რატომ აქვს ვეშაპს ასეთი ხახა
შორეულ, მეტად შორეულ დროში, ზღვაში, ჩემო უსაყვარლესო, იყო ერთი ვეშაპი — თევზიყლაპია. ნთქავდა და ნთქავდა ქამბალებსა და ქაფშიებს, ქაშაყებსა და ქარიყლაპიებს, სკაროსებსა და სკუმბრიებს, კოხტა-კოხტა ზღვის ვარსკვლავებსა და ჭინჭარივით მსუსხავ მედუზებს, ვერცხლისფერ მფრინავ თევზებსა და გრეხია-წმაწნია გველთევზებს. ყველანაირ თევზს, რომლის პოვნაც ზღვაში შეიძლებოდა, სასწრაფოდ პირში გადაუძახებდა ხოლმე — ყლუმპ! — აი, ასე! ბოლოს და ბოლოს მთელ ზღვაში მხოლოდ ერთადერთი ციცქნა და ქვეშქვეშა თევზიღა დარჩა; იგი იმდენად პატარა იყო, რომ ვეშაპის მარჯვენა ყურს უკან დაცურავდა, რათა თავი არ ჩაეგდო საფრთხეში.
ერთ დღეს ვეშაპი კუდზე შედგა და განაცხადა:
— მშია!
მაშინ ციცქნა, ქვეშქვეშა თევზმა დრო იხელთა და ასე უთხრა ციცქნა, ქვეშქვეშა ხმით:
— ყოვლად კეთილშობილო და ერთობ დიდსულოვანო ვეშაპისებრთა ოჯახის ჩინებულო წარმომადგენელო, ოდესმე ადამიანი თუ გაგისინჯავს?
— არა, — უთხრა ვეშაპმა, — გემრიელია?
— სასიამოვნო, — მიუგო ციცქნა, ქვეშქვეშა თევზმა, — სასიამოვნო, მაგრამ ძნელად მოსანელებელი.
— მაშინ მომაძებნინე ცოტაოდენი, — სთხოვა ვეშაპმა და თავისი უშველებელი კუდით ზღვა ააქაფქაფა.
— ერთ ულუფად ცალიც გეყოფა, — უთხრა ქვეშქვეშა თევზმა, — თუკი გაცურავ ჩრდილოეთის ორმოცდამეათე განედისა და დასავლეთის მეორმოცე გრძედისკენ (იქ ჯადოსნური მხარეა), შუაგულ ზღვაში ტივზე დასკუპულ ერთ მეზღვაურს ნახავ, რომელსაც არაფერი გააჩნია, გარდა ერთი ლურჯი შარვლისა, აჭიმებისა (ჩემო უსაყვარლესო, აჭიმები კარგად დაიმახსოვრე!) და დასაკეცი დანისა. ეს სწორედ ის მეზღვაურია, ჩაძირული გემიდან რომ გადარჩა, თანაც ის არის კაცი უსაზღვროდ-ბრძენი-და-დიდი-გამომგონებელი.
ასე რომ, ვეშაპმაც ჩქაფა-ჩქუფით იცურა და იცურა ჩრდილოეთის ორმოცდამეათე განედისა და დასავლეთის მეორმოცე გრძედისაკენ. ბოლოს და ბოლოს მართლა იპოვა ტივზე მყოფი ის ვიღაცა, ეული მეზღვაური, რომელსაც, აკი გითხარი, არაფერი ებადა გარდა ერთი ლურჯი შარვლისა, აჭიმებისა (ეს აჭიმები განსაკუთრებით დაიმახსოვრე, ჩემო უსაყვარლესო!) და დასაკეცი დანისა; იჯდა და ფეხებს წყალში აჭყუმპალავებდა (დედიკოს ნებართვა ჰქონდა, თორემ სხვაგვარად ამას როგორ გაბედავდა, ვინაიდან ის იყო კაცი უსაზღვროდ-ბრძენი-და-დიდი-გამომგონებელი).
მაშინ ვეშაპმა დიდად და დიდად და დიდად დააფჩინა პირი, სანამ ხახა ლამის კუდამდე არ ჩაუვიდა და ყლუპი უქნა ჩაძირული გემიდან გადარჩენილ ეულ მეზღვაურს, იმის ტივსაც, ლურჯ შარვალსაც, აჭიმებსაც (რომლებიც არ უნდა დაივიწყო!) და დასაკეც დანასაც; მოკლედ, უყლუპა და თავისი მუცლის თბილ და ბნელ ჭურჭლეულის კარადაში გადაუძახა, მერე ტუჩები კმაყოფილებით ჩაილოკა — აი, სწორედ ასე! — და კუდზე სამჯერ შემობზრიალდა.
