დიალოგები -
წინმარადისობაა! -
(საუბარილელაჯიყაშვილთან)
ბატონო ოთარ, საუბრისას არაერთხელ გიხსენებიათ შიში მომავლის გამო, ობიექტური რეალობა ასაზრდოებდა ამ შიშს, მაგრამ მაინც გვქონდა უკეთესის მოლოდინიც.… დღეს თუ გაქვთ უკეთესის მოლოდინი? შიში გამართლდა? მგონი, მაშინ, ნოემბრის დღეებში ამ კითხვებზე პასუხი ჩანდა თქვენს სიტყვებში, მაგრამ მას მერე დიდი დრო გავიდა. იქნებ პასუხიც შეიცვალა?
მართალიბრძანდებით, შიში გამართლდა. თუმცა, უკეთესის მოლოდინი მაინც შემრჩა. მომავლის შიშიც და უკეთესის მოლოდინიც უაღრესად ადამიანური გრძნობაა, მე ვიტყოდი, აუცილებელი თვისებაა სიცოცხლისა და ვიდრე ადამიანი ცოცხალია, არც მომავლის შიში გაუნელდება, არც უკეთესის მოლოდინი, მით უფრო დღევანდელ მსოფლიოში და მით უფრო ჩვენს დღეში მყოფს. მომავლის შიშს თავად მომავლის გაურკვევლობა აჩენს, ხოლო, უკეთესის მოლოდინს ჩვენი თანდასწრებითა თუ ჩვენი თანამონაწილეობით მიმდინარეცხოვრებაგანაპირობებს.აქედან გამომდინარე, ერთიცა და მეორეც, დალხინებულზე მეტად, გაჭირვებულ ადამიანს უმძაფრდება. ასე რომ, არაფერია გასაკვირი, ერთდროულად მომავლის შიშიც მქონდეს და უკეთესის მოლოდინიც. მოკლედ რომ ვთქვა, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ კი გადაგვხდა თავს, მაგრამ ჩემთვის თითქმის არაფერი შეცვლილა: იმავე აზრისა ვარ, რა აზრისაც ჩვენი ბოლო საუბრისას ვიყავი. სხვათა შორის, ალბათ გახსოვთ, არც მაშინ არსებობდა რაიმე მყარი საფუძველი პოზიციისა და აზრის შესაცვლელად. უბრალოდ, იმდენად ძნელი წარმოსადგენია ჩვენთვის არსებულზე უარესი, ნებისმიერ მოსალოდნელ ან უკვე მომხდარ ცვლილებაში მაინცდამაინც უკეთესის დანახვას ვცდილობთ, თუმცა, ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ჩვენი ბიოგრაფიის ხალხს გაცილებით მეტი სიფხიზლე და წინდახედულობა მართებს. ვხვდები რა თქვენი შეკითხვისპროვოკაციულობას,გულწრფელად ვაღიარებ, რომ უამრავი და უამრავი ჩვენი თანამემამულის მსგავსად, ვერც მე გამოვიჩინე საჭირო სიფხიზლე. იმდენად ვიყავი აღტაცებული დავითის ხუთჯვრიანი დროშით, ფალიაშვილის მუსიკაზე შექმნილი ჰიმნითა თუ ბაგრატიონთა აღდგენილი გერბით, რომ იტყვიან, ცა ქუდად არ მიმაჩნდა, დედამიწა – ქალამნად. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი სიხარული. ჯერ საგანგებო კომისიისგან შერჩეული გერბის ნაცვლად, მისი იმიტაცია შეგვრჩა ხელში. ყალყზე შემდგარი ლომები და სამეფო გვირგვინი ნებისმიერ სხვა ქვეყნის გერბზეც შეიძლება გამოისახოს, ხოლო, ოქროს საწმისის, დავითის შურდულისა და ქრისტეს კვართის გამოსახვა მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო ჩვენს სახელმწიფო გერბზე. „ფეოდალურ წარსულის ამსახველი“ სიმბოლიკა, რაც ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს ჩამორჩენილობად მიაჩნია, პატივისცემის გრძნობას თუ არა, ინტერესს აუცილებლად გაუჩენდა სხვა ხალხებს ჩვენ მიმართ. ჰერალდიკის ენა მეტად შთამბეჭდავია