ფეისბუქზე ჩარგალში, ვაჟას, უპირველესი ფშაველის, უპირველესი ქართველის და მსოფლიო დონის გენიოსის სახლ-მუზეუმში გადაღებული სურათი ვნახე. ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო ვაჟას სამუშაო მაგიდაზე დადებულმა დიდი ზომის ხატმა, დომინანტური ადგილი რომ უკავია გენიოსის ღარიბულ ქოხში მდგარ ამ პატარა მაგიდაზე, სადაც მსოფლიო დონის შედევრები შეიქმნა. მე ადრეც მინახავს ვაჟას სახლ-მუზეუმის სურათები და ეს ხატი (და კიდევ მეორე, მცირე ზომის ხატი და რაღაც ახალი გამოცემული ლოცვანები ალბათ, ხატთან რომ აწყვია), მაგიდაზე არ იყო. არ არის აუცილებელი, შერლოკ ჰოლმსი ან პუარო იყო, რომ მიხვდე, რომ ხატი არც ვაჟას დროინდელია (ის ახალი გაკეთებულია) და თუნდაც მხოლოდ ამიტომ არ შეიძლებოდა ვაჟას სიცოცხლეში მდგარიყო ამ მაგიდაზე, სამღვდელოებისადმი ვაჟას მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას რომ თავი დავანებოთ.
მერე მოვიძიე სურათები ინტერნეტში და ვნახე, რომ მაგიდის ინტერიერი დროსთან ერთად იცვლება - ერთ სურათზე მხოლოდ ეს დიდი ხატია, მეორეზე ამ ხატის წინ დიდი კელაპტარი დგას. ყველაზე ახალ სურათზე კი მეორე, მცირე ზომის ხატი და ლოცვანი-ბროშურებიც დამატებია. ასეთი ტემპით თუ გაგრძელდება ეს თვითნებური "ინოვაციები", მოკლე ხანში გენიოსის სამუშაო მაგიდა სალოცავ კუთხედ გადაიქცეევა. ამ ხატის და მისი მსგავსი ახალი, არავაჟასეული ნივთების ვაჟას მაგიდაზე დადება არის ვანდალიზმი! მე მოვითხოვ, რომ ეს ნივთები აიღონ ვაჟას სამუშაო მაგიდიდან - ისინი ვაჟას დროს იქ არ იყო! და ბოლო მოეღოს ასეთ თვითნებობას! ეს იმის ტოლფასი ქმედებაა, მთაწმინდაზე ვაჟას საფლავის ქვაზე ჯვარი რომ ჩაარჭვეს თვითნებურად. ვაჟა-ფშაველას საფლავის ქვაზე (კლდის სიმბოლურ ნატეხზე) ბეტონის ჯვრის უნებართვო და ვანდალური ჩამონტაჟება სხვა არაფერი იყო, თუ არა მღვდლებისა და მღვდელმთავრების ბრიყვული და ბოროტი შურისძიება - ყველას კარგად მოგეხსენებათ მათდამი ვაჟას დამოკიდებულების შესახებ. თავიანთი ჭკუით, დასაჯეს და რჯულზე მოაქციეს ვაჟა! საფლავის ქვიდან ჯვარი მოხსნილია და ეს სეკულარული საზოგადოების მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ნუ ჩავუგდებთ ეკლესიას ხელში მთელ საერო სექტორს!
აქვე დავურთავ ვაჟას წერილს. მრავლისმეტყველი წერილია. ვაჟა-ფშაველას ეს წერილი, რომელიც მას ადრესატისთვის აღარც კი გაუგზავნია, ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორი იყო ქართული საზოგადოება ყოველთვის:
"ძვირფასო დაო მარიამ! მე სოფლად ცხოვრება აღარ შემიძლია. ფიზიკურმა შრომამ გამტეხა წელში, ახლაც ავად ვარ. მეყოფა ამდენი ძაღლუმადური ცხოვრება. საზოგადოებას თუ რადმე ეფასება ჩემი თავი, უნდა მიპატრონოს. იქნებ რამე სამსახური გამომიძებნოთ. წერილს სხვას არავის ვწერ, რადგან ვიცი, ჩემთვის თავს არავინ გაიცხელებს," - ჩარგალში გამოკეტილმა ლუკა რაზიკაშვილმა ეს ბარათი ჟურნალ "ნაკადულის" გამომცემელ მარიამ დემურიასთვის 1909 წელს დაწერა, მაგრამ აღარ გაუგზავნია.