1901 წლის 5 ივნისს თბილისის სასტუმრო "გრანდ ოტელში" ახალგაზრდა ევროპელი ქალი მოკლეს. ბუნდოვანებით მოცულ მკვლელობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ პერიოდის ევროპაში. თბილისის პატარა სასტუმრო ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. "გრანდ ოტელში" მოკლული ქალი XIX საუკუნის 90-იანი წლების ბერლინისა და კრაკოვის ბოჰემური არტისტული წრეების ვარსკვლავი, ევროპელი მხატვრებისა და პოეტების მუზა დაგნი იუელ-პშიბიშევსკა იყო.
პოლონური მოდერნიზმის იდეოლოგს, პოლონური დეკადანსისა და სიმბოლიზმის შემოქმედს, რომანისტს, დრამატურგსა და პოეტს, სტანისლავ პშიბიშევსკის სტრინდბერგი "გენიალურ პოლონელს" უწოდებდა. გერმანულ ენაზე გამოქვეყნებულმა ესეებმა, ნიცშეს გავლენას რომ განიცდიდა, პშიბიშევსკის გერმანულ-სკანდინავიური არტისტული წრისკენ გაუხსნეს გზა. ამ წრეში გაიცნო მან შვედი დრამატურგი, აუგუსტ სტრინდბერგი და ნორვეგიელი მხატვარი ედვარდ მუნკი.
1891 წელს ბერლინში პშიბიშევსკი დაუახლოვდა მარტა ფიორდერს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა. ისინი არ დაქორწინებულან. 1896 წელს მარტამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. პშიბიშევსკი, როგორც ეჭვმიტანილი, დააპატიმრეს, თუმცა მალევე უდანაშაულოდ ცნეს, რადგან დადასტურდა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო.
1893 წელს სტანისლავ პშიბიშევსკიმ ცოლად შეირთო ნორვეგიელი ექიმის ქალიშვილი, პიანისტი და მწერალი დაგნი იუელი. წყვილი ხან ბერლინში ცხოვრობდა, ხან კრაკოვში და აქტიურად მონაწილეობდა არტისტული ბოჰემური წრის ცხოვრებაში. მათ ორი შვილი შეეძინათ - ვაჟი, ზენონი და ქალიშვილი, ივა.
დაგნი იუელი, მუნკის "მადონას" პროტოტიპი, იყო ქალი, რომელსაც შესწევდა გამბედაობა, თამამად დაპირისპირებოდა საზოგადოების ტრადიციებს. მას აღწერდნენ როგორც იდუმალს, ამოუხსნელს, მომაჯადოებელს, მაგიურსა და უნიკალურს. დაგნის ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბევრ გამოჩენილ ხელოვანთან, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ურთიერთობა ედვარდ მუნკთან და აუგუსტ სტრინდბერგთან.
1890 წელს ნორვეგიის პროვინციული ქალაქიდან კრისტიანიაში (დღევანდელი ოსლო) ჩასული დაგნი ბოჰემურ ცხოვრებაში ჩაერთო. ედვარდ მუნკიც სწორედ აქ გაიცნო. მათი მიმოწერიდან ჩანს, რომ ისინი მეგობრები იყვნენ. როგორც მოდელი, დაგნი მუნკის ბევრ ნახატზეა გამოსახული. მათ შორისაა მუნკის ცნობილი "მადონა", რომელზეც, ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, ვნებიანი ქალია გამოსახული ორგაზმისა და განაყოფიერების მომენტში. მუნკის მეორე ნახატზე, "ეჭვიანობა", წინა პლანზე გამოსახული მამაკაცი გაოგნებული და დაღვრემილი სტანისლავ პშიბიშევსკია, უკანა პლანზე კი შიშველი დაგნი სხვა მამაკაცის ცდუნებას ცდილობს. ედვარდ მუნკის ამ ნახატის პასუხად პშიბიშევსკიმ გამოაქვეყნა რომანი "ბორტს მიღმა", რომელშიც მხატვარი, მას შემდეგ, რაც მისი სატრფო მწერალმა აცდუნა, თავს იკლავს. დაგნი იუელი ფიგურირებს აგრეთვე მუნკის ტილოებზე "ამბორი", "ფერფლი" და სხვ. თავად მუნკს დაგნისთან თავისი ურთიერთობის ხასიათის შესახებ არასოდეს არაფერი უთქვამს. ერთი რამ კი უდავოა - დაგნი იუელი ედვარდ მუნკის მუზა და შთაგონების წყარო იყო.
1892 წლის შემოდგომაზე ბერლინში მოწყობილმა სკანდალურმა გამოფენამ ედვარდ მუნკი უმალ აქცია ბერლინის არტისტული წრეების გამორჩეულ ფიგურად. დაგნი იუელიც იმავე წელს ჩავიდა ბერლინში.
1893 წლის მარტში დაგნიმ ბერლინის ცნობილ ტავერნაში "შვარცენ ფერკელი" (გერმ. შავი გოჭი), სადაც არტისტული ბოჰემა იყრიდა თავს, გაიცნო აუგუსტ სტრინდბერგი და ხანმოკლე ურთიერთობა გააბა მასთან.
დაგნი იუელი მოდელირებდა მხატვრებისთვის, ატარებდა კონცერტებს, ფორტეპიანოს გაკვეთილებს და წერდა პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს, რომელთა თემა მისტიკა, შიში და სიკვდილი იყო.
1893 წელს დაგნი იუელმა გაიცნო სტანისლავ პშიბიშევსკი, შეუყვარდა ის და მალე ცოლადაც გაჰყვა. სტანისლავსაც, რომელმაც მიატოვა მარტა ფიორდერი, უყვარდა დაგნი და სიყვარულით დუჰას (პოლ. სული) ეძახდა, თუმცა დაგნისადმი სიყვარულს ხელი არ შეუშლია მისთვის მალე კვლავ გაეგრძელებინა ურთიერთობა მარტასთან და დაგნისთან ქორწინებაში მყოფს კიდევ ერთი, მესამე შვილი შეეძინა მასთან.
სტანისლავ პშიბიშევსკის ცოლობა ადვილი არ იყო. ბოჰემური ბუნების მეამბოხე პშიბიშევსკი თავისუფლებისკენ ილტვოდა და ოჯახი მისთვის ბორკილები იყო. სასიყვარულო თავგადასავლებით ცნობილ პშიბიშევსკის 1899 წელს კიდევ ერთი შვილი შეეძინა - ქალიშვილი, სტანისლავა, ამჯერად პოლონელ მხატვარ ანიელა პაიაკოვნასთან. იმავე წელს პშიბიშევსკის მეგობრის, პოლონელი პოეტისა და დრამატურგის, იან კასპროვიჩის ცოლმა იადვიგამ, პშიბიშევსკის შემოქმედებით მოხიბლულმა, მის გამო ქმარ-შვილი მიატოვა. სტანისლავი და იადვიგა ვარშავაში დასახლდნენ, რამდენიმე წლის შემდეგ კი იქორწინეს კიდეც. არც დაგნი დარჩენილა ვალში ორგულ ქმართან და სასიყვარულო ურთიერთობა გააბა ცნობილ პოლონელ მწერალ ჰენრიკ სენკევიჩთან. მიუხედავად ამისა, ბევრის აზრით, მათ შორის, ემერიკის აზრითაც, სტანისლავ პშიბიშევსკი იყო ის ერთადერთი მამაკაცი, რომელიც დაგნის უყვარდა.