ჩემს უბანში ცხოვრობდა, მაგრამ საკმაოდ შორს, თხუთმეტი-ოცი წუთის სავალზე. გაკვეთილზე ფეხით მოდიოდა და ფანჯრიდან ხშირად დამინახავს მომავალი. ერთხელ ვხედავ, დიდი ძაღლი მოჰყვება. ქუჩის ძაღლს ჰგავს. გიგი გაჩერდება, დაიხრება, მოეფერება ძაღლს, რაღაცას ეტყვის და მერე ისევ ერთად აგრძელებენ გზას. რომ მოვიდა, ვკითხე, შენია ის ძაღლი-მეთქი? არა, სახლიდან რომ გამოვედი, მაშინ ვნახე, თავზე ხელი გადავუსვი და აქამდე მომყვაო. როგორ არ მოჰყვებოდა, ყოველ ხუთ წუთში თუ გაჩერდებოდა და მოეფერებოდა! სხვა რა უნდა ქუჩის ძაღლს, თბილი სიტყვისა და ალერსის გარდა? მერეც ხშირად დამინახავს ძაღლის ესკორტით მომავალი. ერთხელ ორი ძაღლიც კი მოჰყვებოდა.
პიკასოს აქვს ერთი ნახატი - "ბიჭი ძაღლით" - არაამქვეყნიურებს, სულეთის სამყაროდან მოსულ ლანდებს ჰგვანან პიკასოს ამ ნახატზე ბიჭიც და ძაღლიც. ბიჭს ძაღლისთვის თავზე დაუდია ხელი, თავი გვერდზე მიუბრუნებია და სივრცეს გაჰყურებს. სევდიანები ჩანან ბიჭი და ძაღლი მათდამი სრულიად გულგრილ და ცივ მონაცრისფრო-ცისფერ სამყაროში, სადაც მხოლოდ ერთმანეთი ჰყავთ ბიჭს და ძაღლს. ისიც შევამჩნიე, რომ პიკასოს ამ ნახატზე ბიჭს თავზე მტრედისფერი ორეოლი თუ გვირგვინი ადგას. მაშინ, ჩემი მოსწავლე რომ იყო გიგი და ფანჯრიდან რომ ვხედავდი, როგორ ეფერებოდა ქუჩის ძაღლს, ეს ნახატი არ გამხსენებია. ახლა კი, ამ ჩანახატის წერისას თვალწინ დამიდგა პიკასოს "ბიჭი ძაღლით" - სხვა, პარალელური, არამატერიალური სამყაროს ბინადარი ორი მარტოსული.