პირველი ნაწილი -
აიეტი ეს იმდროინდელი ამბავია, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო; როცა კოლხეთის მიწაზე პირველმა ბერძენმა დაადგა ფეხი და მორიდებულად ითხოვა თავშესაფარი. ზღვამაც სწორედ იმ დღეს გაბედა და ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ პირველი ნაბიჯი გადადგა უკან. მთავარი პირველი ნაბიჯი იყო, მერე ყველაფერი თავისით მოხდებოდა, ან ვინ გაუბედავდა შეჩერებას. ყველა ვანელს, დიდიან პატარიანად, კალთაზე რომ გამოება ზღვა, მაინც გაიპარებოდა, რადგან ვერავითარი ძალა ვეღარ აღუდგებოდა წინ ბუნების ჩანაფიქრს. ადრე თუ გვიან ასე უნდა მომხდარიყო, ზღვა გამბედაობას მოიკრეფდა და შეუდგებოდა ამ მართლაც ვერაგული განზრახვის აღსრულებას.
ვანელები ისე დაფრთხნენ, ისე დაიბნენ, მერე აღარც უცდიათ დაკარგულის ძებნა და დაბრუნება. მათი ღრმა რწმენით, რაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაღრმავდა, ზღვამ ისინი რაღაც დიდი ცოდვის გამო მიატოვა, დიახ, მიატოვა, როგორც მარჩენალმა – ოჯახი, ქმარმა – ცოლი, რომლის ქარაფშუტობასა და გარეგარე კურკურს აღარ დაადგა საშველი. ქმარიც ადგა და წავიდა. მაგრამ წასვლამდე ისე ფრთხილად, საზრიანად და მოთმინებით იქცეოდა, ვერ შეატყობდით, რა ჰქონდა განზრახული, ხოლო, როცა ყველაფერი გამომჟღავნდა, უკვე შორს იყო.
ზღვისგან მიტოვებული მიწა, ახალშობილის კანივით სველი და დაჭმუჭნილი, თანდათან გაიზარდა, გაფართოვდა და სამგლოვიარო არშიასავით გაუყვა მთელ სანაპიროს. მერე ვანსა და ზღვას შუა უზარმაზარი ჭაობი გაჩნდა, ურჩხულის ამონარწყევივით მწვანე, დაბუშტული და ლორწოიანი. ოდესღაც სახელგანთქმული, ქვეყანაში გამოსული ქალაქი, მივარდნილ, მიუვალ და მიყრუებულ ადგილად იქცა. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ყველა ვანელის ფანჯრიდან მოჩანდა ზღვა, ყველა ვანელის ჭერქვეშ ისმოდა მისი გაბმული, გაუთავებელი ქშენა. არც ერთ ვანელს არ მოუვიდოდა აზრად, სარკმელი მხოლოდ ზღვის საცქერლად გამოეღო, ანდა ძილი გაეტეხა და ლოგინში წამომჯდარს მისთვის ესმინა. ზღვა ყოველთვის ახლოს ეგულებოდა.
რომელ ქალს სჯერა, ქმარი რომ მიატოვებს? არც ვანს სჯეროდა, ზღვა თუ მიატოვებდა. წითელი, სისხლივით ხასხასა კრამიტით გადახურული, თამამად დასკუპებოდა წინ, როგორც ლამაზი გოგო სიყვარულით გაოგნებულ გოლიათს.
ვანელებს უყვარდათ ნავსადგურში გამოსვლა, უცხო ხალხთან გამოლაპარაკება, ენის მოფხანა და ქვეყნის ავანჩავანის გაგება. ყველაფერი აინტერესებდათ, ყველაფერი იცოდნენ, სად რომელი ხომალდი იდგა, რა მოეტანა, რითი იტვირთებოდა, მიდიოდა თუ მოსულიყო. ნავსადგურიდან ქვეყანა უფრო ვრცელი და უფრო საინტერესო ჩანდა. ვანიც ამ ვრცელი და საინტერესო ქვეყნის ნაწილი იყო და აქეთკენაც ხალისით მოისწრაფოდნენ ხომალდები. აქ გატარებული დრო ყველას ერთ უცნაურ, თავბრუდამხვევ სიზმარივით ამახსოვრდებოდა.
