იტვირთება...

ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი!

ელგუჯა მარღია

2016 წელი | ,,პროფილი+''
5,997 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ქართული რობაის ნიმუშები ცოტა თუ მოიძებნება და ამ ფორმისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებაც დიდწილად ელგუჯა მარღიამაც უნდა იტვირთოს საკუთარ მხრებზე. რობაიში სათქმელის ლაპიდარულობითა და ეკონომიურობით უნდა მიაღწიო უმაღლეს ოსტატობას. აქ არ გაქვს მოთელვის საშუალება და, რაც მთავარია, ბუნებრივად უნდა მიხვიდე ამ საზომთან. სწორედ ასე აირჩია რობაი ბატონმა ელგუჯამაც. მხოლოდ მან კი არ აირჩია, რობაიმაც მიიღო და შეითვისა იგი. იოსიფ ბროდსკის პერიფრაზს რომ მივმართოთ, ელგუჯა მარღი- აც საშუალებაა რობაის ხელში ამ სათქმელის გამოსახატავად. იშვიათად მინახავს ერთი ავტორის პოეტური პუბლიკაცია, ასეთი რეზონანსი რომ მოჰყოლია. მარინა ტურავა
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
რობაი - სულის შინაარსი ქართული პოეზია თითქოს ვერ გუობს მყარ, კანონიკურ სალექსო საზომებს. იამბიკო, მუხამბაზი, მაჯამა, თეჯნისი, ბაიათი, ტერცინა, ოქტავა, რონდო... ვერც აღმოსავლური და ვერც ევროპული სალექ სო საზომი ვერ გახდა ორგანული ჩვენი პოეზიისათვის, ვერ შეიძინა დამოუკიდებელი არსებობის უფლება. ყველაზე პოპულარული მაინც სონეტი აღმოჩნდა, რომელიც ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნის იტალიაში შეიქმნა და რომლის წარმოშობაც ,,სიცილიის სკოლასა’’ და ჯაკომო ლენტინის სახელს უკავშირდება. პირველად სონეტი ილია ჭავჭავაძემ ახსენა წერილში- ,,ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას-ძე ერისთავის კოზლოვიდგან შეშლილის თარგმანზედა’’: ,,ეგ სონეტები, ეგ უკეთესნი ყვავილნი პოეზიისანი’’. პოეზიის ,,ეგ ყვავილნი’’ მხოლოდ მეოცე საუკუნის 10-იან წლებში დაიწერა, კოტე მაყაშვილი არის პირველი ქართული სონეტის ავტორი. თუმცა პირველი თარგმანები 1832 წლის შეთქმულების მონაწილეს გიორგი ერისთავს ეკუთვნის, მას ვილნოში, გადასახლების დროს, შეუსწავლია პოლონური ენა და გადმოუქართულებია ადამ მიცკევიჩის 6 სონეტი. სონეტებს წერდნენ ცისფერყანწელები, გალაკტიონი, სონეტების არაჩვეულებრივი ციკლი შექმნა ლია სტურუამ. თუმცა ქართულმა სონეტმა ევროპულის კანონიკა მაინც დაარღვია და მას ეროვნული შეფერილობა შესძინა, რაც სრულიად ბუნებრივია და არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. ვალერიან გაფრინდაშვილმა თავისი ტრიოლეტებით, რომელთა შორის ყველაზე პოპულარული ,,სანტიმენტალური ტრიოლეტია~, ამ საზომს ახალი სუნთქვა ჩაბერა. ლექსის მყარ ფორმათა შორის ტრიოლეტი ყველაზე უფრო შეზღუდული ფორმაა და, ამდენად, უფრო გასართობი პოეზიისთვისაა განკუთვნილი. ტრიოლეტი გავრცელებული იყო შუა საუკუნეების ფრანგულ პოეზიაში. სა ქართველოში ისიც XX საუკუნის 10-იან წლებში დაამკვიდრეს ვალერიან გაფრინდაშვილმა, პაოლო იაშვილმა, იოსებ გრიშაშვილმა და ალექსანდრე აბაშელმა. გენო კალანდიას ტრიოლეტების ცნობილი ციკლი ადასტურებს, რომ ეს მოქნილი საზომია არა მხოლოდ გასართობი პოეზიისთვის, ,,ტრიოლეტებით შევრჩი საწუთროს’’, ამბობს პოეტი, რომლისთვისაც შუასაუკუნეების ფრანგული საზომი XXI საუკუნის დასაწყისშიც ყველაზე კომფორტული აღმოჩნდა. რაც შეეხება რობაის, ეს არის სპარსულ-არაბული საზომი, იგი ოთხი ტაეპისგან შედგება, გარითმულია 1-2-4 ტაეპები, მესამე გაურითმავია. რობაი უმთავრესად XI-XII საუკუნეების მიჯნის ცნობილი სპარსელი პოეტის ომარ ხაიამის სახელს უკავშირდება. სპარსული ლირიკა, როგორც ცნობილია, მთელ მსოფლიოს გოეთემ გააცნო თავისი ,,აღმოსავლურ-დასავლური დივანით’’. რობაიების პოპულარობა კი ცნობილი ამერიკელ მწერალს ედუარდ ფიcჯერალდს უკავშირდება, რომელმაც ინგლისურად აამეტყველა ხაიამის პოეზია და 1859 წელს გამოსცა სპარსი პოეტის Robayyat-ად წოდებული კრებული. იუსტინე აბულაძე, ამბაკო ჭელიძე, მაგალი თოდუა, თამაზ ჩხენკელი, ნომადი ბართაია თარგმნიდნენ ხაიამის რობაიებს ქართულად, მაგრამ ყველაზე პოპულარული ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანები აღმოჩნდა, რომელიც 1963 წელს გამოიცა. ვახუშტი კოტეტიშვილს ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევა ,,სპარსული ლექსის პოეტიკა’’. ეს გამოკვლევა მთარგმნელის პროფესიული მზადყოფნის დასტურია. სპარსული ლექსის სტრუქტურა რთული და მრავალწახნაგოვანი, ორიგინალური და თვითმყოფადია. საკითხის თეორიული ცოდნა მთარგმნელმა ოსტატურად შეუხამა პრაქტიკას. თითო-ოროლა ორიგინალური რობაიც შეიქმნა ჩვენს პოეზიაში, მაგრამ ეს საზომი მაინც თარგმანით გახდა ცნობილი. ელგუჯა მარ- ღიას რობაიებმა კი (70 რობაი დაიბეჭდა ჟურნალ ,,ჩვენს მწერლობა- ში’’,##7(241), 3 აპრილი, 2015 წელი) შესაძლოა მას დამოუკიდებელი არსებობის უფლება, მოქალაქეობა მიანიჭოს. საგულისხმოა, რომ გამოსაცემად მზადდება პოეტის რობაიების კრებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მისი და ამ აღმოსავლური კანონიკური საზომის შეხვედრა სულაც არ ყოფილა შემთხვევითი. იოსიფ ბროდსკის ცნობილი გამოთქმის პერიფრაზს თუ გამოვიყენებთ, მხოლოდ რობაი კი არ არის ელგუჯა მარღიას ხელში იარაღი სათქმელის გადმოსაცემად, არამედ რობაისთვისაც ელგუჯა მარღია არის ახლებურად გამოვლენილი შესაძლებლობები. აღმოსავლური ესთეტიკის ამოსავალი დებულება ზომიერებაა, ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გამძაფრებულია ამ მინიატურულ და მინიმალისტურ საზომში, რომელიც პოეტისაგან ძალების სრულ მობილიზებასა და კონცენტრაციას მოითხოვს. ის არ იძლევა არც მოთელვის, არც ლექსის ფინალისკენ სიტუაციის გამოსწორების საშუალებას. რობაიში იმაგინაციური ნაკადი, წარმოსახვის პროცესი სტაბილური და შეუნელებელი უნდა იყოს. ამასთან რობაი შეგონებას, გონივრულ აზრს უნდა შეიცავდეს. ცნობილია, რომ ბერძნებსა და გერმანელებს აქვთ ფილოსოფია, სხვებს ჰყავთ ფილოსოფოსები. ეს ბერძნული და გერმანული ენების, პირველ რიგში კი, ზმნების მოქნილობით არის გამოწვეული. რობაისთვის უმთავრესი სწორედ ფილოსოფიაა, მოქნილი საზომი ზედგამოჭრილია რეფლექსიისთვის. მორალისტობა, დიდაქტიკური განწყობა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ასევე მიუღებელი აღმოჩნდა ქართული პოეზიისთვის, რაც უდავოდ მისი დიდი ღირსებაა. ამ წესს ვერც ელგუჯა მარღიამ აუარა გვერდი და მის რობაიებშიც, ჟანრული მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, ნაკლებად არის მორალისტური შეგონებები, მეტია წმინდა ლირიკული ნაკადი, არის ფილოსოფიაც, განსჯაც, რეფლექსიაც...რობაისთვის უმთავრესი ლაპიდარობა და სიტყვის ეკონომიურობაა, მხოლოდ საჭირო და აუცილებელი ლექსიკა, გრძნობა, განწყობა ქმნის ამ კლასიკური საზომის ნიმუშებს. ელგუჯა მარღია უკვე საკუთარი ხმის, ინტონაციის, პოზიციის მქონე პოეტი იყო, როცა პირველი რობაი შექმნა. მისი პოეზია პირობითად შეიძლება ასე დავყოთ: რობაიმდელი და რობაიების პერიოდი. ვერ ვიტყვით, რომ პირველი პერიოდი ლექსიკის ან სათქმელის ეკონომიურობითა და ლაპიდარობით გა- მოირჩეოდა, სწორედაც რომ პირიქით იყო, მაგრამ პატარა ლექსებში უფრო ახერხებდა ავტორი პოეტური შესაძლებლობების რეალიზებას: საოცარია ზამთრისპირის დილა სისხამი: კაკლის ხეები ნაყოფივით ჩიტებს ისხამენ... და ბუხრის კვამლიც იტოტება, მიიკლაკნება ნაკადულივით ცის წიაღში და... იკარგება... ძაღლი ყეფს... შორით ხრიწიანად ყივის მამალი... თვლემს ირგვლივ თეთრი მდუმარება... თოვლის ტრამალი. (,,ეტიუდი’’) ელგუჯა მარღია ქართული კლასიკური პოეზიის საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებს. ის მგრძნობიარე, სენსიტიური ავტორია, პოეტური ვიზიონები, ხმებისა და ფერების შეგრძნება მისი პოეზიის მნიშვნელოვანი თვისებაა. თოვლის ტრამალი - ის პოეტური ვიზიონია, რომელიც, ერთი შეხედვით, მოულოდნელია ჩვენს მწერლობაში, რადგან თოვლი ჩრდილოეთის მეტონომიური სახეა. შეუძლებელია არ გაგახსენდეს ბორის პასტერნაკი, მისი არაერთი ცნობილი ლექსი თოვლზე: ,,არ არსებობს სევდა, რომლის განკურნებაც თოვლს არ შეეძლოს’’. ელგუჯა მარღიასათვის თოვლის ტრამალები შინაგანი სიმშვიდისა და ჰარმონიის ნიშანია, ტკივილის გამყუჩებელია - ,,თოვლით მოზეიმე საღამოს ცამ, ლამის სატკივარიც გააყუჩა’’...ელგუჯა მარღიას პოეზიის ერთ-ერთი ნიშანი მეგრული მოტივების შემოტანაცაა, ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა ,,ოდა ოდაზე’’: მე რაც ახლა მაბადია, ან აქამდე რაც კი მქონდა, მირჩევნია ნაბადივით გათელილი ძველი ოდა. იმ ოდაში სხვანაირი სიყვარული ნადიმობდა... და ბაბუას მარანივით მხიარული იყო ოდა... აქაც, ისე როგორც ელგუჯა მარღიას არაერთ ლექსში, რითმა ძალდაუტანებელია (მაბადია-ნაბადივით-ნადიმობდა- იყო ოდა), ბუნებრივად იბადება, რაც რობაიებისათვის აუცილებელია. ბევრი ლექსი მარტივად და ოსტატურად ტრანსფორმირდა რობაიდ. ნატო კორსანტიასადმი მიძღვნილი ლექსი ციკლიდან ..