მკვლელი „В конце концов у всех нас ждёт один приговор – Смерть“
Иосиф Бродский
„Все мы убийцы, все и на этой стороне и на тои, и
ни к чему хорошему это не приведёт“
„Острова в океане“
„მე ჩემი უბედურება
ღმერთმა დამწერა ხმალზედა.
მე მოვკალ თავის ძმობილი,
ხმალი ვიხმარე ძმაზედა,
დამდევენ მოსაკლავადა,
საყუჩს მიდგამენ გზაზედა“
ხალხური
ზღვა წყნარი იყო. შორს, ჰორიზონტისკენ გაშლილი, ჩუმი შრიალით, ფრთხილად ეხებოდა ნაპირს. წყნარად ციმციმებდა მის ზემოთ გაშლილი, ლურჯი, ღრმა და უცხო ცის ქვეშ. ლურჯ მოკრიალებულ ცაზე უზარმაზარი, ფთილებად შეკრული თეთრი ღრუბელი, კოსმოსური ხომალდივით მოცურავდა და მოტორტმანე ზღვაში ირეკლებოდა.
თბილ, ოდნავ აშლილ ტალღებში მიცურავდა. მერე ჩაყვინთა, თვალები გაახილა და ზღვის მომწვანო, მოყვითალო, მრუმე წყალში თეთრად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ჩამოყოლებული მზის სხივი დაინახა, რომელიც ფსკერისკენ მიიკვლევდა გზას.
და ეგრევე იგრძნო, მარცხენა ბეჭის ქვეშ როგორ გაუყარეს სპიცივით, გრძელი, ძაფივით წვრილი რაღაც. ერთხელ, მეორედ, მესამედ და თეთრად ჩამოშლილი მზის სხივი ელვის სისწრაფით გაიშალა, ზღვა გათეთრდა და მეოთხედაც დასცხო, მარცხენა ბეჭის ქვეშ. გული გაჩერდა. „ე, ვკვდები“ გაიფიქრა და თეთრად განათებული, მურტლად გადათეთრებული ზღვის ფსკერისკენ ბარჯგაყრილი თეთრი ზვიგენივით დაეშვა. ზედაპირზე ამოსვლა სცადა. არა, ვეღარ – „ე ვკვდები!“ გაიფიქრა და დაფეთდა. ვერ ტოკდებოდა, ხელსაც ვერ სძრავდა – „მოვკვდი ტო, ე, შენი დედაც მოვკვდი!“... მთელი ტანითყშეირხა, მხრები გაამოძრავა და ეგრევე ცეცხლივით დაუარა მთელს სხეულში აუტანელმა ტკივილმა. ტკივილის არასოდეს ეშინოდა, სიკვდილი კი ძალიან არ ეხალისებოდა, მით უმეტეს, ბლანტ, თეთრად შედედებულ მოღალატე ზღვაში, რომელმაც ზურგში მარცხენა ბეჭის ქვეშ სპიცი წაუყარა. „ერთი შენი დედაც“ – უთხრა ტკივილს, თეთრ, უცნაურად, შიგნიდან განათებულ და ვერაგ ზღვას, საკუთარ გაჩვრეტილ გულს და კიდევ გაიბრძოლა, მერე ფეხებიც აამუშავა. ზევით მაღლა ზედაპირი ჩანდა, შორს, მაგრამ იქ იყო. ნამდვილად იქ იყო. ნელა დაიძრა, ცოტა ხანში ზღვიდან ამოვარდა, თავი გაიქნია და ეგრევე დიდი, ყვითელი, ცხელი მზე მოძებნა, შიშისაგან გაგიჟებული, გადიდებული თვალებით.
ნაპირისკენ გამოცურა. მოცურავდა თეთრ, შედედებულ ზღვაში და გულს ვეღარ გრძნობდა. ნაპირი შავი იყო და არავის ელოდებოდა.
