თავი 1
თომასს ნელ-ნელა ჭკუიდან შლიდა სუნი. არც სამკვირიანი მარტოობა, არც თეთრი კედლები, ჭერი ან იატაკი, არც უფანჯრობა და არც ის, რომ ოთახში შუქს არ აქრობდნენ, არამედ სუნი. საათიც წაართვეს; დღეში სამჯერ ზუსტად ერთსა და იმავე კერძებს აჭმევდნენ: ლორის ნაჭერი, კარტოფილის პიურე, ცოცხალი სტაფილო, პურის ნატეხი და წყალი. არც არავინ ელაპარაკებოდა და არც ოთახში უშვებდნენ ვინმეს. არც წიგნები, არც ფილმები და არც ვიდეოთამაშები.
სამკვირიანი იზოლაცია - რასაკვირველია, თუ ინტუიციით დრო სწორად გამოთვალა. ჭამის დროის დახმარებით ცდილობდა, გამოეცნო, როდის ღამდებოდა და მაშინ იძინებდა, თუმცა, ეჩვენებოდა, რომ საჭმელი სხვადასხვა დროს მოჰქონდათ. ბიჭს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავგზას განგებ უბნევდნენ.
მარტოობა. რბილკედლებიან უფერო ოთახში თომასი სრულიად მარტო იყო. ოთახის ერთ-ერთ კუთხეში პატარა, უჟანგავი ფოლადის უნიტაზი იყო მიმალული და ძველისძველი ხის საწერი მაგიდა იდგა. თომასი ამ მაგიდას არც ეკარებოდა. აუტანელ სიჩუმეში, როცა დროს არსად ეჩქარება, მოზარდი ფიქრობდა საკუთარ სხეულში ღრმად ფესვგადგმულ დაავადებაზე - ელვარების ვირუსზე, რომელიც ნელ-ნელა გეპარება და ადამიანის სახეს გიკარგავს.
მაგრამ საკუთარი დაუბანელი სხეულის მყრალ სუნზე მეტად არაფერი აგიჟებდა. ბიჭს ნერვები სიმებივით ჰქონდა დაჭიმული და ლამის ჭკუიდან შეშლილიყო.
არც შხაპის და არც აბაზანის მიღების უფლება არ მისცეს. ოთახში არც ახალი ტანსაცმელი დახვედრია და არც ჰიგიენური საშუალებები, რომ თავის მოვლა შესძლებოდა. პატარა ტილოც ეყოფოდა, სასმელი წყლით დაასველებდა და სახეს მაინც გაიწმენდდა... ისევ ძველი ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა. ოთახში საწოლიც კი არ ჰქონდა. ხშირად ზეზეულად თვლემდა, ხანდახან კი ოთახის კუთხეში მოკუნტული და სიცივისგან აცახცახებული ხელებს იღლიებქვეშ ითბობდა.
თომასი ვერ ხვდებოდა, ასე რატომ აშინებდა საკუთარი დაუბანელი სხეულის მყრალი სუნი. იქნებ, ეს იყო პირველი სიმპტომი იმისა, რომ უკვე გაგიჟდა. სიბინძურე ბიჭის გონებაზე მოქმედებდა და თომასს თავში ათასი შემაძრწუნებელი აზრი მოსდიოდა - თითქოს ლპებოდა, ნელ-ნელა იხრწნებოდა,… თითქოს შინაგანი ორგანოები უმძაღდებოდა.
რაც უნდა სისულელე ყოფილიყო, თომასს სწორედ ეს ადარდებდა. საბედნიეროდ, არც შიოდა და არც სწყუროდა; კარგად ისვენებდა და ამ ერთ ციცქნა ოთახში, როგორც შეეძლო, ვარჯიშობდა კიდეც. ხანდახან ერთ ადგილზე საათობით ხტოდა. თომასს გონება ჰკარნახობდა, რომ დაუბანლობას მის გულსა და ფილტვებთან საერთო არაფერი ჰქონდა, თუმცაღა, საკუთარი თავი დააჯერა, რომ მის სხეულში სიკვდილი ჩასახლებულიყო და მალე მთლიანად დაეპატრონებოდა.
