1
ბრმად მოვიდა და ბრმად მიდის; სიბნელიდან – სიბნელეში; ასე რომ, გულდასაწყვეტიც არაფერია. ვერ მოასწრო, ვერ დააგროვა ცოდნა; ისიც კი ვერ დაადგინა, სად ხარობს ცოდნის ხე, ერთი კალათი მაინც რომ დაეკრიფა და მთელი დანარჩენი სიცოცხლე გამოეზოგა. ვერც შეძლო და არც დასჭირდა. რომ შესძლებოდა, იქნებ, ახლა ენანა კიდეც, უფრო გული დასწყვეტოდა გამოუყენებელ ცოდნაზე. სამაგიეროდ, საკუთარი თვალით ნახა, რა უცებ ქრება სიცოცხლე და რა იოლად იკავებს სიკვდილი სიცოცხლის ადგილს. ვისაც ეს არ უნახავს, ვერც ნიკოს ფიქრს გაიგებს. “სასაცილოა, მე და ჩემმა ღმერთმაო” – სიკვდილის ჯიბრით იცინის ნიკო და, მართლაც, სასაცილოა, აბა, რა არის – ერთი წუთის წინ ცეცხლს ეფიცხებოდი, ცეცხლსა ჩხრეკდი ჯოხის წვერით, ვინ იცის, რაზე აღარ ფიქრობდი, რა გრძნობებით, რა განცდებით, რა მოგონებებით, რა იმედებით აღარ იყავი სავსე, მეორე წუთას კი – ბაც – დაბერტყილ ტომარასავით დაცარიელდი უცებ. ნამდვილად რომ სასაცილოა. სხვათა შორის, სიცილითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, მაგრამ ეს მეტისმეტია. გდიხარ პირქვე, სადათვე საფანტით გულმუცელდაფლეთილი, თითქოს შენი ხორციც იჭმეოდეს. არც უკითხავთ, ვინა ხარ, რა გინდა, რას აკეთებ აქაო – დაგინახეს თუ არა, ტყვია დაგახალეს, როგორც კურდღელს, შველს, კვერნას, ტურასა და მგელს დაახლიდნენ; კიდევ უარესი – სხვა რომ გამოვარდნილიყო იმ წუთას ნასაყდრალიდან შენს მაგივრად, იმასაც ისევე მოექცეოდნენ, არაფერი შეიცვლებოდა და, რაკი იმ წუთას, მაინცდამაინც შენ გამოვარდი ნასაყდრალიდან, შეიძლება, სულაც სხვის მაგივრად გდიხარ ახლა პირქვე, გაოცებული, გაშტერებული, ალბათ შეშინებულიც და, რაც მთავარია, მკვდარი. აღარაფერს აღარ გრძნობ, არავითარი ხმა არ გესმის – არადა, მგონი, უკვე ყივიან მამლები. იქნებ, ეშველოს ამ გაუთავებელ ღამეს. ძაღლი კი ნამდვილად ყეფს. რახანია ყეფს. არც გაჩუმებულა. ყველასი და არავისი. უპატრონო. ასე იცის, გათენებამდე არ გაჩუმდება, ვითომ, გაიგეთ, შეიგნეთ, როგორი ერთგული მცველი ვარ თქვენიო. მაგრამ შენ აღარაფერი აღარ გესმის. ისიც აღარ იცი, შენა ხარ თუ სხვა, არც გაინტერესებს ამის დადგენა, რადგან საერთოდ აღარ არსებობ და უუუუსაშველოდ სულერთია შენთვის, სამართლიანად არ არსებობ, თუ უსამართლოდ, ანუ, შენს მაგივრად თუ სხვის მაგივრად. ვეღარაფერს ვეღარ ხედავ და არც გინდა, ხედავდე; აღარაფერი არ გესმის და არც გინდა, გესმოდეს. გდიხარ პირქვე, შენთვის. ელასამელასა, ჭიქა მეკიდა