–––––––––––––––––––
ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ახალკახათის ყოფილ კულტურის სახლში, გრძელი, უსახური, ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე, „ფორდის“ მიკროავტობუსიდან ამოღებულ სავარძელში, ორმეტრიანი ნაბაკეველი პარტიზანი, გია ეზუხბაია, მეტსახელად „ფშავეთი“ იჯდა, გავარვარებული ღუმელის სიმხურვალეს სახეს არიდებდა და ცოლის ჩხუბს უსმენდა.
გია ეზუხბაიას ცოლი, ონკანთან, გრძელ მაგიდაზე, ემალის ტაშტში, ცომს ზელდა და იქვე შემოდგმულ თუჯის ტაფაში მჭადებს აცხობდა. ცომის ტყაპატყუპს თითქოს რიტმში აყოლებდა ჩხუბს.
– შენ მოგეცა ჩემი ცოდვა, როგორც შენ მე არ გამახარე და გამაუბედურე, მეც და ჩემი შვილებიც, შე სულელო, შე სულელო შენ... თუ მასე გინდოდა, ბატონო, ნუ მოეკიდებოდი ოჯახს, ნუ დაიდებდი ჩემი და ამ ბოვშვების ბრალს... რა გინდოდა შე უბედურო, ა? მი დაგიცვენს სი საწყალი, მირე სკან მინჯე და მარდიელი, ამარ სი დო სკანი საქორთუო, ქინგეხვარას ასე(1), უკანასკნელ ჭადს ვაცხობ ამას ე, დამხედე ხელებზე, ბოლო ცომს ვიფხიკავ თითებიდან. აფხაზი მტრად მოიკიდე, ქართველი მტრად მოიკიდე, ყველა შენ დაგდევს მოსაკლავად. სამი რკინის კარს აქეთ რომ გვძინავს მთელს ოჯახს და ყოველ გაფაჩუნებაზე გული გვისკდება, ნავთი არ მოგვასხას ვინმემ, ცეცხლი არ მოგვცეს და ბავშვებიანა არ ამოგვბუგოსო, აგია ცხოვრება?.. კილომეტრნახევარია აქედან ენგურამდე, ორ წუთში აქ არის აფხაზი. მის ოკოდუ სკანი ომი, დო მის მუ დარკი?(2)
გია ეზუხბაიას „ფშავეთი“ იმიტომ კი არ დაარქვეს, რომ ენგურის მხარეს, ქართველ პარტიზანებში, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი იყო და რუსებს და აფხაზებს სისხლს უშრობდა. უფრო იმიტომ, რომ ძალიან მოსწრებული სიტყვის პატრონი იყო და მეგრელისთვის შეუფერებლად ბევრს იგინებოდა. ახლა კი ჩუმად იჯდა, უაზროდ ატრიალებდა ხელში შეშას და ცოლის ჩხუბს უსმენდა.
– დატეულიყავი შენთვის, გადახვიდოდი ახლა ნაბაკევში, ცოტას მანდარინს მობოჭავდი, ცოტას თხილს მობოჭავდი, მიაშავებდი იმათაც და შენც დაგრჩებოდა რაღაც. მთელი გალი გადადის და აღარ ერჩიან იქით. მუშაობს ხალხი, რაღაც ორ კაპიკ ფარას შოულობს. ქიშმარიებმა საქონელიც გაიჩინეს ეგერ.
– ხო, თინებცალო მონებო ქიგუდირთუქ ხოლო თი ნაბოზრებს (3) – გიამ შეშა ღუმელში შეუკეთა და ჯახანით მიხურა კარი.
– არაფერი მონები არ არიან ისინი. აარა მარტო შენ ხარ აქ! როგორ გეკადრება. პარტიზან ვორექია დო ბუტკაშ ნისიაშ შიშით ქუჩაშა ვეგმართე(4) მთელი გალის რაიონი სახლში ბრუნდება