შესავალი „იერუსალემ, იერუსალემ, რომელმან მოსწყვიდენ წინასწამეტყუელნი და ქვაი დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენ გზის ვინებე შეკრებაი შვილთა შენთაი, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინვლემან მართვენნი თვისნი ქუეშე ფრთეთა თვისითა და არა ინებეთ! აჰა, ესე რა დაეტეოს სახლნი თქვენნი ოხრად!“
სახარება მათესი: 23, 37-38
„ისინი მოგიბოდიშებენ, როს მათთან დაბრუნდებით. უთხარი: ნუ ბოდიშობთ, (მაინც) არასოდეს დაგიჯერებთ. ალაჰმა გაგვაგებინა თქვენი ამბები. დაინახავს ალაჰი თქვენს საქმეს და მისი მოციქულიც, მერე კი დაბრუნებულ იქნებით დაფარულისა და გაცხადებულის მცოდნესთან და ის გაგაგებინებთ, რასაც აკეთებდით! ისინი ალაჰს დაიფიცებენ თქვენ წინაშე, როს მათთან მიბრუნდებით, რათა პირი იბრუნოთ მათგან. მაშ, პირი იბრუნეთ მათგან! ისინი არიან სისაძაგლე(ნი); თავშესაფარი მათი კი გეენაა, საზღაურად იმისა, რასაც მოიხვეჭდნენ. იფიცებენ თქვენ წინაშე, რათა კმაყოფილნი დარჩეთ მათით და თუნდ კმაყოფილნი დარჩეთ თქვენ, ალაჰი მაინც არ იქნება კმაყოფილი ზნედაცემული ხალხით“.(არაბულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ.)
ყურანი, სურა IX, 95-96
* * *
შეტაკება შეღამებისას მოხდა – როცა მზე ქვეყნიერების კიდისკენ დაეშვა. ვერც გავიგე, რა ჯურისა და მოდგმის ხალხს გადავეყარეთ. ჯერ იყო, ავჟანდი გამიწყდა ცხენზე, დავქვეითდი და, სანამ გადავაბი, გვარიანად ჩამოვრჩი. დაწინაურებულ ჩვენებს რომ წამოვეწიე, მოულოდნელად ერთ ნაცნობს მოვკარი თვალი, მამიდაჩემ ხადიჟათის ქმრის, ბიძაჩემის მშობლიური ყიშლაღიდან. გამიკვირდა. ჩვენი გვარისა და ულუსის არ იყო და ჩვენს რაზმში არ უნდა ყოფილიყო. „აქ საიდან გაჩნდი-თქო“, – ვკითხე. მიპასუხა, რაღაცას მიყვებოდა, მაგრამ ვერ გავარჩიე. სახელით მომმართა: – „ბაბურ!“ მიცნობდა. ამ დროს წინა რიგებში ჩოჩქოლი ატყდა. ხმას აუწიეს და აქა-იქ მათრახებმაც გაიტყლაშუნეს. უზანგებზე წამოვიწიე, რომ გამეგო რა ხდებოდა. ჩამავალი მზის ათინათზე გავარჩიე – ჩვენები უცხოებს, ვიღაც გადამთიელებს შესჩეხებოდნენ. სხვანაირი ქუდები ეხურათ და ცხენებზეც სხვანაირად ისხდნენ. ჩხუბი ატყდა, ცოტა ხანში ხმლის პირმაც იელვა. არ ვიცი, ჩვენმა იშიშვლა მახვილი პირველად თუ იმათგან ვინმემ. ყოველ შემთხვევაში, საქმე ხმალზე მიდგა, მეც მოვემზადე და მაღალი ალლაჰის სახელი ვახსენე. ხმლის ვადა მოვსინჯე თუ არა, მოულოდნელად, მამიდაჩემ ხადიჟათის ქმრის ყიშლაღელმა, წეღან რომ სახელი დამიძახა, მათრახი გადამაწნა სახეში და მარჯვენა თვალი გადამიხსნა. თვალი წყლით სავსე საქონლის ბუშტივით გამისკდა და მტვრიან სახეზე ჩამომეღვარა. სიმწრისგან ამოვიგმინე, ანაზდეული ტკივილისგან გული შემიღონდა, უნაგირზე ძლივს შევიმაგრე თავი, ცხენის ფაფარში ჩავემხე და ხელები კისერზე შემოვაჭდე. ცხენის ოფლის სუნმა გონს მომიყვანა. შემეშინდა ტკივილისაგან გულიც ისევე არ გამსკდომოდა, როგორც თვალი გადამისკდა. გონება კი არ დამიკარგავს. მამიდაჩემის ხადიჟათის ქმრის ყიშლაღელის სახელიც კი გავიხსენე, რომელმაც, სრულიად უდანაშაულოს, ასე ვერაგულად, მათრახის დარტყმით მარჯვენა თვალი გადამიხეთქა და დამაბრმავა.
ნურ მუჰჰამედ ბანი.