ნაწილი პირველი - ანდრო - 1 რამდენჯერ დამსიზმრებია, რომ ცეცხლმოკიდებული სახლიდან თავის დაღწევას ვცდილობ. ოთახებში ვიკარგები. კარს ვერ ვაგნებ. ირგვლივ სულ ფანჯრებია, მაგრამ ფანჯრებსაც ცეცხლი უკიდია. ოთახებს შორის ვწრიალებ. გარედან კი ხმები ისმის. ხმები – კეთილი და ბოროტი, მაგრამ ამ სიზმარში სიკეთე და ბოროტება პირობითი არ არის. ჩემი გადარჩენაც უნდათ და ჩაქოლვაც. მშობლებს, უახლოეს ნათესავებს ვეძებ, ნეტავ სად არიან? ალბათ, ხანძარს თავი დააღწიეს, მაგრამ ვის ხმაში ჩავარდნენ, კეთილისა თუ ბოროტის, თუ ზღვარზე გაირბინეს. სახლი კი იწვის – მაღალი ჭერი, ცივი იატაკი, წინაპრების სურათები, მოგონებებით. ხის სახლია და სწრაფად იწვის. ყველაფერი ხურს, რასაც ვეხები. ეს ჩემი სახლია, სადაც არასდროს მიცხოვრია, არ ვიცი, რატომ მესიზმრება. აქ არ დავბადებულვარ. არ გავზრდილვარ და ვეღარც მოვკვდები, მაგრამ ჩემია. ბებიაჩემის ნაამბობი სახლია. უფრო ლამაზად მიამბობდა, ვიდრე ვწერ. სიკვდილის წინ სულ ამ გადამწვარ სახლს იხსენებდა. სხვას არაფერს. დაიბრუნეო, მთხოვა. ისტორიკოსი ხარ და რამე ნარკვევიც დაწერეო. მიამბობდა ყველაფერს, თან არაფერს. არა მგონია, ნარკვევი გამომივიდეს. ძალიან ცუდი ისტორიკოსი ვარ, ისტორიის მუზეუმში ვმუშაობ ექსპონატად. წერაც არ მეხერხება. ბავშვობაში მხოლოდ უხეირო ლექსებს ვწერდი, ჰოდა ჩანაწერებს გავაკეთებ.
შვებულება ავიღე. საკუთარ თავს დრო მოვპარე, რომ მეპოვნა, ჩემი წინაპრების ისტორიაზე ისტორიული ნარკვევი დამეწერა. ჩანაწერებამდე კი დავედი. მაშინ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩავჯღაბნი ჩემს წიგნაკში ჩანახატებს. ცხოვრება ფრაგმენტებისგან შედგება. ორმოც წელს გადავაბიჯე. დავღვინდი, მგონი რაღაცასაც მივხვდი და ზღვისპირა პატარა ქალაქშიც ჩამოვედი.