ჩუმი ძახილი’’, ემოციითა და ტკივილით იყო სავსე, ეს ტკივილი ადვილად დაიტია ,,სახლის რობაიმ’’: თითქოს გამტყდარა, მარტოობით გული დაღლია, ხსოვნის საუნჯე - ეს ხომ შენი რეჩხის სახლია... ამ ეზო-კარის მოდარაჯე ხეჭეჭურები რტოებს გიქნევენ ბავშვობიდან და გეძახიან. აფხაზეთელი ჟურნალისტის ნატო კორსანტიას წიგნები ,,ჩემი სახლი’’ და ,,წართმეული ხმები’’, უპატრონოდ მიტოვებული სახლების სევდაზეა, სწორედ ამ სევდით არის ინსპირირებული ელგუჯა მარღიას ეს რობაიც. სევდა პოეტის მუდმივი თანამგზავრია, ერთგული მეგობარია - გარდაგვეცვალა უმცროსი და... მოგვიცვა სევდამ და დავრჩით სამნი... ახლა ვფიქრობ, ყველაზე მეტად, საბრალო არის ქვეყანაზე ორი მოხუცი, - სასაფლაოსკენ მაცქერალი მამა და დედა... მაგრამ წუთისოფელი ცოდვა-მადლის მარადიული ტრიალია, ტკივილ-სიხარულის უცნაური მონაცვლეობაა, ,,წყალობის რობაი’’’ - სწორედ ამის დასტურია: ამ უდიდესი წყალობისთვის გმადლობ, უფალო, გადასარჩენად მოუვლინე ოჯახს პატარა... ელგუჯა მარღიას 5-ფრაგმენტიანი ლექსი ,,ქორწილი პალურში’’, რომელიც ქართული მოლხენის უამრავ ატრიბუტს, ტოლუმბაში-ბილბაშის შერკინებასა და სიმღერა-გართობის, ღვინის სმისა და ღამისთევის სცენებსაც მოიცავს, ასევე ადვილად და ოსტატურად ტრანს- ფორმირდა ,,ალადასტურის რობაიში’’ - ,,დავწურე ჩემი ეზო-კარის ალადასტური, არც მეგობრების მეშინია, ძმაო, არც სტუმრის’’... ელგუჯა მარღიას რობაიების პოეტური მეტყველება ძირითადად საკომუნიკაციო ლექსიკას ემყარება, პოეტური სინტაქსიც ახლოს არის ჩვეულებრივ სინტაქსთან, ლექსის მხატვრულ ეფექტს წარმოსახვის პროცესი და მეტაფორული აზროვნება ქმნის - ,,მიწიერ ცოდვებს იბერტყავენ ხეები თითქოს’’, `,,რტოებს გიქნევენ ბავშვობიდან და გეძახიან’’, ,,დღეს საქართველო აჩეხილი ვაზივით ჰგოდებს’’, ,,ბუხრისპირს უყვარს ამ დალოცვილს ტკბილი ღიღინი’’, ,,მოგონებებს მიფერადებს სევდიანი ფოთოლცვენა...’’ პოეტის წარმოსახვა მხოლოდ ხილული კი არა, სმენითიც რომ არის ამ მაგალითებითაც დასტურდება. რობაი ტრადიციულად თოთხმეტმარცვლიანი ლექსია, ეს პარამეტრი ,,ჩვენი მწერლობის’’ ხსენებულ პუბლიკაციაში არ ირღვევა, რითმა, როგორც აღვნიშნეთ, ასევე კანონიკურია და ასე გამოიხატება: aaba. ელგუჯა მარღია უმთავრესად იცავს ამ სქემას: თუმცა ბევრია საფიქრალი და საწუხარი, მაინც ყოველდღე გახსოვდეს და შენ თავს უთხარი: მთავარი არის, სიყვარული აღარ ჩაგვიქრეს და სამუდამოდ გიზგიზებდეს გულის ბუხარი. ამ ,,სიყვარულის რობაიში’’ რითმები: საწუხარი-უთხარი-ჩაგვიქრეს-ბუხარი, სწორედ ხაიამისეული სქემის გამეორებაა, ამ სქემას არაერთ ნიმუშში ოსტატურად და ძალდაუტანებლად მიმართავს პოეტი (,,შემოდგომის რობაი’’, ,,ფოთოლცვენის რობაი’’, ,,სირცხვილის რობაი’’, ,,წყალობის რობაი’’, ,,დაკვირვების რობაი’’, ,,ვაზის რობაი’’, ,,ჩაფიქრების რობაი’’, ,,პოეზიის რობაი’’, ,,იმიჯის რობაი’’...), თუმცა რუსთაველის გავლენით, გვხვდება მაჯამური რითმებიც _ aaaa (,,იუდას რობაი’’, ,,ორმოს რობაი’’, ,,ხევსურეთის რობაი’’, ,,მადლიერების რობაი’’...), არის რობაიები, რომელიც არც ერთ ამ სქემაში არ თავსდება (,,მოთმენის რობაი’’ - caba, ,,სიბრძნის რობაი’’ - aabc, ,,დანახვის რობა’’ - caba...). ელგუჯა მარღია ნაკლებად იყენებს ე.