თავი 1
ახალი ცხოვრება მან წყვდიადში, სიცივესა და სპორებით გაჯერებულ მტვრიან ჰაერში ფეხზე წამოდგომით დაიწყო.
გაისმა ლითონის ღრჭიალი; მის ფეხქვეშ იატაკი იძრა, უეცრად ზურგზე დაეცა, თუმცა ხელ-ფეხი მოიშველია და გვერდზე გადაკოტრიალდა. ცივი ჰაერის მიუხედავად, შუბლი ოფლით დაეცვარა. ზურგით ლითონის კედელს დაეჯახა; ჩასრიალდა და პატარა ოთახის ერთ-ერთ კუთხეში ძირს დაჯდა. ფეხები მოკეცა და მკერდზე მიიბჯინა. იმედოვნებდა, რომ უკუნეთ სიბნელეს შეეჩვეოდა.
მორიგი ბიძგი. ძველისძველ მაღაროში გისოსებიანი ლიფტის კაბინამ მაღლა აიწია.
თითქოს ძველ ფოლადის გადამამუშავებელ ქარხანაში ჩარხები ამუშავდაო, ჯაჭვებისა და ბორბლების ყრუ ხმაურს კაბინის კედლებმა ექოთი უპასუხა. მაღლა ასვლისას მძიმე კაბინა აქეთ-იქით ირხეოდა, რის გამოც ბიჭს, ლამის, გული აერია, დამწვარი ზეთის მყრალმა სუნმა მისი მდგომარეობა უფრო მეტად დაამძიმა. ტირილი მოუნდა, თუმცა თვალიდან ერთი ცრემლიც კი არ გადმოვარდნია; სიმარტოვეში ჯდომისა და ლოდინის გარდა, არაფერი დარჩენოდა.
„მე თომასი მქვია.“ - გაიფიქრა.
ეს ერთადერთი რამ იყო, რაც მას თავისი ცხოვრებიდან ახსოვდა. ეს კი დაუჯერებელი იყო. გონება შესანიშნავად უმუშავებდა. ბიჭი ცდილობდა, გაეგო, თუ სად მოხვდა და რამდენად რთული იყო მისი მდგომარეობა. იმის შესახებ, თუ როგორ იყო მოწყობილი ეს სამყარო, თომასს გონებაში არაერთი მოსაზრება, ფაქტი, ხატება, მოგონება თუ სხვა წვრილმანი ამოუტივტივდა. წარმოიდგინა დათოვლილი ხეები, მთვარის მკრთალი შუქით განათებული მწვანედ აჯეჯილებული მდელოები, ხალხით გადავსებული ქალაქის მთავარი მოედანი, იქ ყველა თავის გზაზე მიიჩქაროდა, ტბაში ბანაობა, ფოთლებით დაფარულ გზაზე სირბილი და ჰამბურგერის გემო.
და მაინც, მან არ იცოდა, ვინ იყო, ან აქ, ამ ბნელ ლიფტში როგორ მოხვდა. ბიჭს წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყვნენ მისი მშობლები. საკუთარი გვარიც კი არ იცოდა. მოულოდნელად მის გონებაში ვიღაცების სახეებმა გაიელვა, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ იცნო. სახეები ნელ-ნელა გაქრა და ფერად ლაქებად იქცა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, მას ცხოვრებაში ერთი ნაცნობიც კი არ ჰყოლია, ხოლო ვინმესთან საუბრის გახსენებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
კაბინა მაღლა სვლას რხევით განაგრძობდა. თომასს ჯაჭვების ღრჭიალი უკვე აღარ აღიზიანებდა. დრო ნელა გადიოდა. წუთები საათებად იწელებოდა, თუმცა, აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, ყოველი წამი საუკუნედ ეჩვენებოდა. არა, ის ხომ ვიღაც სულელი არ იყო - საკუთარ ინსტინქტებზე დაყრდნობით, თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ კაბინა მაღლა დაახლოებით ნახევარი საათი ადიოდა.
თომასმა თავი უცნაურად იგრძნო - შიში, თითქოს, სადღაც გამქრალიყო, აი, ზუსტად ისე, ქარის ამოვარდნისას კოღოთა გუნდი რომ უჩინარდება ხოლმე, ხოლო მისი ადგილი ცნობისმოყვარეობას დაეკავებინა. უნდოდა გაეგო, თუ სად იყო და რა ხდებოდა.
მოულოდნელად კაბინა ხმაურიანად გაჩერდა; ლიფტის უეცარმა გაჩერებამ თომასი ინერციით წინ გადააგდო. ფეხზე წამომდგარმა იგრძნო, რომ ლიფტი მაღლა ნელ-ნელა ადიოდა, ბოლოს კი საერთოდ გაჩერდა. ირგვლივ ყველაფერი დადუმდა.
გავიდა წუთი... ორი... ბიჭმა ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ წყვდიადში ვერაფერი გაარჩია; კედლები ხელით მოსინჯა და გასასვლელს დაუწყო ძებნა, თუმცა, ამაოდ - მის ირგვლივ, ცივი ლითონის გარდა, არაფერი იყო. იმედგაცრუებულმა თომასმა ამოიკვნესა; მომაკვდავის კვნესასავით გაისმა კაბინაში მისი ექო. კვლავ მდუმარებამ დაისადგურა. ბიჭმა ყვირილი მორთო, შველას ითხოვდა, ბოლოს ლითონის კედლებს მუშტებიც კი დაუშინა, თუმცა უშედეგოდ.
თომასი კვლავ კუთხეში დაბრუნდა, ხელები გულზე დაიკრიფა და ააცახცახა. ისევ შიშმა შეიპყრო. გული ისე ჩქარა უცემდა, რომ, ლამის, საგულედან ამოვარდნოდა.
- ვინმე… დამეხმარეთ! - ყვიროდა. ყოველი სიტყვის წარმოთქმისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყელი ეფხაჭნებოდა.
მაღლიდან რაღაც ხმა შემოესმა. სუნთქვაშეკრულმა მაღლა აიხედა. ჭერი შუქის სწორმა ხაზმა გაჭრა, რომელიც თანდათან გაფართოვდა. გაისმა რკინის ღრჭიალი და კარი ორად გაიღო. სიბნელეში ამდენი ხანი ყოფნის შემდეგ შუქმა თომასს თვალი მოსჭრა; მან გვერდზე გაიხედა და სახეზე ხელები აიფარა. გაისმა ხმები. … უეცრად ბიჭს შიშისაგან სუნთქვა შეეკრა.
- ერთი ამას შეხედე, შენქ!
- რამდენი წლის იქნება?
- აბა, მე რა ვიცი, მაისურიან დღლუმპს კი ჰგავს.
- დღლუმპი თავად ხარ, მურტალსიფათიანო!
- ძმაო, მაგრად ყარხარ, შენი ფეხის სუნი აქ მცემს!
- იმედია, ერთი მიმართულებით მოგზაურობა მოგეწონა, არიფო.
- უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ იშოვება, ძმაო!
თომასი იმდენად დაიბნა, რომ პანიკაში ჩავარდნამდე ცოტა აკლდა. ხმები და შემდეგ კაბინაში მათი ექო უცნაურად ჟღერდა. ზოგი სიტყვა მისთვის სრულიად უცხო იყო, ზოგი კი - ნაცნობი. თომასმა თავი მაღლა, შუქისა და ხმებისაკენ ასწია. თავიდან ის მხოლოდ მოძრავ სილუეტებს ხედავდა, მაგრამ ნელ-ნელა მათ ფორმა მიეცათ - ჭერიდან მას ხალხი დაჰყურებდა.