გიორგი ლობჟანიძის სამი რობაი
"სიყმაწვილემ ჩაიარა, ახლა ჩამავალი მზე ვარ"
(მანანა ჩიტიშვილის ამ სტრიქონის პასუხად...)
1.
გენიოსად მაშინ გიცან, ყმაწვილმა რომ თარგმნე რუმი,
რა ფარდაგი გამოფინე, ეს რა ფარჩა - აბრეშუმი?...
მზე ერთფერად დიადია, ამომავალ-ჩამავალი,-
ერთნაირად მიმზიდველი და საამო ღვინო შუმი...
2.
შენ უფულო მდიდარი ხარ, სიმდიდრეა განა ფული?...
შორს ფლიდების შარიშური, ავი შურით განაბული...
გულში გიზის იადონი და ბავშვობის ნაბახტევი,-
დედაენის ქვაბში ხარშე, სპარსული და არაბული...
3.
უფალი ხომ მოწყალეა, გამოაცხო ობლის კვერი,
ობლის კალოც გაილეწა, დატრიალდა თავზეც კევრი....
მუკკაფა თუ შირაზელი, სეფეჰრი და ფაროხზადი,-
ყურანი და ყაზალები...ჰქმენ საქმენნი საკვირველნი....
შეწირულთა რობაი
მიხეილ ჯავახიშვილის შესანდობარი
ღირსება როდი იხვრიტება...მკვლელსა და ჯალათს
მწერალი თავის უკვდავებას აფარებს ფარად....
სიმართლისათვის შეწირულებს განა ჰკლავს ტყვია,-
ეპოქის სირცხვილს ისტორია ინახავს მარად...
გუგულთა რობაი
"საცაა, გუგულს, ვიცი და ვიცი -
ბუდე დარჩება მერცხლის’’...
მუხრან მაჭავარიანი
სანამდე რწმენის დედოზარი დაიგუგუნებს
და რკინის კვერთხი მიმოლეწავს სულის უკუნეთს...
მუხრან ბატონო! გაგვიმრავლდა კვერცხი გუგულის,-
მერცხლების ბუდეც დარჩენიათ უკვე გუგულებს...
გარდასახვის ორი რობა
დათუნიკა სხირტლაძეს
1.
იმღერე და მიაშურე მარადიულ ნათელ სცენას,
უცებ გახდი ზეცის მკვიდრი...რაც მიგაჩნდა გულშიც შენად...
გარდაცვლილთა გიხმო დასმა...ვინ წაუვა უფლის ნებას,-
რადგან მხოლოდ უფალშია ჩვენი სულის გადარჩენა...
2.
წახვედი და დაგამშვენა საოცარმა გარდასახვამ,
შენი სულის მწვერვალიდან სხვა სამყარო დაგანახა...
მოდისა შობა...შენს კერაზე დაფუძნდება შენი გენი,-
ღირსეულად უპატრონებ, განა მართლა აღარა ხარ...