მრავალხმიანობა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ხიბლი და სიმდიდრე წიგნის თხოვება არ მიყვარს. ახლო მეგობრებმა ეს კარგად იციან და არ მიწყრებიან. განსაკუთრებით ისეთებს ვუფრთხილდები, მნიშვნელოვან დროს რომ აღმოჩნდნენ ჩემთან სამახსოვრო მინაწერით ან თვითგადარჩენის სურვილმა თავად მიმიყვანა მათთან. დელიკატური საკითხია, ყველას ვერც გავამხელ. მაშინ ჩემი დარდებისაც წვრილად უნდა ვთქვა, რის გამოც არცთუ დიდი ხნის წინ მხატვრულ პროზას შევაფარე თავი. თუმცა, რა დასამალია, რომ „პირადი აფთიაქის“ ერთი თარო თანამედროვე ქართველ ქალ ავტორებს ეკუთვნით.
ამ წიგნებში ისეთი ამბებია, ყოვლისმცოდნე მთხრობელებთანაც რომ არ წაგიკითხავთ აქამდე. სათქმელად ადვილია: ასეთი ნარატორები ქართულ ლიტერატურაში ძირითადად კაცები იყვნენ და ქალთა მხატვრულ სახეებსაც ისინი ქმნიდნენ, შედარებითი დახასიათებისთვის აუცილებელი, მაგრამ ხშირად არაბუნებრივი პლასტებით. შესაბამისად, „მეორე სქესის“ მიერ პირველ პირში დაწერილი ამბები დიდი იშვიათობა იყო და იმის თაობაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა, თუ რას გრძნობდნენ ქალები, რა აძლიერებდათ მათ, როგორ აღიქვამდნენ საკუთარ სხეულს, საცხოვრისს, სამყაროს.
ჯერ ისე მოხდა, რომ ქალები გავაქრეთ.
მხოლოდ ფრაგმენტულად ვიცით მათი ისტორია, ვინც მეცხრამეტე საუკუნეში კალამს მოჰკიდა ხელი, დრო უკან მოიტოვა და დღევანდელობის სათქმელსაც შეეხმიანა. შეიძლება ითქვას, რომ იმხანად დაწერილი ფემინისტური ტექსტები ჩვენთვის აზრის მატიანე უფროა, ვიდრე თანამედროვე კულტურისა და პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, ყოველდღიური ყოფის მაცოცხლებელი არსი, რადგან ისინი ჯერ კიდევ მხოლოდ ქალების, თანასწორობის იდეით გულანთებული მკითხველებისა და გენდერის მკვლევართა საკითხავია. იმ დიდებულ ქალთაგან, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თავის დამკვიდრება ბევრმა ვერც შეძლო. მოგვიანებით კი, მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან, ყველა ქალი, ვინც წერით ცდილობდა თვითგამოხატვას და ცხოვრების დინების შეცვლას, ლიტერატურულ სივრცეს და საჯარო ცხოვრებას უხეშად, საკმაოდ დიდი ხნით განარიდეს. არქივებმაც იმ ქალების გვარ-სახელები და ფოტოები უფრო შემოინახა, ვინც ამა თუ იმ შემოქმედის მუზა იყო, ვიდრე მათი, ვინც თავად ქმნიდა და წერდა.
მერე ისე მოხდა, რომ ქალებთან დავაგვიანეთ.
საქმე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქალი მწერლების მიერ მეოცე საუკუნის ბოლოს დაწერილი არაერთი წიგნი გამოიცა. მართალია, ზოგიერთი ტექსტი პერიოდიკაშიც იყო გამოქვეყნებული და მცირე ტირაჟით წიგნადაც გამოცემული, მაგრამ მკითხველთა და კრიტიკოსთა განხილვის, ლიტერატურული პროცესის ნაწილი მხოლოდ ახლა, მათი გარდაცვალების შემდეგ გახდა. თითოეული მათგანის გამორჩეული ხმა და დასამახსოვრებელი ხელწერა საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ გასული საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია თავიდან დაიწეროს. ამ ტექსტების არათუ ანალიზი, არამედ დროულად წაკითხვაც კი თანამედროვე ავტორებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან ის, რაც ლიტერატურაში სიახლე და გაბედულება გვგონია, ხშირად მხოლოდ რეპლიკა და წარსულთან შეხმიანება აღმოჩნდება ხოლმე.
ახლა ისე ხდება, რომ წერა აღარ არის ფემინისტური აქტი.
ტექსტების სათქმელი კი მრავალფეროვანია და ახალი მედიის ეპოქაში აღარც უსახელოდ დაკარგვაა იოლი. ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ლიტერატურული პრემიის, „საბას“, ელექტრონულ არქივს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ყოველწლიურად იმატებს ქალების მიერ დაწერილი წიგნების რაოდენობა. მეტიც, წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გაცემული პრემიების ორი მესამედი სწორედ ქალ ავტორებს ეკუთვნით. თუ „საბას“ ისტორიას სხვა რაკურსითაც შეაჯამებთ, იმასაც აღმოაჩენთ, რომ ოცი წლის წინ ლაურეატებს შორის მხოლოდ ერთი ქალი იყო, შარშან კი მწერალ ქალებს პრემიების ნახევარი ერგოთ. რაც შეეხება პროზაული კრებულის და რომანის ნომინაციებს, აქ პრემია ქალებს მაინც იშვიათად გადაეცემათ და იქნებ ფიქრის საბაბიც სწორედ ეს იყოს, თუ რა წინაღობები ხვდებათ მათ სამწერლო გზაზე.
ერთი რამ ცხადია, წერით და იმ ამბების თხრობით, რომლებიც ქალებმა ვერცერთ წიგნში ვერ ამოიკითხეს, ერთმანეთი გაამხნევეს, წაახალისეს. თემები, რომლებზეც ისინი წერენ, ხშირად უაღრესად ნატიფი, გულწრფელი და მოულოდნელია, მკვეთრად განსხვავებული ენობრივი ქსოვილით. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სოციალურ სივრცეში ქალებს ძირითადად „ვარდისფერ“ თემებს ანდობდნენ, კულინარია იქნებოდა ეს თუ შვილების აღზრდა, ახლა ისინი წერენ ყველაფერზე, ცხოვრების ყველა შრეზე - სიყვარულზე, მეგობრობაზე, თანასწორობაზე, ძალადობაზე, ომზე... და არაფრით ჰგვანან ერთმანეთს.
შესაძლოა, ჩვენი დროის ქალებს ჯერაც არ აქვთ საკუთარი ოთახი, წიგნის საწერად კვლავ „ძილის დროს ჰპარავენ საკუთარ თავს“ ან ხანდახან „მხოლოდ შემთხვევით“, უცაბედი მოხელთებით ახერხებენ ამას, მაგრამ, მთავარია, ლიტერატურაში საკუთარი ხმა აღარ ეუცხოებათ. ძალიან პროზაულად კი ჟღერს, მაგრამ მუზებს აღარ სჭირდებათ მასკულინური მედიუმი, რადგან საკუთარ ამბებს თავადაც ოსტატურად ჰყვებიან - ხშირად უჩვეულო პირდაპირობით, განსხვავებული პერსპექტივითა და სიტყვების ახლებური შეფერილობით. ბუნებრივია, ამ კრებულსაც პირველივე გვერდიდან შეატყობთ, რომ ეს მომნუსხველი ამბები ქალების დაწერილია და იმაშიც დარწმუნდებით, რომ სწორედ მრავალხმიანობაა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ხიბლიცა და სიმდიდრეც...
მართალია, წიგნის თხოვება არ მიყვარს, მაგრამ კარგი