შესაქმის თავი ........და როცა მთვარიან ღამით
სული თითის წვერებზე შედგება,
რომ მიწვდეს უხილავ სიღრმეს
და ისწავლოს მარადისობასთან შეხება.
ვერ ხვდები, რას ელოდი უწინ,
და თუკი ეს ლოდინი გრძელდება,
მოდიხარ, დატოვე სახლი,
გზაზე ბილიკი ფერდდება;
მუდამ ტკივილის განცდით
ეს მოლოდინიც ბერდება.
უკან დაბრუნების ტრფობით
უბელი რაშების დევნება,
ყველაზე გათელილი ბილიკით,
ყველაზე მიუწვდომელი გეხება,
წინ მიერეკება წუხილს
განთიადის ნამიანი შეგრძნება.
და როცა მთვარიან ღამით
სული თითისწვერებზე შედგება;
უნდა გაიხედოს იქით,
სადაც აუკრძალეს შეხება.
როგორც დამფრთხალი ჩიტი,
ყველაფერს უგზო-უკვლოდ ედება.
ვიყავი, გგონია, ვიცი?
ვიქნები? არ მექნება შეგრძნება,
ბალახი აავსებს მიწას,
რომელიც ერთხელაც
უხმოდ შემხვდება;
დუმილი იდგება სახლშიც,
რომელშიც მინდოდა შეხედვა,
...........და როცა მთვარიან ღამით
სული თითისწვერებზე შედგება,
ვიცი, ყოველი დღის ანი “
უფალთან „ ჰოესავით შემხვდება,
და თუ მე დავივიწყე თავი,
არც რამ დაიდო მტვერად
ჩემი უგვანი ფეთება;
გაქრა -გაიქროლა ყოფამ,
როგორც სარკეში მედუზის შეხედვამ,
შენ დაიმახსოვრე, ვიცი,
ჩემი ყოველი კვნესება;
ყოველი ჩემი ჩქამი
ტაძრად ექოსავით ჩერდება,
ნუთუ მე ვიყავი მაშინ,
მამა რომ მიპირებდა შეხვედრას
-ზვარაკს მირჩევდა ნასუქს,
და სამოსელს პირველს ეძებდა.
..........და როცა მთვარიან ღამით
სული თითისწვერებზე შედგება,
მე ვიქნები პატარა ბავშვი
მეპატიება მარადისობასთან შეხება;
მოდი, ამიყვანე ხელში,
მექნება მოლოდინის შეგრძნება,
ეწერა შესაქმის თავში,
რომ ვარსკვლავებით გვეძებნა,
ჩვილი გახვეული მჩვარში
და სულთათთანა შეხვედრა!
10.12.2004