მეტამორფოზი როცა ერთ დილით გრეგორ ზამზას მშფოთვარე სიზმრებისგან გაეღვიძა, აღმოაჩინა, რომ უზარმაზარ მწერად ქცეულიყო. საკუთარ საწოლში ჯავშანივით მაგარ ზურგზე იწვა და თავს თუ ოდნავ წამოსწევდა, ამობურცულ, ყავისფერ, რკალისებრი გამაგრებებით დაფარულ მუცელს ხედავდა, რომლის ქიმიდანაც საბანი თითქოს სადაცაა უნდა ჩამოცურდესო, და ძლივს ჩერდებოდა. ჩვეულებრივ ზომასთან შედარებით შესაბრალისად წვრილი, უამრავი ფეხი უმწეოდ ფართხალებდა მის თვალწინ.
„ნეტავ, რა დამემართა“, - ფიქრობდა ზამზა. სიზმარს არ ჰგავდა. მისი ოდნავ მომცრო, თუმცა კი ნამდვილი, ადამიანური ოთახი ძველებურად იყო მოქცეული კარგად ნაცნობ ოთხ კედელს შუა. მაგიდაზე ქსოვილების კოლექციის ნიმუშები იყო მიმოფენილი - ზამზა კომივოიაჟორი გახლდათ - ხოლო მაგიდის თავზე სურათი ეკიდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ილუსტრირებული ჟურნალიდან ამოეჭრა და ლამაზ, მოოქრულ ჩარჩოში ჩაესვა. სურათზე ქალი იყო გამოსახული, ბეწვის ქუდითა და ბოათი. წელგამართული იჯდა და ბეწვის მძიმე მუფთას, რომელსაც მისი მკლავი იდაყვამდე მთლიანად დაეფარა, მნახველისკენ იშვერდა.
გრეგორმა ფანჯარას გახედა, წვიმის წვეთები ხმაურით ეცემოდა თუნუქის რაფას. მოჟამულმა ამინდმა მელანქოლიურად განაწყო. იქნებ ცოტა კიდევ წავუძინო და ყველა ეს სისულელე დავივიწყოო, გაიფიქრა, მაგრამ ეს სრულიად შეუძლებელი ჩანდა, რადგან მარჯვენა მხარეზე ძილს იყო მიჩვეული, ახლანდელ მდგომარეობაში მყოფი კი ამას ვერ ახერხებდა. როგორი ძალითაც არ უნდა ეცადა მარჯვენა მხარეს გადატრიალება, მაინც ზურგზე გადმოგორდებოდა ხოლმე. ასჯერ მაინც მოინდომა, თვალებიც დახუჭა, მოფართხალე ფეხები რომ აღარ დაენახა, და მხოლოდ მაშინ შეეშვა წვალებას, როცა გვერდში ჯერ აქამდე განუცდელი, მსუბუქი, ყრუ ტკივილი იგრძნო. „ღმერთო, ეს რა დამღლელი პროფესია ავირჩიე“, ფიქრობდა ზამზა, „ყოველდღე გზაში ვარ. საქმესთან დაკავშირებული მღელვარება ბევრად უფრო დიდია, ვიდრე თვითონ საქმე და ამას კიდევ მგზავრობის სატანჯველიც ემატება: ერთი მატარებლიდან მეორეში გადაჯდომა, არარეგულარული, ცუდი კვება და ადამიანებთან არასტაბილური, ხანმოკლე ურთიერთობები, რომლებიც ღრმა ვერასოდეს გახდება. ეშმაკსაც წაუღია ეს ყველაფერი!“ მაღლა, მუცელზე, მსუბუქი ქავილი იგრძნო, ზურგზე მწოლიარე ნელ-ნელა მიჩოჩდა საწოლის თავისკენ, კისრის წამოწევა რომ შესძლებოდა. იმ ადგილს მიაგნო, რომელიც ექავებოდა. ადგილი მთლიანად იყო დაფარული პატარა, თეთრი წინწკლებით, რომელთა მნიშვნელობაც არ იცოდა. სცადა ფეხით მისწვდომოდა, მაგრამ მაშინვე უკან წაიღო, რადგან შეხებისთანავე ცივმა ჟრუანტელმა დაუარა.
