისუფლება, რა არსობრივი საფუძველი უდევს მას, მაგრამ სწორედ ამ ყოველდღიურ სიცხადეს ახლავს დაფარულობა, რითაც სიცხადე იფარება. ეს დამფარავი კი თავად ყოველდღიური სიცხადეა. ამის ნათელსაყოფად ორიოდ მაგალითი შეგვიძლია მოვიშველიოთ კაცობრიობის უახლესი ისტორიიდან.
ყველასთვის, მეტ-ნაკლებად საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდესი პოზიტიური მოვლენა იყო, რადგან ის ეფუძნებოდა ავტორიტარული, დიქტატორული, ტირანული მმართველობის პრინციპს, თუმცა თავის თავს სოციალისტურ სახელმწიფოდ აცხადებდა. ეს ტრადიცია, გარკვეულწილად, დღემდე გრძელდება და ყველაზე სასტიკი ტირანული პოლიტიკური რეჟიმების მქონე სახელმწიფოთა ნაწილი სოციალიზმის იდეას არის ამოფარებული. სოციალიზმის იდეა, როგორც საერთოდ ყველა იდეა, თავის თავში წინააღმდეგობრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გააჩნიათ როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კონოტაციები.
ერთი რამ ცალსახაა: სოციალიზმი გარკვეული ტიპის თანასწორობას გულისხმობს, რაც სამართლიანობასთან არის დაკავშირებული. თუმცა, კიდევ სხვა საკითხია, თუ როგორი კუთხით (უმეტესად ნეგატიური თუ პოზიტიური) იყო მასში სისტემურად წარმოდგენილი და ისტორიულად გამოვლენილი თანასწორობა და სამართლიანობა.
მართლაც, იდეათა ეს წინააღმდეგობრივი ხასიათი ისტორიულობაში ყოველთვის ხელთმყოფია. ასე მაგალითად, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი მახლობელი აზიის რესპუბლიკებში, გარკვეული თვალსაზრისით, ბევრად მეტი სამართლიანობა და თანასწორობა იყო მაშინ, ვიდრე დღესაა, როდესაც ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენენ (თუმცა ჰეგემონური გავლენის სფეროში შედიან), მაგრამ არსობრივად, შუა საუკუნეების ფეოდალური მმართველობის სისტემების სახელმწიფოებთან უფრო ახლოს დგანან, ვიდრე დემოკრატიულ სახელმწიფოებთან, როგორებადაც თავის თავს მოიხსენიებენ. საერთოდ, როგორ ხდება, რომ ავღანელ თალიბანებს „დემოკრატიული“ კონიუნქტურის შესაბამისად, ხან თავისუფლებისთვის მებრძოლ სიმბოლოდ ვსახავთ, ხანაც კი კაცობრიობის უსასტიკეს მტრებად - ტერორისტებად - ვაცხადებთ?
შეიძლება კი დემოკრატიის და თუნდაც პოლიტიკური თავისუფლების ექსპორტი? შეიძლება, რომ დროის ერთ პატარა მონაკვეთში მთელი საზოგადოების, სახელმწიფოს ცნობიერება შეიცვალოს, თუ ეს მხოლოდ ჰეგემონური ძალების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელ ქვეყანას რა იარლიყს მიაკრავენ? აქ შეიძლება გავიხსენოთ, მადლენ ოლბრაიტის მიერ ამერიკისთვის არასასურველი ქვეყნების, როგორც „მამაძაღლი“ ქვეყნების აღნიშვნა, რის გამოც როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი ცნობილი მოაზროვნეების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. შეგვიძლია კითხვების რიგი გავაგრძელოთ: ცალსახაა, რომ დემოკრატიული ქვეყნის ყოველი მოქალაქე იმთავითვე არსობრივად თავისუფალია? თუ დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს აქვს პრობლემები თავისუფლების მიღწევის გზაზე და ეს მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური წყობის მიერ არ არის გამოწვეული? დემოკრატიულმა პოლიტიკურმა წყობამ ადამიანის ხელშეუხებლობა შეიძლება გახადოს გარანტირებული, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს შინაგან, ექსისტენციალურ თავისუფლებას. კაცობრიობის ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე გ. ვ. ფ. ჰეგელი თავის სამართლის ფილოსოფიაში თავისუფალი სახელმწიფოებრივი მოწყობის ექსპორტის შესახებ წერდა:
ვინაიდან სული მხოლოდ იმდენად არის ნამდვილი, როგორც მან იცის თავისი თავი, და სახელმწიფო, როგორც ხალხის სული, იმავდროულად ყველა თავისი მიმართების განმსჭვალავი კანონი, ზნე და ცნობიერებაა თავისი ინდივიდებისა, განსაზღვრული ხალხის სახელმწიფო წყობა საერთოდ დამოკიდებულია მისი თვითცნობიერების ნირსა და განათლებაზე; სწორედ ამაში მდგომარეობს მისი სუბიექტური თავისუფლება და სახელმწიფო მოწყობის სინამდვილე.
სურვილი იმისა, რომ ერს a priori მისცე შინაარსობრივად - ცოტად თუ ბევრად გონებრივი - კონსტიტუცია, არ ითვალისწინებს იმ მომენტს, რომლის წყალობითაც იგი უფრო მეტია, ვიდრე აზრის საგანი. ამიტომ, ყოველ ხალხს აქვს თავისი საკუთარი სახელმწიფოებრივი წყობა, რომელიც მას შეესატყვისება და განეკუთვნება.
სახელმწიფოს წყობამ/კონსტიტუციამ უნდა გამსჭვალოს თავის შიგნით არსებული ყველა მიმართება. ნაპოლეონს უნდოდა ესპანეთისთვის a prori მიეცა კონსტიტუცია, მაგრამ ეს საკმაოდ ცუდად წარიმართა, ვინაიდან კონსტიტუცია არ არის მხოლოდღა შექმნილი: ის საუკუნოვანი შრომის ნაყოფია, იდეა და გონებრივის ცნობიერებაა, რამდენადაც იგი ხალხშია განვითარებული. ამიტომ, არცერთი კონსტიტუცია არ არის სუბიექტების შექმნილი. ის, რაც ნაპოლეონმა ესპანეთს მისცა, უფრო გონებრივი იყო, ვიდრე ის, რაც მას ადრე ჰქონდა, მაგრამ ესპანელებმა უკუაგდეს იგი როგორც მათთვის უცხო რამ, ვინაიდან ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ საამისოდ საკმარისად განათლებულნი. იმისთვის, რათა ხალხს კონსტიტუცია ჰქონდეს, აუცილებელია მას თავისი უფლებისა და მდგომარეობის შეგრძნება ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გარეგნულად ხელთმყოფი იქნება და მნიშვნელობასა და ღირებულებას მოკლებული იქნება. მართალია, ცალკეულ ინდივიდში შეიძლება თავი იჩინოს უკეთესი კონსტიტუციის მოთხოვნილებამ