ოქროპირი ბაბუაჩემ მაქსიმეს, იმავე ელიზბარის (ოფიციალურ სახელად მაქსიმე ერქვა ბაბუას, თუმცა შინაურ წრეში ელიზბარს ეძახდნენ) ბაბუა იყო. ლირსა ბებია ხშირად გვიყვებოდა შვილიშვილებს ოქროპირის ამბავს. ოქროპირის დროს ის მიდამოები, სადაც სოფელი დიდი ჯიხაიში მდებარეობს, უსიერი და გაუვალი ტყით ყოფილა დაფარული. ერთხელ ოქროპირი ტყეში შესულა სანადიროდ და შეშის გამოსატანად. ნადირობას - ალბათ კურდღელზე ნადირობდა, თუმცა შეიძლება შველიც იყო იმ ტყეში - ისე გაუტაცია, რომ დროის გასვლა ვერ შეუმჩნევია და ტყეში შემოღამებია. გადაუწყვეტია, ის ღამე ტყეში გაეთია. ცეცხლი დაუნთია და, თავისი მონადირებული კურდღლის თუ შვლის მწვადს რომ წვავდა, კოცონს ჭინკები შემოხვევიან გარშემო. ფერხულს უვლიდნენ და თან მღეროდნენ, ოქროპირი მწვადს წვავს, თვითონაც შეჭამს და ჩვენც გვიწილადებსო. ისე ხატოვნად და ემოციურად გვიყვებოდა ლირსა ბებია ჭინკების ამბავს, რომ მე და დალი შიშით ერთმანეთს ვეკვროდით, ხოლო რადგან ძირითადად საღამოობით გვიყვებოდა, მისი მოსმენის შემდეგ ბნელ ოთახში შესვლის გვეშინოდა.
ჩემმა ქართლელმა დიდედამ, კეკემაც მომიყვა, როგორ აედევნა მის მამამთილს ლიახვის ჭალებში ალი - ღამით ცხენით მიუყვებოდა თურმე ჩემი დიდი პაპა ანდრია ლიახვის ნაპირს, როცა უგრძვნია, რომ ცხენს უკან ვიღაც მიჰყვებოდა. მგონი, ცხენზეც შემოუჯდა ვიღაც უკან. დილას კი უნახავს, რომ ცხენს კუდი დაწნული ჰქონდა - თურმე ალი მიჰპარვია და მას დაუწნავს კუდი ცხენისთვის! იმ მაცდურ არსებას, რომელსაც დასავლეთ საქართველოში ჭინკას ეძახდნენ, აღმოსავლეთ საქართველოში ალი ერქვა. ხოლო ვინც ჭიაკოკონას გადაახტებოდა, იმას ალი და ჭინკა ვერაფერს დააკლებდნენ.
ბაბუაჩემის სახლის წინ, ეზოში ერთი დიდი ხურმის ხე იდგა, დიდი კი არა, უზარმაზარი. შუა ეზოში იდგა და გასული საუკუნის 50-იანი წლებისთვის სამასი წლის მაინც იქნებოდა. ბაბუაჩემის ბაბუა, ოქროპირი, თავისი კუთვნილი ტყე რომ გაუკაფავს სახლის ასაშენებლად, ისე მოხიბლულა ამ ხით, რომ არ მოუჭრევინებია. როგორც ჩანს, უკვე ოქროპირის დროსაც დიდი და ლამაზი ხე იყო. ბაბუას სახლს ამ ხურმის ხით სცნობდნენ - სოფელში ვინმე რომ ჩამოვიდოდა და ბაბუაჩემის სახლის გზას იკითხავდა, ასე მიასწავლიდნენ ხოლმე: დიდი ხურმა რომ დგას წინ, ის არის ელიზბარ ვაშაკიძის სახლიო. ხუთი-ექვსი ბავშვი ხელს ვერ ვუწვდენდით გარშემო, იმხელა იყო. წვრილ ტყის ხურმას ისხამდა და, ხურმა რომ დამწიფდებოდა, ათასნაირ ფრინველს იზიდავდა. ქარიან ღამეში ისე შრიალებდა და არხევდა ტოტებს, შეშინებული ვეკითხებოდი ბებიას, ხომ არ წაიქცევა-მეთქი. არა, ბებია, ხეს რა წააქცევს, მაგრად დგას, ეგ ფოთლებია, რომ შრიალებსო, მამშვიდებდა.
ტყე, რომელშიც ჩემი ბაბუის ბაბუამ, ოქროპირმა ის ხურმა აღმოაჩინა, მთლიანად არ იყო გაკაფული - ოქროპირის შვილიშვილის, ბართლომეს სახლის უკან ხელუხლებლად იყო შემონახული, უღრანი და დაბურული. ოქროპირის შვილის, ნიკოს სიკვდილის შემდეგ ნიკოს შვილებმა, ბართლომემ და მაქსიმემ მიწა შუაზე გაიყვეს. ბართლომეს ტყე შეხვდა, მაქსიმეს კი - ის ჯადოსნური ხურმა. ხშირად შევსულვარ იმ ტყეში - ისეთი გაუვალი, უსიერი და პირველყოფილი ტყე იყო, რომ ზღაპრის ლამაზ და იდუმალ სამყაროში მეგონა თავი.
დასავლეთ საქართველოს ტყეებში ხარობდა კავკასიური ხურმა, რომელიც ადამიანის მიერ კულტივირებული ერთ-ერთი უძველესი მცენარეა. ძველი ბერძნები მას ღმერთების ხილს უწოდებდნენ. აქედან მომდინარეობს მისი ლათინური სახელწოდებაც, დიოსპიროს ლოტუსი. დიოს ღმერთია, პიროს - ხილი, ნაყოფი, ლოტუსი (ლოტოსი) კი ბერძნული მითოლოგიის ის ჯადოსნური ხეა, რომლის ტკბილი და მაცდური ნაყოფი ათრობს და აბრუებს ყველას, ვინც მას გემოს გაუსინჯავს. მრავალთა აზრით, სწორედ კავკასიური ხურმის, დიოსპიროს ლოტუსის ხილი იგემეს ოდისევსმა და მისმა მეგობრებმა ლოტოფაგების, ლოტოსის მჭამელთა ქვეყანაში, რომელმაც ისე გააბრუა მოგზაურები, რომ ყველაფერი დაავიწყა და შინ დაბრუნების სურვილი დაუკარგა. აი ასეთი მაგიური ხე იდგა ბაბუას ეზოში - ღმერთების ხე, რომელიც ღმერთების ნაყოფს ისხამდა და რომელსაც ჰომეროსი უმღეროდა.