ამ შავბნელმა ფიქრებმა დააეჭვა - იქნებ, ტერეზა მართალი იყო, ბოლო საუბრისას რომ უმტკიცებდა, თითქოს ელვარებას აგრესიულ თომასში ფესვები ღრმად გაედგა და მისი შველა შეუძლებელი იყო; რომ ის ჭკუიდან მანამდე შეიშალა, სანამ ამ საშინელ ოთახში გამოამწყვდევდნენ. თომასი ბრენდამაც კი გააფრთხილა, რომ მალე ყველაფერი უარესად იქნებოდა. იქნებ, ორივე მართალი იყო.
მეგობრებზე ფიქრიც არ აძლევდა მოსვენებას. რა დაემართათ? სად იყვნენ ახლა? რას უშვრებოდა ელვარება მათ გონებას? ამდენი გადაიტანეს და ნუთუ ყველაფერი ასე უნდა დამთავრებულიყო?
თომასს სიბრაზისგან გული ყინვაში დარჩენილ მშიერ ვირთხასავით აუკანკალდა. სიბრაზე დღითი დღე ემატებოდა. ერთი-ორჯერ შეამჩნია, რომ თავს ვეღარ ერეოდა და სიბრაზე თანდათან მრისხანებად ექცეოდა. ძალა მოიკრიბა და გრძნობები მოთოკა, თუმცა - დროებით. სიბრაზის საბოლოოდ განდევნა არც უცდია - იცოდა, რომ საჭირო დროსა და ადგილას მისი გამოვლენა აუცილებელი იქნებოდა. მათი უბედურების თავიდათავი უკეთური იყო. მას და მის მეგობრებს ცხოვრება სწორედ უკეთურმა აურია. ისინი მათ თავიანთი გაურკვეველი მიზნებისთვის იყენებდნენ და შედეგებზე სულაც არ დარდობდნენ.
მაგრამ ისინი ამისათვის პასუხს აგებდნენ. თომასი ამას დღეში ათასჯერ მაინც ჰპირდებოდა საკუთარ თავს.
მისი აზრით, თეთრ ოთახში პატიმრობის ოცდამეორე დილა იყო. კედელს მიყრდნობილი იჯდა და კარს უცქერდა, რომლის წინაც ხის უბადრუკი საწერი მაგიდა იდგა. ყოველდღე ასე იქცეოდა: საუზმისა და ვარჯიშის შემდეგ დაჯდებოდა და კარს იმ იმედით მიაშტერდებოდა, რომ გაიღებოდა, თანაც ისე ღრიჭოდ კი არა, როგორც საჭმლის შემოცურებისას აღებდნენ, არამედ - ფართოდ.
თომასმა თვითონაც უამრავჯერ სცადა კარის გაღება. საწერი მაგიდის ცარიელ უჯრებს კედრისა და ობის სუნი ასდიოდა. ყოველ დილით თომასი მაგიდის უჯრებს იმ იმედით ამოწმებდა, რომ სანამ ეძინა, ჯადოსნური ძალით მათში რაღაც გაჩნდებოდა. როდესაც საქმე უკეთურთან გაქვს, გამორიცხული არაფერია.
ჰოდა, თომასიც იჯდა და კარს მიშტერებული ელოდა. თეთრი კედლები. მდუმარება. საკუთარი სხეულის სუნი. მეგობრებზე ფიქრი -… მინჰო, ნიუტი, კარდალი და სხვა კორდელები. ბრენდა და ხორხე, რომლებიც გიგანტური აისბერგიდან სადღაც გაუჩინარდნენ; ჰარიეტი, სონია, სხვა B-ჯგუფელი გოგონები და ერისი. გაახსენდა, თეთრ ოთახში