1
მოცლილო მკითხველო, დაუფიცებლად დამიჯერე, ბევრად აჯობებდა იმას დაეწერა საკუთარი თავგადასავალი, ვის შესახებაც მე ვაპირებ გიამბო, უფრო სწორად, ვის მაგივრადაც მე მომიწევს ლაპარაკი და ალბათ შენც გაგიჭირდება ხანდახან ჩვენი გარჩევა, რაც გარკვეულ დაბნეულობასთან ერთად, დიდ შინაგან თავისუფლებასაც მოგანიჭებს კითხვისას – ვინც გენდომება, იმას წარმოიდგენ ავტორადაც და გმირადაც – არა მარტო იმიტომ, ერთ დროს, ერთ ქვეყანაში, ერთ ქალაქში, ერთსა და იმავე გარემოში რომ მოგვიწია ცხოვრება ავტორსაც და გმირსაც, არამედ იმიტომაც (და ამას ვანიჭებ გადამწყვეტ მნიშვნელობას), მისი თანამზრახველობა რომ მარგუნა ბედმა წილად, ავად თუ კარგად, მეც რომ ვიყავი მისი ჭირისა თუ ლხინის მოზიარე, მისი მესაიდუმლე, ოღონდ, ჩემგან (ჩვენგან) განსხვავებით, ის დაბადებით აველუმი გახლდათ, ჩვენ კი, იმის ახლობლები, მხოლოდ ვაველუმობდით.
რაც შეეხება თავად «აველუმს», შუმერული სიტყვაა და თავისუფალ, სრულუფლებიან მოქალაქეს ნიშნავს. თუმცა, ერთადერთი წყარო, საიდანაც ამ სიტყვის წარმომავლობა ირკვევა, ჩემივე ძველი რვეულია. მაგრამ ჩემთვისაც ძნელი დასადგენია უკვე, თავიდან რისთვის დამჭირდა ამ სიტყვის ამოწერა საიდანღაც (თუკი მართლა შუმერულია) ანდა გამოგონება (თუკი მართლა ჩემი გამოგონილია). რაც მთავარია, ამით მისი მნიშვნელობა არ იცვლება – მაინც იმას ნიშნავს, რასაც ნიშნავს, რა მნიშვნელობაც დიდმა შუმერმა თუ იმ დიდი შუმერის პატარა შთამომავალმა (ესე იგი – მე!) მიანიჭა თავის დროზე. სხვა საკითხია, რამდენად გასაგებია ამ სიტყვის მნიშვნელობა დღეს, ჩვენი გაზეთების ენით რომ ვთქვათ, რაოდენ აქტუალურია და რამდენად შეესაბამება თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნილებებს... მაგრამ მაინც დაბეჯითებით მინდა განვაცხადო, რომ აველუმი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ყველანაირად ცდილობდა სწორედ თავისუფალი, სწორედ სრულუფლებიანი მოქალაქე ყოფილიყო თუნდაც მარტო მის წარმოდგენაში არსებული ქვეყნისა. ეს კი, მოგეხსენებათ, არც ისე ადვილი მისაღწევია და ვერც ის მიაღწევდა (თუკი მიაღწია საერთოდ), უსიყვარულოდ რომ გაეტარებინა ერთი დღე მაინც. მხოლოდ სიყვარული ანიჭებდა თავისუფლებისა და უფლებამოსილების შეგრძნებას და ისიც თავგანწირულად და უსასრულოდ, გნებავთ, უაზროდ და უშედეგოდ იბრძოდა იმის გადასარჩენად, რასაც ჯერ კიდევ სიყვარულს ვეძახით და რაც ადამიანთა მიწიერ არსებობას ცხოვრებად გარდაქმნის ხოლმე, თუკი საერთო, საყოველთაო, მით უფრო, სავალდებულო მოთხოვნილებად კი არ იქცევა, არამედ ბოლომდე დარჩება ცალკეული, თავისებურად დამთხვეული პიროვნებების სწრაფვად, აჩემებად, ოცნებად, ჟინად – რისი უმნიშვნელო, საცოდავი ნამცეცები ალბათ ყველა ჩვენგანის ხსოვნაშიც და ყველა ჩვენგანის გულის მიყრუებულ კუნჭულებშიც არის ჩარჩენილი, როგორც საფანტი ნადირის კუნთსა თუ სახსარში და, ამდენად, თითქმის არც არსებობს.