მაგრამ როგორც კი მეზღვაური, კაცი უსაზღვროდ-ბრძენი-და-დიდი-გამომგონებელი, მიხვდა, რომ ნამდვილად ვეშაპის სტომაქის ბნელ და თბილ ჭურჭლის კარადაში იმყოფებოდა, სულაც არ დაბნეულა — მუშტები ააბაგუნა, ახტა და დახტა, შეხტა და შემოხტა, გადახტა და გადმოხტა, კუჭიბრუნა გააკეთა, ურტყა და უჯიკა, ისკუპა და დაეცა, იცმუკა და იროკა, ფეხები უბაგუნა და უბარტყუნა, დაბრწკინა და დაჩქმიტა, დაკბინა და დატკვირა, იბორტყა და იხოხა — ეგებ საიდანმე გამომძვრალიყო, იწუწუნა და იზუზუნა, თან იხრჩობოდა თითქოს, თან იმედსაც არა ჰკარგავდა, ყვიროდა და ხაოდა, ნიშნებს ადებდა, ფუთფუთებდა და თუხთუხებდა, ღრიალებდა და პორჭყნიდა, ისეთ ადგილებში ცეკვავდა თავის მეზღვაურულ ცეკვას, სადაც არ შეიძლებოდა და საბოლოოდ ვეშაპმა თავი ყველაზე უბედურ არსებად იგრძნო (აჭიმები არ დაგავიწყდეს!).
ასე რომ, შეწუხებულმა ვეშაპმაც ქვეშქვეშა თევზს უთხრა:
— ამ კაცს ვერ ვინელებ, თანაც ძალიან მასლოკინებს. რა მეშველება?
— სთხოვე, გარეთ გამოვიდეს, — მიუგო ქვეშქვეშა თევზმა.
მაშინ ვეშაპმა თავისი საკუთარი ხახიდან ჩასძახა ჩაძირული გემიდან გადარჩენილ მეზღვაურს:
— გამოდი და შენს საქციელს კარგად დაუკვირდი! ვერ ხედავ, რომ შენი გულისათვის მასლოკინებს?!
— არაო, არაო! — ამოუმღერა მეზღვაურმა, — მასე კი არა, სრულიად საპირისპიროდ მოვიქცევი... ჯერ წამიყვანე ჩემი მშობლიური ნაპირების, ალბიონის-თეთრი-ფრიალო-კლდეებისაკენ და იქ მოვიფიქრებ! — და ამ სიტყვებზე ისე აცეკვდა, როგორც არასდროს.
— უკეთესია შინ წაიყვანო, — ურჩია ქვეშქვეშამ, — აქამდეც უნდა მეთქვა შენთვის, რომ ეს კაცი უსაზღვროდ-ბრძენი-და-დიდი-გამომგონებელია.
ასე რომ, თავისი ორთავე ფარფლისა და კუდის მეოხებით ვეშაპი გამალებით მიცურავდა და მიცურავდა და მიცურავდა, რადგან ძალიან ასლოკინებდა. ბოლოს და ბოლოს მან დაინახა მეზღვაურის მშობლიური ნაპირები, ალბიონის-თეთრი-ფრიალო-კლდეები. ვეშაპი ნახევარი ტანით ნაპირს დაეხეთქა, პირი განიერზე განიერზე განივრად დააღო და გამოაცხადა:
— მოქალაქე მგზავრებო, ჩაბრძანდით ვინჩესტერში, აშუელოტში, ნაშუაში, კინში და შემდეგ ფიჩბურგის გზებზე არსებულ სადგურებში.
და როგორც კი წარმოთქვა „ფიჩ”, მეზღვაური მაშინვე გადმოხტა მისი პირიდან.
მაგრამ ვიდრე ვეშაპი მეზღვაურის მშობლიური ნაპირებისკენ მიცურავდა, მეზღვაურმა, რომელიც ნამდვილად უსაზღვროდ-ბრძენი-და-დიდი-გამომგონებელი იყო, აიღო თავისი დასაკეცი