წ. საყოველთაო მოხმარების, გაცვეთილ რითმებს, ბევრი რითმული წყვილი ორიგინალური და ახალია: გვარ-ტომის - პატრონი-პლატონი, ბურჯი_ხურჯინს_ქუჯი, მუხლი-ვუხრი-მწუხრი, შეტოპა-ყბედობა_უიმედობა, ალადასტური_სტუმრის_დასტური და ა.შ... რაც მთავარია, არც რითმებსა და არც რობაიებს არ ეტყობათ მუშაობის, ხანგრძლივი ფიქრის კვალი. არადა, ასეთი მაღალი მხატვრულობა უშრომელად ნამდვილად არ მიიღწევა. საინტერესოა ელგუჯა მარღიას რობაიების მეტრული წყობაც. თოთხმეტმარცვლედი ძირითადად წარმოდგენილია 5/4/5 და იშვიათად 4/5/5 ვარიაციებით, ეს არც ექსპრესიულ, არც ნეიტრალურ ტონალობას არ ქმნის, უფრო საშუალოა მათ შორის. სწორედ ეს მეტრიკა განსაზღვრავს ლექსის ზეაწეულ ჟღერადობასა და მუსიკალობას. ნიშანდობლივია, რომ ედუარდ ფიცჯერალდის დროიდან რობაის ევროპულ ენებზე ძირითადად ხუთტაეპიანი იამბით თარგმნიან, ქართულად კი ადვილად, ბუნებრივად ითარგმნება ოთხტაეპედით. აღმოსავლური რობაი ძირითადად არუზის მეტრში ეწყობა, რაც გრძელი და მოკლე მარცვლების მონაცვლეობას ემყარება, ეს ერთადერთია, რაც ქართულმა თარგმანებმა ვერ გაიმეორეს. ქართული თოთხმეტმარცვლიანი ლექსი, ტერფების განლაგებით, საკმაოდ მრავალფეროვანი საზომია. ენის პროსოდიული ბუნების შესაბამისად, ქართული რობაიც, თარგმნილიცა და ორიგინალურიც, მრავალფეროვანი და საინტერესოა. ამ თვისებას ელგუჯა მარღიას რობაიებიც ინარჩუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ 70 რობაიდან ყველა ერთი დონის არ არის, გვხვდება გამორჩეული ნიმუშები, ბგერწერითაც რომ იპყრობს მკითხველის ყურადღებას და სახეთა პროდუცირებითაც, ,,ჩვენი მწერლობის’’ პუბლიკაციამ დაადასტურა, რომ ელგუჯა მარღიამ თავის საზომს მიაგნო, რობაი ყველაზე მეტად მოერგო პოეტის სათქმელს, პოზიციას... რობაი წმინდა აღმოსავლური საზომია და სპარსულ-არაბული ესთეტიკისა და ომარ ხაიამის აზროვნების მოდელსაც რომ ითვალისწინებს, არ არის სადავო. ამიტომაც მიმართავს ელგუჯა მარღია ,,ცრემლის რობაიშ’’ ,,დიდი ნიშაბურელი’’ სახელს: ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი, მეც შენი ერთი შეგირდი ვარ და მეგობარი... მთავარი არის სიტყვითა და ლექსით იცოცხლო და ცრემლიანი დაილიოს შესანდობარი. მიუხედავად ამისა, ეს აღმოსავლური საზომი, თავისი მინიმალისტური ესთეტიკითა და ლექსიკით, ელგუჯა მარღიამ ეროვნული სათქმელის, ქართული ტკივილისა და ცნობიერების გამოსახატავად გამოიყენა. ჩემი აზრით, ამაშია პოეტის უპირველესი ღირსება. ომარ ხაიამის ,,შეგირდი და მეგობარი’’, როგორც ჩანს, ბევრად ადრე რუსთაველს დამოწაფებია და ამის კვალი ადვილად შეიმჩნევა მის