ყელასაო. ვითომ არც ყოფილხარ. ადამიანი სიბნელიდან მოდის და სიბნელეში ქრება. ეს ძველი ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაინც არ იცის, რა ამბავია მის თავს. სიბნელიდან სიბნელემდე იმდენად პატარა გზაა, ვერ ასწრებს ამდენის გაგებას. ვერც უნდა გაიგოს, რომ გაიგოს, მართლა გაგიჟდებოდა, ამ მოკლე გზასაც არ გაივლიდა ბოლომდე, შუა გზაში გაოჩნდებოდა სახედარივით, არც წინ, არც უკან, თუმცა, რაც უკანა, წინაც ისაა, ოღონდ, წინ ბუნებას მიჰყავხარ, ალღოს, გუმანს – უკან გამოსაბრუნებლად კი გონებაა საჭირო და, რაც მთავარია, შენით უნდა გამობრუნდე – დაფიქრდე, გადაწყვიტო და აღასრულო კიდეც. მაგრამ ვინც არ იცის, რა სჭირს, ცხოვრობს თავისთვის, მშვიდად, არხეინად. უმრავლესობას ასე ურჩევნია, ასედაც გიპასუხებს: გაუშვი, ვიცოცხლო და არ ვიცოდეო. ცოცხლობ, მაგრამ არ იცი, რომ ცოცხლობ, რადგან შეგნებულად უარყოფ წარსულსაც და მომავალსაც. ცაში ხარ გამოკიდული, ნიავი დაგატარებს აქეთიქით, ირმის დორბლივით. გონება კი, ვიდრე არის, ყველაფერს იმახსოვრებს. ვერავითარი ჭურჭელი ვერ დაიტევს იმდენს, რამდენის დატევაც ადამიანის გონებას შეუძლია. ჯერ მარტო რამდენი ლექსი ამახსოვრდება (ვისაც ამახსოვრდება).
ღმერთო, ჩემს ირგვლივ რა სიბნელეა,
ღმერთო, ჩემს ირგვლივ რა ბურუსია...
ვ სულ ასეთი ბურუსი წევს, თურმე, სულეთის გზაზეც. მიდიხარ, მიდიხარ, გზა კი არ თავდება, როგორც ეს უსაშველო, უბოლოო, უკიდეგანო ღამე. ავადმყოფობის პირველი ღამე პატიმრობის ბოლო დღესავითაა, თუ გაუძელი, მერე არაფერი გიჭირს. მამლები კი ყივიან, მაგრამ ცას ბზარი არ უჩნდება. იმიტომ, რომ ის მამლებიც ნიკოს გონებაში ყივიან მხოლოდ, ნიკოს გონებამ დაიმახსოვრა სამუდამოდ, ლექსივით, ჩვეულებრივი მამლები კი არ არიან, არამედ – ელიასი, განწირულნი, შეწირულნი; განთიადის წინათგრძნობა კი არ აყივლებთ, არამედ – სიკვდილისა. მოქრიან ელიას მთიდან ფრთების ბათქაბუთქით, თვალებდაყვლეპილნი, ბრჭყალებგაფარჩხულნი, ბურთებივით ასკდებიან ქვადქცეულ მიწას, მტვრის ღრუბლებში ეხვევიან, საკუთარ ბუმბულში, საკუთარ ნაწლავებში (მიწაზე დანარცხებისას, უკნიდან გამოუვარდებათ ხოლმე შიგანი), მაგრამ მაინც ვერ მოყავთ ნანატრი წვიმა, დაგვალულ მიწას ისევ თავისთავად ავარდება ხოლმე აქაიქ ალი. ა, ელია, ელია, შენთვის რა მიწყენია. ლაზარ მოდგა კარსა, აბრიალებს თვალსა. ლაზარე ოთხი დღის მკვდარი გააცოცხლა თურმე ღმერთმა. უკვე ყარდაო. ამიტომაც არ მარხავენ ოთხი დღე მკვდარს. გაიხედე და, ოთხი დღის მერე