ბედისწერა ომზე მინდა დავწერო, მაგრამ არ მინახავს, არ ვიცი, - შესჩივლა დამწყებმა მწერალმა ქალმა ერნესტ ჰემინგუეის.
მერე თქვენც იმაზე დაწერეთ, რაც იცით. - უპასუხა ჰემინგუეიმ.
ხშირად მიფიქრია როგორ ძერწავენ ადამიანები თავის ბედისწერას. ერნესტ ჰემინგუეის თვითმკვლელობაზე არაფერს ვიტყვი, უფრო ქვეცნობიერად მივექანებით საკუთარი აღსასრულისაკენ.
გურამ რჩეულიშვილი გამახსენდა, ერლომ ახვლედიანს შეხვდა ვარაზისხევში. ერლომს შავი პიჯაკი ეცვა, გურამს - თეთრი.
ერლომ, მოდი ბედისწერები გავცვალოთ. პიჯაკი მინდა გაგიცვალო.
კარგი რა გურამ, - უპასუხა ერლომმა. თუმცა პიჯაკი მაინც გაუცვალა.
გაგრიდან გამოუგზავნია გურამს წერილი ერლომისთვის. უკვე აღარ იყო ცოცხალი, როცა ერლომმა წერილი მიიღო. მერე წერილებს წერდა გურამს, „გაუგზავნელი წერილები გურამ რჩეულიშვილს“ - ასე დაარქვა. იქნებ დაგებეჭდათ - ვთხოვე ერთხელ ერლომ ახვლედიანს. ეჰ, ამას ვინღა გაიგებსო, მიპასუხა.
გურამმაც ხომ თავისით გამოძერწა მისი ბედისწერა.
„ნელი ტანგო“, „ზღვა არც თუ ისე ღელავდა“... რამდენჯერ შეცურა გურამის გმირმა ზღვაში, სხვის გადასარჩენად. თვითონაც მისი მოთხრობების გმირებივით შეცურა.
კარლო კაჭარავა ამბობდა, რომ გურამის გულუბრყვილო პათეტიკამ, მთელი თაობა გამოაფხიზლა. მე კი ხშირად ვფიქრობ, საიდან ჰქონდა ამ პატარა ბიჭს, ამხელა სიბრძნე. ალბათ იქიდან, რომ ასე ადრე უნდა წასულიყო.
ალბერ კამიუმ დაწერა, ყველაზე აბსურდული ავტოკატასტროფაში სიკვდილიაო, ასე თქვა და თავადაც ავტოკატასტროფაში დაიღუპა, თანაც ძალიან უცნაურად. იანვარში, აგარაკიდან შინ ბრუნდებოდა. მატარებლის ბილეთი აღებული ჰქონდა. მეგობარი შეხვდა და შესთავაზა, მანქანით ერთად გამგზავრებულიყვნენ. კამიუ მატარებელს არ გაჰყვა.
მახსოვს, მიშა ქვლივიძემ მიამბო, ანა ახმატოვასთან მისულა, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო. უნდოდა ახმატოვას ლექსები ეთარგმნა.
ლექსებს აღარ ვწერ შვილო, - შესჩივლა ანა ახმატოვამ.
რატომ? - განცვიფრდა მიშა.
ლექსს ახდენა სცოდნია.
ანა ახმატოვა ტრაგიკული ბედის ქალი იყო. მერე მიშამ გაიღიმა და მითხრა, როგორ გისურვო, მაგრამ ნაწარმოებებს განცდა და ტკივილი გვაქმნევინებსო. მერე ჩემი „არა, მეგობარო!“-ც გამახსენდა, ნეტავ ბიჭები ცოცხლები ყოფილიყვნენ და ლექსებს სულ აღარ დავწერდი. და კიდევ, მიშა ქვლივიძის შესანიშნავი ლექსი გამახსენდა:
„წავიდა მამა...
მოკლე და სწრაფი,
გამოთხოვება ჰქონდა შვილებთან,
წავიდა დედა...
და გაწყდა ძაფი,
მშობელ სახლთან რომ მაკავშირებდა.
მერე სხვა გზებით წავიდნენ სხვები,
და მათი კვალი ქარმა წახვეტა
და ბოლოს იმ გზით შენ რომ წახვედი,
ჩემთან მოვიდა სასოწარკვეთა.“