მურტალი ქართველები ტარიელა არხილოს შარაგზაზე მიაბიჯებდა და გულზე სკდებოდა. ვინც გაიხსენა, ცოლით დაწყებული და გვერდით მომავალი ორი კაცით დამთავრებული, უკვე ყველას აგინა გულში. საღამო იყო, ხალხს საქონელი მოუდიოდა და სოფელი გარეთ იყო გამოსული. დღეს გაკვირვებულები უცქერდნენ, იმიტომ რომ მირიანასთან ერთად ხედავდნენ, ხვალ კიდევ, ალბათ, ყველაფერს შეიტყობდნენ და მაშინ ნაღდად მთელი სოფლის დასაცინი შეიქმნებოდა.
ჰო, მირიანასაც აგინებდა გულში და ღვთისოსაც, თუმცა ყველაზე ნაკლებად ეგენი იყვნენ საგინებლები. აკი თვითონ გადავიდა და დახმარება სთხოვა. ამათაც უარი არ უთქვამთ – მაშინვე გამოჰყვნენ.
გუჯას, ტარიელას ბიჭს, მოუვიდა აზრად მირიანას დაძახება. მანამდე იმის ხსენებაც არ ყოფილა მაგათ ოჯახში. უფრო სწორედ, ტარიელამ ახსენა რამდენჯერმე, ხან ჯიში უხსენა და ხანაც დედა, თანაც გუჯას დაემუქრა, მაგასთან არა გნახო, თორე ტყავს გაგაძრობო!
თვითონ, მინდორში მიმავალი, ყოველდღე ხედავდა ღვთისოს, ჭიშკართან ჩაცუცქულს, ვიწრო მხრებზე ზარფუშივით გასიებული თავი რომ ჰქონდა შემოდგმული. მთელი სოფლის პაცნები და უსაქმურები გარშემო ეხვივნენ. რომ არ დაენახა, თვალში დააკლდებოდა.
ზოგი ამბობდა, იმალებაო, მაგრამ ტარიელას მაგისი არა სჯეროდა. დამალვა ტყეში იცოდა ტარიელამ, არხილოსკალოს შარაგზაზე კი არა. ეტყობა, მეტი წასასვლელი აღარსად ჰქონდა და აქ, შირაქში, ჩაუსახლდა ბიძაშვილს მუქთამჭამელად და მსმელად. სიმთვრალე კი მყრალი აქვსო, ამბობდნენ, მაგრამ არხილოელებიც და ქედელებიც დღედაღამ ტყუილად კი არ გაიძახოდნენ, ყველაზე მურტალი ქართველები ვართო – აყალმაყალი მართლა გულით უყვარდათ და ერთი-ორჯერ ეცემნათ კიდეც ბიჭებს, მაგრამ პაცნები მაინც ყოველდღე ღვთისოს ჭიშკართან იყრიდნენ თავს მაგის მოსასმენად. დღისით იქ იყვნენ, საღამოს კი სახლში, ღუმელთან გადადიოდნენ ღვთისოს დედაკაცის გულის გასახარად.
არა, ეგეთი ხალხი არ უყვარდა ტარიელას, მაგრამ ბედმა და საკუთარმა უჯიგრობამ დღეს ზუსტად ეგეთი კაცის მთხოვნელი გახადა. ჰო, ეგრე იყო ყველაფერი. რაც დაემართა, სულ თავის უთქმელობით და უნდილობით დაემართა და ცოლსაც ტყუილად აგინებდა გულში. ეთერო ხო დედაკაცი იყო და ბოლო იმედს მოეჭიდა. გუჯამ, ტარიელას ბიჭმა, მირიანა რო ახსენა, მაგან შეიძლება გვიშველოს, მაგან იცის ეგეთებიო, და თან ორიოდ ნაბიჯით ღობისკენ დაიხია – მამა არ დამეტანოსო, მაშინვე მიხვდა ტარიელა, ცოლისთვის არც შეუხედავს ისე (შვილის ცემა ხომ არც უფიქრია), ღვთისოსთან გადასვლა და იმ თავგასიებულისთვის თხოვნა რომ არ ასცდებოდა. გუჯას ვერ გააგზავნიდა – აკი, მისვლა კი არა, მირიანას ხსენებაც აუკრძალა და სიტყვას ვეღარ გადავიდოდა.
