ბარიერები და აღიარების ძალა ამ პაწაწინა შესავალს ამ წიგნისთვის როგორც მკითხველი, ისე ვწერ - როგორც აქტიური მკითხველი და, ზოგადად, ადამიანი, რომელსაც მწერალი ქალები ყოველთვის აინტერესებდა და მათკენ მიუწევდა გული.
პირველი ტომის მსგავსად, აქაც სხვადასხვა თაობის, ერთმანეთისგან განსხვავებულ ავტორებს ნახავთ, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ერთ შთამბეჭდავ სურათს ქმნიან: თუ როგორ ვცხოვრობდით, ვიბრძოდით, გვიხაროდა და ვდარდობდით, როგორ გვიყვარდა ბოლო ათწლეულების საქართველოში. ამ ანთოლოგიაში შესულ ტექსტებს, მიუხედავად მრავალფეროვნებისა, კიდევ ერთი რამ აერთიანებს: ისინი ქალების გადმოსახედიდანაა დაწერილი. ქალებს კი ჯერ ისევ ხვდებათ ხილული თუ უხილავი ბარიერები ლიტერატურაში. ზუსტად ამ ბარიერების გამოა, რომ მათ ნაკლებად ვიცნობთ და ნაკლებად ვაღიარებთ. ცალკე ანთოლოგიებიც იმიტომ იქმნება, რომ ქალები მეტად გამოჩნდნენ საერთო ლიტერატურულ სურათზე და მეტად ხილვადი და შესაგრძნობი გახადონ ყველაფერი ის, რაც დომინანტური თვალთახედვიდან არ ჩანს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, მკითხველებმა, თვალი გავუსწოროთ იმას, რასაც ვხედავთ, მაგრამ თვალს ვარიდებთ; მოვისმინოთ ის, რაც ისედაც ვიცით, მაგრამ ამაზე არავინ გველაპარაკება; კიდევ ერთხელ ვიგრძნოთ ის, რაც ასე ძვირფასია ჩვენთვის, მაგრამ მისი მიჩუმათება ბავშვობიდან გვასწავლეს.
ყველა ქვეყანაში, სადაც კი ეს კვლევა ჩატარებულა, ქალები მეტს კითხულობენ. ასეა საქართველოშიც. მიუხედავად იმისა, რომ ქალებს ბევრად ნაკლები დრო გვაქვს, ჩვენ უფრო მეტად გვიყვარს კითხვა. და, მიუხედავად მკითხველად ყოფნის ხანგრძლივი გამოცდილებისა, ჩვენ ახლა ვრწმუნდებით იმაში, რომ მხოლოდ ერთი ხმით დაწერილი ამბების დრო დიდი ხანია წავიდა; ახლა ვსწავლობთ იმასაც, რომ ქალი ავტორების აღიარება, პირველ რიგში, ჩვენი - მკითხველის - საქმეა; რომ ზოგადად, სხვა ქალის ნიჭის აღიარება საკუთარი ნიჭის, საკუთარი შესაძლებლობების აღიარებას ნიშნავს; რომ არაფერია იმაზე უფრო გამაძლიერებელი, ვიდრე გჯეროდეს საკუთარი თავის და სხვა ქალების; გჯეროდეს იმის, რომ ჩვენ დიდი ძალა ვართ.
თამთა მელაშვილი
მწერალი