როგორ თენდება მთაში
ყველაზე უკეთ მთაში გრძნობ მზის ძალას. ბარში შეიძლება ისე ამოვიდეს და ჩავიდეს, ვერც გაიგო. იქ კი, მწყემსის ქოხში ბოლისაგან თვალებამომწვარს, მთის ცივი გამჭოლი ქარი გაღვიძებს და აბაბანებულს წამოგაგდებს.
ბოლი გახრჩობს, ზურგით დგები ცეცხლთან, ხელებს ითბობ და თანდათან სინათლეშეპარულ ცას მოლოდინით უყურებ.
მერე გარეთ გამოძვრები და ცხვირამდე ჩამოფხატული ქუდიდან იყურები ჯერ აღმოსავლეთისაკენ - იქ ისევ მთის პირქუში ღამის ნარჩენებია, მერე დასავლეთისკენ, სადაც მეხუთე მთაზე უკვე დაცემულია მზის სხივი და ნელ-ნელა მოიწევს შენსკენ.
შენ ელოდები, როდის ამოსცილდება უზარმაზარ მთებს ისე, რომ შენამდეც მოაღწიოს.
იქვე გაწოლილი მეცხვარის ძაღლი ყურადღებით გათვალიერებს. შენ თვალს არიდებ, ახლა ძაღლისთვის არა გცალია. ახლა ხელ-პირი უნდა დაიბანო ყინულივით ცივი წყლით.
საცალფეხო ბილიკით მიდიხარ წყაროსკენ.
წყარო მაღლაა.
ზევიდან იყურები. გარშემო მხოლოდ მთებია, იყურები იქით, სადაც სოფელი დარჩა, შავი კლდე და მის კალთებზე ჩამოჭრილი ხევები. უკვე აღარ გჯერა, რომ სადმე შეიძლება იყოს სოფელი, მანქანა, ვენახი. ტყეც კი სადღაც ქვევითაა, ცაც ალყაშია მოქცეული და ასე ალყაში მოქცეული თანდათან ღრმავდება, გადმობრუნებულ თაღს ემგვანება, ოღონდ გამჭვირვალე თაღს. ნიაღვრის წყლებისგან დახეული მთები და შენ. ჰო, კიდევ წყარო, სადაც ხელ-პირი უნდა დაიბანო.
ცოტა ხანში გაწუწული ბრუნდები. ქუდი ორი თითით გიჭირავს განზე. ქოხი ისეა გაბოლილი, არ შეისვლება, ამიტომ გვერდიდან გამოხეულ ცელოფანში ყოფ ხელებს. გეწვება, მაგრამ სიცივისაგან ისე გაქვს დაბუხული, რომ გეწვება, ესეც კი გსიამოვნებს, მერე იფხატებ ქუდს, ხელებს ჯიბეში მალავ და ისევ დასავლეთისკენ იყურები. მზის ნათელი ნელა, მაგრამ მაინც მოდის, უკვე მესამე მთის მწვერვალს გადმოსცდა.
ქოხში ისეთი ბოლი აღარ დგას. ცეცხლი ჩანავლულა. ნაკვერჩხლებზე შეგეძლო სანახევროდ მაინც გამთბარიყავი.
დიდ ტაფაში გუშინდელი ყაურმა დარჩენილა.
ახლა უკვე შეიძლება ცხოვრება.
ქოხში და ქოხის გარშემო მიყრილი ნაბდები ნელ-ნელა ამოძრავდნენ, მაგრამ, ეტყობა, ჯერ თვალის გახელა ეზარებათ. სარქალი უკვე ადგა და ჩლახუნით გაემართა ზევით დაყრილი ცხვრისაკენ. ფერდაზე საოცარი სიზუსტით არის გაყოფილი მზისა და ჩრდილი საზღვარი. მზე სულ უფრო და უფრო ახლოს მოდის, მერე უცებ ხვდები, რომ შენც შეგიძლია მისკენ წახვიდე.
1993 წ.