მხატვრულ აზროვნებაში. ,,სამეგრელოს რობაი’’ ამ აზროვნების ნაწილია, იგი უამრავი ადამიანის სათქმელსა და პოზიციას გამოხატავს: განსაცდელშია საქართველო... მოირყა ბურჯი, რაც თავი მახსოვს, ემატება სირცხვილის ხურჯინს, სამეგრელოში არ ეძებოთ მტერი - აზონი, უპირველესად სამეგრელო - ეს არის ქუჯი. ქართული ტკივილით არის გაჯერებული ,,ვაზის რობაი’’, ,,სამშობლოს რობაი’’, ,,გამთლიანების რობაი’’, ,,ვედრების რობაი’’, ,,ხევსურეთის რობაი’’, ,,იმედის რობა’’... ამ რობაიებში ჩანს არა ემპირიული სამშობლო, რომელიც უყვართ, არამედ იდეა, რომელიც ქართველს ქართველად და მამულის მსახურად აქცევს. ,,მამულის სარკ’’ ამ ციკლის ყველაზე ტკივილიანი და უშუალო სინტაგმაა. ქრონოტოპი - კონკრეტული დრო-სივრცე, ,,დრო-ჟამის ბრუნვა’’ აქ ასეთი პოეტური სახეებით აღიქმება: ,,სამშობლოს თავთან ნურასოდეს გა- აიგივებ, - მოკვდავი მიდის... სამშობლო კი მარადის რჩება’’. რობაიებში თითქმის გამორიცხულია ავტორის მიერ აზრის, ფრაზის, სახის გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად შექმნა, ამიტომაც არის, ალბათ, იგი მისი ,,სულის შინაარსი’’ (ვალერი ბრიუსოვი) უზუსტესი ანაბეჭდი. ,,ცხოვრების ნახევარგზა’’ გამოვლილი (დანტე), გამოცდილი პოეტი გულდაჯერებული, მოკრძალებული, საკუთარ თავსა და სამყაროში ჩაძირულ-ჩაკირკიტებული, ფესვებთან და სამშობლოსთან მიახლებული, მამხილებელი და პირში მთქმელია, მაგრამ, უპირველესად, ,,ამოუცნობი ღიმილის მიღმა’’ მკითხველისათვის შეუმჩნეველი ცრემლის აღმომჩენია. ,,მთავარი არის სიყვარული აღარ ჩაგვიქრეს’’, ასეთია ამ რობაიების ავტორის სულის შინაარსი, ცხოვრების წესი, სამყაროსა და ადამიანებთან დამოკიდებულება. ამ უკიდეგანო გრძნობას პოეტი სრულიად შეგნებულად აქცევს კანონიკურ, მინიატურულ, შეზღუდულ საზომში. სწორედ ეს წინააღმდეგობა, ერთგვარი ანტითეზა, შინაარსისა და ფორმის ოქსიმორონი ქმნის ელგუჯა მარღიას რობაიების სპეციფიკას, მხატვრული სამყაროს თავისებურებას. პოეტს შეუძლია ,,გაყინულ ფორმებსა’’ (სანდრო ცირეკიძე) ახალი ცხოვრება მიანიჭოს, სული ჩაბეროს. სწორედ ასე გაგრძელდება, ალბათ, მომავალში რობაისა და ელგუჯა მარღიას ურთიერთობა... P.S. წერილი დიდი ხნის დაწერილი იყო, როცა გამომცემლობა ,,საუნჯემ’’ ელგუჯა მარღიას ,,110 რობაი’’ გამოსცა, წიგნის რედაქტორი - როსტომ ჩხეიძეა, წინასიტყვაობის ავტორი -იოსებ ჭუმბურიძე, ბოლოსიტყვაობისა თამარელა წოწორია. კრებული მაღალი პოლიგრაფიით, დახვეწილი დიზაინით, რაც მთავარია, პოეტის ,,გულწრფელი და მართალი სიტყვით’’ გამოირჩევა. მარინა ტურავა ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
ISBN 978-9941-9467-2 -1
სათაური:
ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი!
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2016
გვერდები:
134
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
5997
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]