ახლა კი, სახლისკენ მიმავალი და არხილოელთა სალმებზე დაბნეულად მოპასუხე, თავს იმითღა ინუგეშებდა, რომ მთავარი უკვე უკან იყო. ამას იქით, რაც იქნებოდა – იქნებოდა. გადავიდა და სთხოვა. გაუჭირდა კია. კიდევ კაი, პაცნები არ დახვდნენ იქ და ღვთისო კი დახვდა. თუმცა დიდი ძმაკაცობა არც ღვთისოსთან ჰქონდა, მაგრამ რა შედარება იყო – თანასოფლელები იყვნენ, მთელი ცხოვრება ერთმანეთის შემყურეები, ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ და ისე გამოვიდა, თითქოს ღვთისოს სთხოვდა და არა იმის ქალაქელ ბიძაშვილს, რომელიც იქვე, ბეტონის აივანზე ჩაცუცქული, ვერაფერს მიმხვდარიყო და რაღაც ჯოხს თლიდა დასაკეცი დანით.
– ჩემი ფერდელა ხო იცი? – ეგრე დაიწყო სათხოვარი ტარიელამ და ის კი არ იცოდა ჯერ, ბოლომდე თუ მიიყვანდა სათქმელს.
– მაშ, წითელი, – ეჭვით უცქერდა ღვთისო.
– არა, წითელი კი არა, შავი – პირნიშა, – ჩაცუცქულისკენ თვალი გააპარა ტარიელამ.
– ვიცი ჰო, მოსაგები, – თავი დაუქნია ღვთისომ.
– წუხელის მოიგო კარგი სახარე, – გაუხარდა ტარიელს, – ნაღდად კარგი ხბო, მაგრამ თვითონ ვეღარ ავაყენეთ ფეხზე ბეჩავი. თავსაც ვეღარა სწევს, კანკალებს და სულ ოფლი ასხამს.
– ვაა! – შეიცხადა ღვთისომ, ვერაფრით მიმხვდარიყო ტარიელას მისვლის მიზეზს.
– მაშ! ვერ იქნა – ვერ ავაყენეთ. რა არ ვეცადეთ.
– კუდი დაუსერეთ?
– ეგეცა. ჩემმა დედაკაცმა კიდე ადამიანივით დაიტირა და – რაც გინდა, ისა ქენი და მომირჩინეო, – უკვე ჩქარ-ჩქარა მიაყარა ტარიელმა, ოღონდაც ახლა არ გაჩერებულიყო, – წაველ რაიონში. ოთარს ვთხოვე, ჩოხელს, და იმის „კალხოზნიკით“ წავედით. ძროხის ფასი მარტო ბენზინი დავწვით. იმ ახალმა ვეტერინარმა კიდე, ვერ წამოგყვებითო. ამსიშორიდან ხალხი ჩავედით და უარი გვითხრა.
– არაფერს დაჰპირდი?
– დავპირდი კიდეც, ვაძლიე კიდეც, მაგრამა არ ქნა. არა მცალიაო. ეცოტავა, თუ რა იყო...
– ეტყობა, მართლა არ ეცალა, თორე წამოგყვებოდა – კარგი ბალღიაო, გამიგონია.
„კარგი კი არა“, – გაიფიქრა ტარიელამ, – „ეგრე უჯიგროდ არ უნდა მოვქცეულიყავი და ძალით უნდა წამომეთრია“, – თქმით კი სხვა თქვა:
– წამალი რაღაც კი