ფრაგმენტი დღიურიდან: 29 მარტი, 2022 - 29 მარტი ჩემი დედიკოს დაბადების დღეა. ისეთი მაღალი ზნეობის, პატიოსანი, მართალი, კეთილი და ზრდილი ადამიანი იყო დედაჩემი, ისეთი უმწიკვლო ცხოვრებით იცხოვრა, ისეთი ყველასა და ყველაფრის წინაშე პირნათელი და ვალმოხდილი წავიდა, რომ მჯერა, რასაც ვინატრებ დღევანდელ დღეს - ჩემი დედიკოს ამქვეყნად მოსვლის დღეს - ყველაფერი ამიხდება. ისიც ვიცი, რომ რასაც მე ვინატრებ, დედაჩემის ნატვრაც იყო. არა მხოლოდ ნატვრა - მან ყველაფერი გააკეთა, რაც მის ძალ-ღონეს არ აღემატებოდა, რომ მისი სურვილი რეალობად ქცეულიყო.
გაიმარჯვოს უკრაინამ, გაძლიერდეს, აშენდეს და ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო გახდეს. მორალურად ის უკვე არის კიდეც მთელ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, ღირსეული, ამაყი, თავმოყვარე და ქედუხრელი ერი.
დამარცხდეს რუსეთი, თან ისე დამარცხდეს, რომ წელში ვეღარ გასწორდეს, დაიმცროს, დაკნინდეს და, მაქსიმუმი, ნოვგოროდამდე დავიდეს, რომ მახინჯმა ორთავიანმა არწივმა ვეღარასოდეს წამოყოს თავი.
საქართველოს დაუბრუნდეს მისი ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და სამაჩაბლო, დედაჩემის მამის, ანდრიას მშობლიური სამაჩაბლო.
მე მოვესწრო სამაჩაბლოს დაბრუნებას, წავიდე იქ, ავიდე ზღუდერის ეკლესიაში, მივიდე დედაჩემის პაპის, ესტატეს და მისი პატარა შვილის, ნინოს საფლავებზე და ვუთხრა, რომ ისინი ისევ საქართველოში არიან, რომ ქართლის გული, სამაჩაბლო, საქართველოს დაუბრუნდა.
საქართველოს ჰყავდეს კეთილი და უღალატო მეგობრები - ჩრდილო-დასავლეთით, უკრაინა, კიდევ უფრო ჩრდილო-დასავლეთით, ბალტიის სახელმწიფოები, დასავლეთით, პოლონეთი, რომლებიც, ძლიერები და სამართლიანები, ერთმანეთის ბუნებრივი მოკავშირეები იქნებიან და ერთმანეთს გააძლიერებენ. მათი საერთო მტერი, ველური და ბარბაროსი რუსეთი კი, ხერხემალში გადამტვრეული საპყარი, ვეღარასოდეს ვეღარავის დაემუქროს ყრმათა ჟლეტითა და მიწების წართმევით.