გაბრიელ გარსია მარკესის ნოველა "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა" (1981) ფსევდო-ჟურნალისტური რეკონსტრუქციისა და ფსევდო-დეტექტიური გამოძიების ფორმით მოგვითხრობს ძმები ვიკარიოების მიერ სანტიაგო ნაზარის მკვლელობის ამბავს. მთხრობელი, რომელიც სანტიაგო ნაზარის მეგობარია და თავადაც მონაწილეა იმ ამბებისა, პატარა ქალაქში რომ მოხდა, მკვლელობიდან ოცდაშვიდი წლის შემდეგ ცდილობს აღადგინოს წარსულის მოვლენები, როგორც თავად ამბობს, შეაერთოს მეხსიერების გატეხილი სარკის უამრავი ნამსხვრევი და რეტროსპექტრულად, სხვადასხვა პერსონაჟის მონათხრობსა და საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით, წარმოგვიდგინოს სურათი იმისა, თუ რა და რატომ მოხდა მის პატარა ქალაქში ლამის სამი ათეული წლის წინ.
მიუხედავად იმისა, რომ ნოველა ფორმით რეალისტურია (იმდენად მაინც, რამდენადაც მარკესის ნაწარმოები შეიძლება რეალისტური იყოს) და მარკესის სხვა ნაწარმოებებთან შედარებით უფრო "იოლია" ენობრივადაც და სტრუქტურულადაც, ეს არ არის ერთმნიშვნელოვანი, ერთპლანიანი ნაწარმოები - მარკესის ნაწარმოები ასეთი ვერც იქნებოდა. ასეთი რომ ყოფილიყო, ნოველა ლიტერატურულ-მხატვრულ ღირებულებას დაკარგავდა და დეტექტიური ჟანრის ერთ ჩვეულებრივ ნაწარმოებს დაემსგავსებოდა. ნოველაში ძალუმად იგრძნობა მისი ავტორის, მაგიური რეალიზმის ჯადოქრის, დაუჯერებელი, ფანტასტიკური ამბების რეალისტური დამაჯერებლობით გადმოცემის დიდოსტატის ხელწერა, რაც, უპირველეს ყოვლისა, თხრობის სტილში, ნოველის მრავალპლანიანობაში, მის იგავურ ხასიათში, მის ალეგორიულობაში ვლინდება. ამ შესანიშნავ ნაწარმოებში, რომელსაც მარკესის ნაწარმოებებისთვის დამახასიათებელი ერთდროულად უჩვეულო და არაჩვეულებრივად მომხიბლავი სტრუქტურა აქვს, უამრავი დაშიფრული სიმბოლო, ალეგორია და პარალელია, რომელთა აღმოჩენას ავტორი მკითხველს ანდობს.
დავიწყოთ იმით, რომ ნაწარმოების სათაურია "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა", ანუ ქრონიკა ერთი სიკვდილისა, რომლის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი, რომელიც წინდაწინვე გამოცხადებული, ნაწინასწარმეტყველევი იყო. აქ იესოს სიკვდილის სიმბოლოა ჩადებული - ისიც ხომ წინასწარვე იყო გამოცხადებული.
იმ მკითხველს, რომელმაც ისე წაიკითხა ეს ნაწარმოები, რომ მისი სიმბოლურობა ვერ დაინახა, რომ არ გაუკვირდეს და ზემოთ ნათქვამი ხელოვნურ პარალელად არ ეჩვენოს, აქვე იმასაც შევახსენებ, რომ მთავარ გმირს, რომლის სიკვდილიც წინასწარვეა ცნობილი, მაგრამ არავინ არ ან ვერ აღკვეთა, ჰქვია სანტიაგო ნაზარი, იესო ნაზარეველის მსგავსად. ნაზარეთი იესოს ბავშვობის ქალაქია. ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი მკითხველიც კი ვერ იტყვის, რომ ნაზარი-ნაზარეთი შემთხვევითი ფონეტიკური დამთხვევაა. თავად სახელი "სანტიაგო" არის ებრაული სახელიდან "იაკობი" ნაწარმოები ესპანური სახელი და ითარგმნება როგორც "წმინდა იაკობი". წმ. იაკობი იოანე მოციქულის ძმა იყო. სანტიაგო ნაზარსა და წმ. იაკობს შორის მსგავსება შემდეგში მდგომარეობს: ქრისტიანული ლეგენდის თანახმად, ცრუ მოწმემ ყალბი ჩვენება მისცა წმ. იაკობის წინააღმდეგ, რის გამოც წმ. იაკობი სიკვდილით დასაჯეს. ამ პარალელით ავტორი მიანიშნებს, რომ სანტიაგო ნაზარიც, წმ. იაკობის მსგავსად, უდანაშაულო იყო. სანტიაგო ნაზარი იესოს სიმბოლოა. ეს პარალელი სანტიაგო ნაზარსა და იესო ნაზარეველს შორის პირველად მაშინ იკვეთება, როდესაც თავისი სიკვდილის დღეს სანტიაგო ნაზარი თეთრი ტილოს შარვალსა და პერანგს იცვამს, იესოს მსგავსად, რომელიც სიკვდილის წინ თეთრი ტილოს ქსოვილით შეიმოსება. სანტიაგო ნაზარის სიკვდილი წამებულის სიკვდილია, ბრბოს მიერ გამეტებული წამებულის სიკვდილი, და ამ სიკვდილმა მისი ქალაქის მცხოვრებლები საკუთარ ცოდვებზე დაფიქრებამდე მიიყვანა.
სიმბოლურია სანტიაგო ნაზარის მამის, იბრაჰიმ ნაზარის სახელიც. იბრაჰიმი აბრაამის არაბული ვერსიაა, აბრაამი კი მნიშვნელოვანი ფიგურაა იუდაიზმშიც, ქრისტიანობაშიც და ისლამშიც. ბიბლიური აბრაამი მზად არის მსხვერპლად შესწიროს თავისი ვაჟი ისააკი, რომ ამით ღმერთს მისადმი თავისი რწმენა და ერთგულება დაუმტკიცოს. მაგრამ ბოლო მომენტში საქმეში ღმერთის ანგელოზი ჩაერევა და აბრაამს ისააკის ნაცვლად ღმერთისთვის ცხვარს შეაწირვინებს. ამ ეპიზოდს რელიგიურ დღესასწაულზე მუსლიმები ცხვრის დაკვლით აღნიშნავენ. ძველი აღთქმის მიხედვით, ღმერთმა უბრძანა აბრაამს, დაეტოვებინა თავისი მიწა და მის მიერ მინიშნებულ მიწაზე დასახლებულიყო. იბრაჰიმ ნაზარიც ხომ კოლუმბიაში გადასახლებული არაბია. დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათეს სახარება იესოს მოიხსენიებს როგორც დავითისა და აბრაამის ძეს. აბრაამის ძის, იესოს მსგავსად, იბრაჰიმ-აბრაამის ძეა სანტიაგო ნაზარიც.