და მდიდარი, თუკი გესმის და იცი მისი დანიშნულება. ასე რომ, ხანმოკლე სიხარულს უკვე ლამის ცხოვ-რების წესად ქცეული გაურკვევლობა და დაძაბულობა მოჰყვა ისევ, გერბის გაუბრალოებას კი – ძნელად წარმოსადგენი და კიდევ უფრო ძნელად ასახსნელი შეცდომების მთელი ნაკადი, რაც მთავარია, თითქოს შეგნებულად ჩადენილი, ჩვენი სულიერი, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესამოწმებლად, იმის დასადგენად, თუ რამდენად ადეკვატური იქნებოდა ჩვენი, როგორც ხალხის, რეაქცია ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ პოლიტიზებულ მოვლენასთან დაკავშირებით. მაგალითად, წინ აღვუდგებოდით დავით აღმაშენებლის ძეგლის ხელყოფას, ეროვნული მწერლობის, მეცნიერების, სპორტის, საერთო კულტურის უგულებელყოფას, „სამხრეთ ოსეთის“, ამ უაღრესად საბჭოური, კრემლში შეთითხნილი ცნების აღდგენას, სვანეთის აფხაზეთის გადაკეთებას ზემო აფხაზეთად, ახალი მიწების მიმატებას უკვე ისედაც დაკარგული ტერიტორიებისთვის, თუ ყურსაც არ შევიბერტყავდით (როგორც მოხდა კიდეც) და კვლავაც მხოლოდ სოციალური პრობლემების გამო, დროგამოშვებით, ავუმხედრდებოდით ხელისუფლებას, რაც მონობაში შეძენილი ბედოვლათობის კიდევ ერთი გამოვლენაა და მეტი არაფერი. მოკლედ, ნოემბრის შემდეგ ბევრი რამ შეგვეშალა, მაგრამ (და ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია), ჩადენილი შეცდომების გამოსწორებას კი არ ვცდილობთ, ახლებს ვამატებთ. ასე კი, ჩემი აზრით, იმ უბრალო მიზეზის გამო ვიქცევით, ჯერ ისიც რომ ვერ გაგვირკვევია ვერც მწერლებს და ვერც თქვენ, ჟურნალისტებს, ეს შეცდომები მართლა შეცდომებია, ანუ მართლა ჩვენი უმწიფრობის, უვიცობისა და უწვრთნელობის შედეგია, თუ შეგნებული, წინასწარ დაგეგმილ-დამუშავებული პროექტის მეთოდური, თანამიმდევრული განხორციელება დროსა და სივრცეში. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არსებობს ამგვარი ეჭვის საფუძველი, მით უფრო მწერლისთვის, რადგან მწერალმა თვითონაც არ იცის, რეალობაა მისთვის მთავარი, თუ წარმოდგენილი. სხვანაირად რომ ვთქვათ, მისთვის არაფერია წარმოუდგენელი და, ამავე დროს, ყველაფერი დასაშვებია, რისი წარმოდგენაც შეიძლება. და მაინც, ამ ბოლო დროს, ბევრი ისეთი რამ მოხდა ჩვენში, რისი წარმოდგენაც კი დაუშვებლად მიმაჩნია, თუკი არ გავითვალისწინებთ ზემოთ უკვე ნახსენებ ბედოვლათობას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ დავით აღმაშენებლის ძეგლის გატანას ქალაქიდან, რამდენადაც, დავით აღმაშენებლის ძეგლი ყველა ნორმალური ქართველისთვის (და არაქართველისთვისაც), უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ერთიანობისა და პოლიტიკური კურსის ვიზუალური განსახიერებაა, ყოველწამიერი შეხსენებაა ყველა ჩვენგანისთვის ჩვენი მეობისა, ჩვენი ამქვეყნიური დანიშნულებისა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველმა ხალხმა ამჯერად ვერ გამოიჩინა მისთვის დამახასიათებელი გონიერება, ვერ აუღო