არც არსებობსმეთქი, ვწერ და ჯერ თვითონვე არ ვიცი, როგორ, რანაირად შევძლებ ამ «არარსებულის» სიტყვით გადმოცემას. ეს ხომ იგივე იქნება, ქარს ხმელი ფოთლების გვირგვინი დავადგა თავზე (თუკი, რასაკვირველია, ის მაინც მეცოდინება, სადა აქვს ქარს ან თავი, ან ბოლო). ამიტომაც, ეს წერილი არც პატივმოყვარე ქალის დღიურივით საინტერესო საკითხავი აღმოჩნდება შენთვის, მოცლილო მკითხველო, და არც მრავალჭირნახული, ნაცხოვრები კაცის მემუარებივით გამოსადეგი. მაგრამ წერილი თავისთავად უაღრესად დამახასიათებელი ატრიბუტია საერთოდ სიყვარულისთვის. დღეს «ეპისტოლური» ურთიერთობის მრავალი სახეობა არსებობს – ტელეფონი, სელექტორი, ვიდეო თუ აუდიო ტექნიკა – მაგრამ წერილი მაინც საფუძველია ასევე უკვე ანაქრონიზმად გადაქცეული სიყვარულის იმპერიებისა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობამ მთელი თავისი სიცოცხლე დასაწერის შესანიღბი და დაწერილის ამოსაკითხი საშუალებების ძებნასა და გამოგონებას შეალია. რიღათი არ წერდნენ – რძიანასა თუ ხახვის წვენით, ლეღვის ლოპოთი თუ გომბეშოს სისხლით, ყორნის ნაღვლითა თუ ვეშაპის თესლით – უთქმელადაც ყველასათვის გასაგები «საიდუმლო» რომ დაეფარათ როგორმე და, იმავე დროს, დაუნდობლად სპობდნენ თვითონვე საკუთარი გულისთქმის კვალს, ხან სიფრთხილის, ხან სიმხდალის, ხან სიშლეგისა და ხან სიბრიყვის გამო. ასე რომ, ეპისტოლური ჟანრის საუკეთესო ნიმუშები, მოურჯულებელ მეოცნებეთა და თავისუფლების დაუოკებელ მოტრფიალეთა მსგავსად, ძირითადად კოცონზე ამთავრებდნენ სიცოცხლეს – კვალი კი არ რჩებოდა მათგან, არამედ ფერფლი. მაგრამ ეს მრავალტანჯული და დაუმსახურებლად ათვალწუნებული ჟანრი, ჩემი ღრმა რწმენით, მაინც შეუცვლელია აქამდე და შეუცვლელია პირველ რიგში, დიახაც რომ, განსაცვიფრებელი ტევადობისა და ამტანობის წყალობით. რა უნდა ანდოთ, არ დაიტიოს და რა უნდა შეამთხვიოთ, არ აიტანოს. მეც, რაკი თუნდაც ამ ჩვეულებრივ წერილს ვწერ, ეტყობა, მჯერა კიდეც მისი, მისი სიცოცხლისუნარიანობისა და იმისაც, მართლა რომ წაიკითხავს მომავალში ვიღაც ჩემს ნაცოდვილარს. მწერლობა კი, კაცმა რომ თქვას, სწორედ ესაა, ანდა, მხოლოდ ესაა – ვიღაცისთვის ხმის მიწვდენის დაუოკებელი სურვილი – თუ ვერ გაგიგებს, მოგისმინოს მაინც – ნებაყოფლობითი გულახდილობაა, მაგრამ, ამავე დროს, მე თუ მკითხავთ, დიდი ვერაფერი ზრდილობაა, სრულიად უცხო ადამიანს თავი მოაბეზრო