გაზაფხულის სუნი მიდის დროთა ხარი,
განუჭრია მიწა მთვარის,
ცას აქვს მოლოდინის თვალი,
ქალწულებრი წყნარი,
არს ბუნიობის წამი,
დღე განიწონება ღამით,
არანაირი შფოთი, არანაირი ქარი,
მხოლოდ მოლოდინი,
მხოლოდ მოლოდინი წყნარი
რაღაც უხილავის.
არს თესლად დაყოვნება სულის,
თანაც ზღვარს გადასული,
გადაუბრუნებიათ მთვარის ბელტი...
ჩანს წყლული ჩასათესი,
მაგრამ სად არს სული,
ტალახს ანაზელი?
სულს აქვს თესლი, თვალებაღუხელი.
მთვარეს კი გადაბრუნებული ბელტი,
მაგრამ ვინ არს დამთესი?
მთვარე ახალი - სასწორი ჟამის,
სულს ყიდის წონით,
ელის ვაჭარს,
უდაბური ხორშაკებით მავალს
და არ აქვს განცდა
ქალწულებრი წყნარი,
აქვს ვნება,
ვნება, განაზომი ოცდაათ ვერცხლად.
მიაქვს ზლაზვნას აქლემთა
აღმოსავლეთისკენ
სულის ჩემის დაყოვნება თესლად,
განუჭრელი სავსე მთვარე,
როგორც ტბორი რამე,
დაალევინეთ დროთა ხარებს,
მძიმედ მიატანენ უღელს,
მოლოდინისას უძღებს,
მიწას აჩენენ წყლულებს, ჩასათესს.
მომლოდინე ღამეს დაასვეს
ბეჭდად განუტეხელი მთვარე,
მაგრამ დათხარეს და დაიპარეს,
ახლა კი ვეძებთ მპარავს,
აღუყვავებელი სულით მავალს,
ჩანს მთვარეზე მთხრებლი აღუვსები,
ბრმები მასწავლიან ბრმას გზას,
გარდვიჩეხები მთვარის ზღვარს,
თან წავიღებ მოლოდინს,
ქალწულებრს და წყნარს
და ბუნიობის წამს
გავახანგრძლივებ მარადისობად მწამს.
ჟამთა ხარებს
განუჭრიათ მიწა მთვარის
და მარადიული მოლოდება სულის
დადის ვით გაზაფხულის სუნი.