ირემი და ლიმონათი
მე დიდად არ მიყვარს პალკოვნიკი. რო ვდგავარ და მაგის ბჟუტურს ვისმენ, ეგ მოწყენილობის ბრალია და კიდე - უსაქმობისა. სიყვარულით კიდევ, იმიტო არ მიყვარს, რო თავი ისევ პალკოვნიკი და უფროსი გონია და ისე კამანდრობს, თითქოს „კაზარმაში“ იყოს. დღეს უჟმური და მყრალია და ადრე რა იყო, არ ვიცი. ომში რო მომკვდარიყო, ეხლა სოფლის ცენტრში მემორიალზე იქნებოდა მაგისი სახელი, მაგრამ გადარჩა. მერე მთა-მთა სევერიან ხორგუანთან ერთად დასდევდა ინგუშებს (ჩემი თვალით წავიკითხე მაგისი სახელი ერთი ჩეკისტის დაწერილ წიგნში), იქაც გადარჩა და ეხლა გვჭამს ცოცხლად, ხან ვის და ხანაც - ვის. მე კი არაფერს მერჩის, მაგრამ დღეს ძია ვალიკო შემეცოდა და მაგიტო ვარ პალკოვნიკზე გაბრაზებული. არა, ძია ვალიკო არ გაულანძღავს, ის გაღმიდან გამოსული მღვდლები გალანძღა და მე ძია ვალიკო შემეცოდა. მე ხომ ეხლანდელივით უნდილი კი არა, ძველი ძია ვალიკო მახსოვს, ჩემი ბავშვობის ძმაკაცის მამა, მაგარი და წელში გამართული. დღეს კიდე, ხმა რომ ვერ ამოიღო, პალკოვნიკი რო ვერ გააჩერა, შემეცოდა და ეხლაც მებრალება.
იმ ორ მღვდელს გუშინ აუვლია მთავარანგელოზისკენ, უკან კიდევ ფურირემი მოჰყვებოდა თურმე. ნეტა დამენახა. მთელმა სოფელმა ნახა და მე კიდე ამ დროს თხებს დავდევდი გაღმა. ხო ვერა ვნახე და თითქოს მენახოს. მაგარი დღე იყო გუშინ - ნოემბერში იცის ხოლმე ეგეთი თბილი და რაღაცნაირად ლამაზი დღეები - რო ჩვენი სოფლის შარაგზაც ლამაზი მოგეჩვენება. ამ შარაზე კიდევ საღამოთი ორ ანაფორიან კაცს ვხედავ და იმათ უკან კიდევ ძაღლივით თვინიერ ირემს - როგორც დახატულებს. ვხედავ, მაგრამ ჩემი თვალით რო მენახა, ჯობდა.
მღვდლებს ვამბობ და ეგეც პალკოვნიკისგან გადამედო. სინამდვილეში ბერები იყვნენ - გაღმა მონასტრიდან გამოსულები, მაგრამ პალკოვნიკს რას შეასმენ? წეღანაც მეზობლებს იმათი გალანძღვის ამბავს რო უყვებოდა, ძია ვალიკომ ერთადერთი სიტყვა უთხრა: „ეგენი მღვდლები კი არა, ბერები არიან, ჩემი მეგობრები - მამა ლუკა და მამა საბა. მაგათაც ვიცნობ და მაგათ ირემსაცო“. ამან კიდე, ერთი გახედა ჯიბრიანად და ისევ „მღვდლებიო“, - თქვა.
ამ დილით მეც ვნახე ორივე, მაგრამ ეგ რაღა ნახვა იყო? უკვე უირმოდ იყვნენ და ლანძღვას ისმენდნენ. თავი მაინც კარგად ეჭირათ. ირემი კიდევ დაეკარგათ მთავარანგელოზის ტყეში. აბა, იმისი დაკარგვა იქნებოდა?! მაგრამ ეგრე ძაან არ უნდა გაეთათხა ბებერს - ღმერთის ხალხია მაინც...
გუშინ ვფიქრობდი, უკანა გზაზე ჩამოვლილებს მაინც ვნახავ-მეთქი და სულ სხვანაირად წავიდა ყველაფერი. ჯერ ერთი რო, დილიდან ვკვდები და ვერცა ვკვდები. ჯერ უთენია ამერია საღორის წმენდის დროს გული. თხა და საქონელი დაილოცოს - არც ცურცლი მირევს გულს და არც ნაკელი, ამ ჩემი ძმის ამოყვანილმა ბურვაკებმა კიდე ცხოვრება გამიმწარეს. მაგათი შიშით სასმელს ვეღარ გავკარებივარ. ეხლაც გულზე მაწვება, საღორე რო მახსენდება. თვე-ნახევარში გამოვუყვან მაგათ წირვას, მაგრამ ისე მეჯავრებიან, მგონი ახალ წელსაც არ ვიქნები მაგათი ხორცის მჭამელი...
ჩემი ბრალიც არი. განა გუშინვე არ ვიცოდი, რაც მომივიდოდა - მაინც დავლიე. ამინდმა დამალევინა და უფრო იმ ირმის ამბავმა. მეწყინა, რო ვერა ვნახე.
ეგენი იქით იყოს და გუშინდელისნაირი დღე, იქნება, აღარც გათენდეს წელს. წუხელ ღამემდე, ცუდი იყო თუ კარგი იყო, მაღალი ძაბვისა იყო თუ დაბალის, მაგრამ შუქიც გვქონდა და ხალხიც იხდიდა. პალკოვნიკი იყო დენის გადასახადის ამკრეფი, აბა, უმაგისოდ როგორ იქნებოდა? მოურავივით დაბღვერილი დაიარებოდა კარდაკარ. აწი ცეცხლის ასანთებადღა გამოადგება ის კოხტად დახაზული დავთარი - მთელი უბანი შიგნით რო ვყავდით შეყრილი.
დავრჩით ზამთრის პირზე უშუქოდ. წუხელ, სანამ ბერები მთავარანგელოზზე ლოცულობდნენ, აქ კაბელები დახსნა ვიღაცამ. თვეში სამ-სამ ლარს ძლივს კრეფდა პალკოვნიკი, სულ ჯიჯღინითა და ჩხუბით და ახალი კაბელების ფულს ვინღა დადებს.
კაცმა რომ თქვას, ყველამ კარგად ვიცით და თუ არ ვიცით, ვხვდებით მაინც, ვინც მოგვპარა შუქი. ყაჩაღობა რო ყოფილიყო, წვალება, მარილის ჭმევა... - მაშინ ჰო, ძნელი გამოსაცნობი იქნებოდა - ბევრია გამწარებული და თავზეხელაღებული. ეგეთი ბაცაცობის მოთავეები კიდევ ყოველთვის ეგენი არიან ხოლმე - დაღრინეს ბიჭი და კიდევ ის სამი ზემოუბნელი, თუმცა კი რაღა ბაცაცობა გამოდის - ამოდენა სოფელი უშუქოდ დატოვეს. პასუხს კიდე არავინა სთხოვს, ენაც არავის დაგვისველდება - არც მე და არცა სხვას, იმიტომ კი არა, რო გვეშინია, არა, თითქოს გვეზარებაო ყველას. რაღაცნაირი შენელებული და გაზერელებულია ხალხი.
შუქის ამბავზეც იყო, ალბათ, გამწარებული პალკოვნიკი და ბერებიც იმიტო დაცეცხლა ეგრე. იმათაც