წვიმები, რომლებზეც ვფიქრობ მე გავგიჟდები ალბათ ამაღამ!
ქარები ისევ ატეხენ ხორხოცს
და უსასრულო ვარსკვლავთ ფორიაქს
დავეწაფები, რომ შევეხორცო.
*
მიესაწყისე
ჩემს ვითომყოფას,
ჩემს ვითომ ქროლვებს
მისდევდი თითქოს.,
თუმც უსაწყისო სიყვარულს მერე
გამოვუჭიმეთ მიზანი ჭიგოდ.
სულ არაფერი დარჩა ნამდვილი
- წვიმები, მხოლოდ რომლებზეც ვფიქრობ
*
და დასასრულმა შეხსნა ჭიშკარი
ერთი ხელის კვრით,
იღონდ ჭრიალით
და ეს თვალები
ვარსკვლავთა ნაცვლად
ცრემლებს ბადებენ
ყოველღამ ახლა.
მზეს თვალი ვკიდე მე ქვეყნის კიდეს,
ოღონდ ბასრია, როგორც სიცივე
და დავივიწყე
და ავირიდე,
როგორც მომწყდარი ლეღვის სიმწიფე.
წვიმებს მზეები დააქვთ
ნაბადით
და არ თავდება ეს ლაპარკი!
*
წვიმის წვეთები ფანჯრის რაფაზე
ძველ მდნარ სანთელთან გროვდება მორგვად.
ო, როგორ გითხრა სიტყვებით ახლა
ის, რაც ნოტებში მუსიკამ მთხოვა?!
*
ფანჯრიდან ძვრება
მცოცავი წვიმა, იქ სადაც
გდია ბავშვობის წინდა.
არ შემიძლება, რომ არ გავიქცე,
სანამ ეზოში ჯერ არ დაბინდდა!
იქ გუბე არის მიწის ნაპრალში,
ვით ბაგის ბოლოს
ნაჭყლეტი ლოყა -
წვიმები იყო წვიმების ბოლოს.
ეს საუბარი წერტილს ითხოვდა!
*
ჭადრების ფართო
ფოთლებს აფენენ,
ასე უდროოდ მდნარი წვეთები,
ბოლოს სულ ყველა დაჩუტავს აფრას
და სველ მიწაში წვება გულაღმა.
გავიდა ჟამი ისე უეცრად,
როგორც პეშვიდან კამკამა წყალი.
სულ ერთი ყლუპი ყოფილა თურმე
და როგორ გინდა დაიხრჩო თავი?!
*
მე გავოცდები
რომ გავიზარდე,
რომ არ მახარებს სველი ბოტები,
მხოლოდ წვეთებით ასხმულ ფანჯრებზე
დღეის მუსიკა ისმის ნოტებით.
*
და მიდევნებით,
წვეთნი თამაშით
გზებს ახლართავენ ფანჯრის რაფაზე
და ეს ნაფაზი-
ბოლო ნაფაზი
სიტყვას წაგართმევს,
რომ თქვა - ნახვამდის!
სველდება ცივი წვიმით სამყარო,
რომ აიბურდოს, რომ აიბლანდოს
და წვიმით ნაქსოვ ბადეში
ახლა
სველი თევზივით სხმარტალებს
“ნატვრა“
*
ეს მიძონძილი
დღეები ზამთრის
მისდევენ ერთურთს,
უაზრო ტანჯვით,
რომ დაეკიდონ
კვლავ მთვარის საკიდს,
გადაცვეთილი ნაწყვეტი ბაწრით.
ნაუცფათევად შეჭედეს კარი
იმ სახლის, სადაც
სამოსელს იძრობ
და ყველაფერზე მეტია ფიქრი-
სულ არაფერი რომ აღარ გიხმობს.
რჩება სამყარო წვიმებით შორი,
ვით ჩანასახი იმედის სწორი!
*
მე შევიშლები ალბათ ამაღამ,
ქარები ისევ ატეხენ ხორხოცს.
სულ არაფერი მაოცებს ახლა
-წვიმები მარტო
წვიმების ბოლოს
20.09.2020