ვინც ღვინის ვაჭარ ბახას ორმოცსაფეხურიან სარდაფში არ იყო ნამყოფი, მან ნამდვილი ღვინის გემო არ იცოდა. იქ დალეული ერთი ჯამი ღვინო ქვევრებს გადასწონიდა, ერთი ღამის საყვარელივით უცებ და უდროო დროს მოგანატრებდა თავს, საქმეს მიგატოვებინებდა და ისევ ვანისკენ გაქნევინებდა პირს. არც მან იცოდა სიმღერის ფასი, ვისაც შავთვალება მალალოსა და მისი ექვსი ქალიშვილისთვის ერთხელ მაინც არ მოესმინა.
შავთვალება მალალო ბაბილონელი ქალი გახლდათ და ყველა უცხოელს მის მშობლიურ ენაზე უმღეროდა. “ბაბილონმა გამაჩინა, ვანმა კი გამზარდაო”, – ასე აცნობდა ხოლმე თავს შავთვალება მალალო სტუმრებს და რომ გეკითხათ, ალბათ, თვითონაც ვერ გიპასუხებდათ, რომელი უფრო უყვარდა, რომელი ერჩია: ბაბილონი თუ ვანი. ექვსი, ერთნაირად თმადავარცხნილი, ერთნაირ კაბებში გამოწყობილი ქალიშვილი ისე დაემსგავსებინა, გეგონებოდათ, შავთვალება მალალო ერთდროულად ექვსი სარკიდან იყურებაო. ქალიშვილები თვალებში შესციცინებდნენ დედას, როგორც კარგი მოწაფეები მასწავლებელს და თუთიყუშივით იმეორებდნენ, იმეორებდნენ და იზეპირებდნენ მის სიტყვაპასუხსა და მიხვრამოხვრას.
შავთვალება მალალოს ნამდვილი თუთიყუშიც ჰყავდა, ბაბილონიდან ჩამოყოლილი, ერთადერთი თანამემამულე და ერთადერთი მოწმე გზადაგზა გაფლანგული ახალგაზრდობისა. თუთიყუშს ისეთი სახე ედო, თითქოს საკუთარ თავს ყარაულობდა, თითქოს ერთდროულად მოწყენილი ტუსაღიც იყო და მისი ფხიზელი მეთვალყურეც. ქვევრისებური, ლერწმის გალია გრძელი ჯაჭვით ეკიდა ჭერზე და ვისაც არ უნდა ჩაევლო გვერდით, უსათუოდ ხელს წაჰკრავდა, თითქოს იმის დარდი აწუხებდა, მეთვალყურეს ტუსაღი ძილში არ გაეპაროსო. “მასპინძელო!” – დაიჩხავლებდა გალიასთან ერთად აქანავებული თუთიყუში, ამოძუებულ კუდს კაუჭა, შავსა და პრიალა ნისკარტთან მიიტანდა და ბორბალივით დატრიალდებოდა ხარიხაზე. მერე ერთხელ კიდევ დაიძახებდა “მასპინძელოო” და ყვითელ, გვირილის ხელა თვალებს ბრაზიანად დაუბრიალებდა ქვეყანას, ყველასა და ყველაფერს, რაც გალიის კედლებს იქით დარჩენილიყო. “მასპინძელო, მასპინძელოო”, მაშინვე აჰყვებოდნენ ხოლმე თუთიყუშს შავთვალება მალალოს სტუმრებიც, უგალიოდ დარჩენილნი და დაბნეულად მოღიმარნი თავისუფლების ტყვეობაში.
მართლაც, ერთი სიამოვნება იყო შავთვალება მალალოსთან სტუმრად ყოფნა. ბევრს მოუწევდა აქეთკენ გული, უცხოსაც და შინაურსაც, მაგრამ ყველა როდი ხდებოდა შვიდი მომღერალი ქალის ყურადღების ღირსი. შავთვალება მალალოს ერთი შეხედვით შეეძლო კაცის გამოცნობა. “ცუდი სიმთვრალე ეცოდინებაო” – დაასკვნიდა მაშინვე, როგორც კი წვრილს, ახლოახლო ჩასმულ თვალებს,