პირველი ნაწილი - I “და აღდგნენ შვილნი მამადედათა
ზედა და მოჰკვლიდნენ მათ”
მათე /1020/
როცა რომის პაპმა პიომ ბიზანტიიდან ოსმალების განდევნა განიზრახა, უფრო სწორად კი, ერთხელ კიდევ ამაოდ სცადა ნადირობებს, ნადიმებსა და ტურნირებს გადაგებული ევროპის გამოფხიზლება, სცადა როგორმე შეეგნებინებინა მისთვის, თუ რა ძნელი მოსარევი გახდებოდა ხვალ და ზეგ, რამდენჯერ აატკიებდა აუტკივარ თავს აზიის იდუმალი, შეუღწეველი სივრცეებიდან ყველასათვის მოულოდნელად გამომტყვრალი ჯერ კიდევ ჩვილი ურჩხული, რომელსაც უკვე ეგემნა ევროპელის ჩიჩია და სიამოვნებით ილოკავდა სისხლიან ტუჩებს, რასაკვირველია, სამოქმედო გეგმაც შეადგინა წინასწარ და, პირველ რიგში, საქართველოში აფრინა დესპანი, ვინმე ლუდოვიკო ბოლონიელი, რამდენადაც, აღმოსავლეთის ქრისტიანი სახელმწიფოებიდან სწორედ საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო თანადგომის იმედი ჰქონდა ყველაზე მეტად, მაგრამ თავისი წინამორბედების, ნიკოლოზ მეხუთისა და კალის მესამის მსგავსად, იმასაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ვერც დასავლეთის ქრისტიანი სახელმწიფოების შეშინება შესძლო, ვერც აღმოსავლეთის ქრისტიანი სახელმწიფოების გადმობირება, უფრო მეტიც, ლუდოვიკო ბოლონიელს საქართველო თავის ადგილზე აღარ დაუხვდა, ანუ, ის საქართველო – რაინდული კეთილშობილებითა და მეომრული შემართებით სახელგანთქმული ქვეყანა – რომლის იმედითაც გამოევლო არც მთლად უხიფათო და საკმაოდ გრძელი გზა (რაკი ბოსფორი უკვე ოსმალოს ეკავა), ფაქტიურად, აღარ არსებობდა, მაგრამ რომში რას იფიქრებდნენ, მონღოლთა ორასწლიანი ბატონობა სამუდამოდ თუ დაშლიდა და დააქცევდა სახელოვან, თავმომწონე, ლაშქარმრავალ და ყმიან ქვეყანას, თუმცა, დიდად წოდებულ ალექსანდრე პირველს, ერთი პირობა, უცდია წინაპართა სახელისა და გავლენის დაბრუნება, ლეშის სუნზე მოცუხცუხებული მეზობლებიც დაუფრენია და საგუშაგო ციხეკოშკებიც აღუდგენია საზღვრებზე, მაგრამ მაინც ვერაფერს გამხდარა მონობაში გარყვნილსა და გაქსუებულ სანათესაოსთან – ცოლშვილთან, ძმებთან თუ ძმისშვილებთან – ლამის მასთან ერთად რომ სხდებოდნენ ტახტზე და მასთან ერთად აწერდნენ ხელს ნებისმიერ სიგელგუჯარს... ისიც ამდგარა და, ბერად აღკვეცილა, მიუფურთხებია მიწიერი ცხოვრებისთვის, სვეტიცხოვლის გვერდით ეკვდერი აუშენებია და, ათანასედ მონათლული, იქიდან თუ გამოხედავდა ხოლმე თავგზაარეულ, აღვირახსნილ ქვეყანას; აღარც ცოლი სდომებია, აღარც შვილი; აღარც რძალი, აღარც სიძე; ეტყობა, გრძნობდა, რა მიუტევებელი, რა ჯოჯოხეთური დანაშაული ჩაიდინა ღმერთისა და ქვეყნის წინაშე, თავები რომ არ დააყრევინა იმათ და, ეტყობა, მზად იყო, ნებისმიერი ტანჯვითა და წამებით მოენანიებინა თავისი ცოდვა, მაგრამ, მისდა ბედად, მალე გარდაიცვალა და ლუდოვიკო ბოლონიელი რომ ჩამოვიდა საქართველოში, მისი მემკვიდრეები უკვე დასანახავადაც ვერ იტანდნენ ერთმანეთს, უკვე მოურიდებლად და გარკვეული სიამოვნებითაც კი, გლეჯდნენ და აჩანაგებდნენ საერთო სამშობლოს, როგორც სვავები – უპატრონო ვირის ლეშს...
