1. კომპიუტერის კომპონენტები. პერსონალური კომპიუტერი კომპიუტერი არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის დამუშავების და შენახვისათვის. ამჟამად არსებობს სხვადასხვა ზომის, ფორმის და ფუნქციონალური შესაძლებლობების კომპიუტერები.
პერსონალური (სამაგიდე) კომპიუტერი კომპიუტერების მრავალრიცხოვანი ოჯახის ერთერთი წევრია, რომლის ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებაც ეგრეთ წოდებულ ღია არქიტექტურაშია (Open architeqture), რისი მეშვეობითაც შესაძლებელია სასურველი კონფიგურაციის კომპიუტერის დამოუკიდებლად აწყობა, მოდერნიზება (დამატებითი კომპონენტების ჩამატება ან ძველის ახლით ჩანაცვლება სისტემის შესაძლებლობების გაზრდის თუ განახლებისათვის) და რემონტი სახლის პირობებში, რაც წარმოუდგენელია დახურული არქიტექტურის მქონე სისტემებისათვის, რომლებშიც უმცირესი ცვლილების შეტანა მხოლოდ სპეციალიზირებულ დაწესებულებებშია შესაძლებელი. სწორედ ღია აქრქიტექტურის პრინციპმა განაპირობა პერსონალური კომპიუტერის წარმატება მთელს მსოფლიოში.
პერსონალური კომპიუტერი იწყობა სტანდარტული სისტემური კომპონენტებისაგან, ეს კომპონენტები ურთიერთთავსებადია, რაც ერთი სისტემის კომპონენტის სხვა სისტემაში უპრობლემოდ გამოყენების საშუალებას იძლევა. Macintosh კომპიუტერებისაგან (რომელიც ძალიან პოპულარულია აშშ-ში) განსხვავებით, პერსონალურ კომპიუტერი – PC (Personal Computer) არ გამოდის აწყობილი სახით და მისი აწყობა, მოდერნიზება და შეკეთება შესაძლებელია მომხმარების მიერ.
თანამედროვე პერსონალური კომპიუტერები წარმოადგენენ სხვადასხვა ცნობილი თუ უცნობი ფირმის მიერ შექმნილი ურთიერთთავსებადი მოწყობილობების ერთობლიობას, რომლებსაც გააჩნიათ განსხვავებული მახასიათებლები. აქედან გამომდინარე შესაძლებელია სხვადასხვა კონფიგურაციის და სიმძლავრის კომპიუტერული სისტემის აწყობა.