სრიალ-სრიალით ისევ წინა მდგომარეობას დაუბრუნდა. „ეს ადრე ადგომა აშტერებს ადამიანს“, - ფიქრობდა ზამზა. „ძილი აუცილებლია. სხვა კომივოიაჟორები ჰარამხანის მხევლებივით ცხოვრობენ. როცა მე დილით სასტუმროში ვბრუნდები, რათა მიღებული შეკვეთები ჩავიწერო, ეს ვაჟბატონები ჯერაც საუზმეს უსხედან. მე რომ ეს გამეკეთებინა, ჩემი უფროსი მაშინვე სამსახურიდან დამიფრენდა. ვინ იცის, იქნებ კარგიც ყოფილიყო ჩემთვის! მშობლები რომ არა, უკვე დიდი ხნის წამოსული ვიქნებოდი. უფროსთან მივიდოდი და ყველაფერს ვეტყოდი, რაც გულში მაქვს. ნამდვილად ჩამოვარდებოდა თავისი კათედრიდან! ეს კათედრაზე ჯდომა და ხელქვეითებთან ასეთი სიმაღლიდან საუბარიც უცნაური რამეა. თან სმენა დაქვეითებული აქვს და ახლოს უნდა დაუდგე. რაც მთავარია, იმედი მთლად არ დამიკარგავს. როგორც კი იმდენ ფულს შევაგროვებ, რომ მშობლების ვალი დავაბრუნო, აუცილებლად წამოვალ. ამას, ალბათ, კიდევ ხუთი-ექვსი წელი დასჭირდება. ეს დიდი ნაბიჯი იქნება, თუმცა ჯერჯერობით ისევ ადრე ადგომა მომიწევს, რადგან ჩემი მატარებელი დილის ხუთზე გადის“.
ტუმბაზე მოწიკწიკე მაღვიძარას გადახედა. ღმერთო დიდებულო! უკვე შვიდის ნახევარი იყო, საათის ისრები კი მშვიდად აგრძელებდნენ სვლას. შვიდის ნახევარსაც გადასცდა და სადაცაა შვიდს თხუთმეტი წუთი დააკლდებოდა. ნუთუ მაღვიძარას არ დაურეკავს? საწოლიდან ჩანდა, რომ სწორად იყო ოთხ საათზე დაყენებული. ნამდვილად დარეკა. კარგი, მაგრამ ნუთუ შესაძლებელი იყო, რომ ეს ხმა, რომელიც ყოველ დილით ავეჯს აზანზარებდა, გამოჰპაროდა? მშვიდად ნამდვილად არ უძინია, მაგრამ, სამაგიეროდ, ღრმად ეძინა, ალბათ. ახლა რა უნდა ქნას? შემდეგი მატარებელი შვიდ საათზე გადის. თუ მისწრება უნდა, ძალიან უნდა იჩქაროს, მას კი ჯერ კოლექციაც არ ჩაულაგებია. ვერც თავს გრძნობდა განსაკუთრებით მხნედ და ენერგიულად. თუნდაც მატარებლისთვის მიესწრო, უფროსის რისხვა აღარ ასცდებოდა, რადგან უფროსის თანაშემწე ხუთსაათიან მატარებელზე ელოდებოდა და მისი არგამოცხადების შესახებ უკვე დიდი ხანია ექნებოდა ანგარიში ჩაბარებული. თანაშემწე უფროსის შემოქმედების ნაყოფი იყო, უხერხემლო და უტვინო. იქნებ ბიულეტენი გაეხსნა? ძალიან უხერხული და საეჭვო კი იქნებოდა, ამ ხუთი წლის მანძილზე ერთხელაც არ გამხდარა ავად. რასაკვირველია, მისი უფროსი სადაზღვევო კომპანიის ექიმთან ერთად მასთან სახლში გამოცხადდებოდა, ზარმაცი შვილის გამო მშობლებს დაამუნათებდა და ყველა საპირისპირო არგუმენტს ექიმის დახმარებით გააცამტვერებდა. სადაზღვევო კომპანიის ექიმისთვის კი ყველა ადამიანი სრულიად ჯანმრთელია, მათ მხოლოდ მუშაობა ეზარებათ. და იქნებ ამ შემთხვევაში არც ტყუოდა. რადგან გრეგორი,