მას მერე ინგრეოდა, ნადგურდებოდა, თვალსა და ხელს შუა ქრებოდა წინაპართა სისხლითა და ოფლით, ხმლითა და წიგნით, წვითა და დაგვით ნაშენები ქვეყანა. წყალს მიჰქონდა ნაფოტივით, ქარს მიჰქონდა თივის ბულულივით, ორი მეფის, ოთხი მთავრის, ერთი ათაბაგისა და უთვალავი თავადაზნაურის უკუდო ამპარტავნობას გადაყოლილი, მათ სიხარბესა და სივერაგეს ვერგაწვდენილი... ყურისწამღებად ღრიალებდა ნაღარა, ღმუოდა ღოროტოტო, გმინავდა ბუკი, გულზე სკდებოდა დოლი და დიპლიპიტო... სოფელსოფელ, ეზოეზო გროვდებოდა სტამბოლის მონათა ბაზარზე გასაყიდი გოგობიჭები... ლაგამაქაფებული, კბილდაკრეჭილი, გაგიჟებული ცხენები ავად აბრიალებდნენ ბილიარდის ბურთისხელა თვალებს... კვარის ჭვარტლით გამურული მეციხოვნეები წინ და უკან დარბოდნენ ქონგურებზე, არ იცოდნენ, დღეს ვისთვის გადაესხათ კუპრი და ვისთვის მიერთმიათ ციხის გასაღები. დიდყურა გრიგოლასი არ იყოს, ისინიც ქვეყანას კი არ იცავდნენ მტრისგან, არამედ ავაზაკს მდევრისგან. მაგრამ ყველაფერზე ძნელი სწორედ მათი გარჩევა იყო, ავაზაკისა მდევრისგან და მდევრისა ავაზაკისგან, რადგან დღევანდელი მდევარი ხვალ შეიძლება ავაზაკად მოვლენოდათ და პირიქით. ამიტომ, თვალზე თვალი უნდა გამოებათ და ყურზე ყური – ვერ გაარჩევდნენ, ზედმეტ შარს გადაეყრებოდნენ, გაარჩევდნენ და, ზედმეტს იშოვნიდნენ და შეირგებდნენ კიდეც. ხოლო, წალდითა და ფიწლით შეიარაღებული მდევარი, ცოტა ხანს კიდევ იყაყანებდა ციხის დაგმანულ კართან და, ემანდ, მეც არ მიმაყოლონ ხელსო, კუდამოძუებული გაბრუნდებოდა უკან, რათა ერთი კარგად დაფიქრებულიყო, აეწონდაეწონა და, რაკი ძველმა არ გაუმართლა, ახალ გზას დასდგომოდა, ანუ, სხვათა მდევარი, სხვათა სადევარი გამხდარიყო თავად. აღარც მტერი არსებობდა, აღარც მოყვარე, ყველა ერთნაირად მტერმოყვარე იყო, მტერიცა და მოყვარეც ერთსა და იმავე დროს. დღეს მტერი, ხვალ მოყვარე, ანდა, პირიქით, მდგომარეობისდა მიხედვით, შენ ხარ ჩემი ბატონი... მოკლედ, წინასწარ არავინ არაფერი იცოდა. უფრო სწორად, ერჩია ისიც არ სცოდნოდა, რაც იცოდა. ამიტომ, ყველა ერთნაირად იბრმავებდა თვალს, ანუ, თვალთმაქცობდა, სხვებთანაც და საკუთარ თავთანაც, რის გამოც, კიდევ უფრო კნინდებოდნენ, კიდევ უფრო ირყვნებოდნენ, კიდევ უფრო იხრწნებოდნენ ყველანი, დიდიანპატარიანად, კიდევ უფრო მახინჯდებოდნენ სულიანხორციანად, როგორც ერთმანეთის, ისევე სხვათა თვალში. “მონა ღვთისა – ყმა ხონთქრისაო” – ამაყად